კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში

შორენა ლათათია, humanrightshouse.org 

საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი ნოვაციაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2012 წლის 1 ივლისამდე მხოლოდ თბილისის მაშტაბით იმოქმედებს და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეებზე გავრცელდება. ორი წლის შემდეგ კი, მთელი საქართველოს მაშტაბით ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არც ერთი საქმე არ განუხილავს. მის იურისდიქციაში არსებულ საქმეებს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ იმ შემთხევაში განიხილავს, თუკი  ბრალდებისა და დაცვის მხარე უარს არ განაცხადებს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს, როცა საქართველომ მსგავსი ცვლილება შეიტანა ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში, სტრასბურგის სასამართლომ 2010 წლის 16 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ბათილად სცნო საქმეში Taxquet v. Belgium , ქვეყანა ევროსასამართლოს მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევაში დაადანაშაულა და ბელგიის მთავრობას აპლიკანტისთვის 8,173.22 ევროს გადახდა დააკისრა.

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ადამიანის უფლებების დაცვაა, რაც თავის მხრივ, ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის გარეშე წარმოუდგენელია. ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შემადგენლობით განიხილავენ მათ ქვემდებარე საქმეებს ამა თუ იმ რგოლის სასამართლოები. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რითაც კონსტიტუციის 82-ე მუხლს მე-5 პუნქტი დაემატა  („საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიც მსაჯულთა მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით“), ხელისუფლებამ ნათლად გამოხატა ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის პოლიტიკური ნება. ბუნებრივია, აღნიშნული დებულება ვერ განსაზღვრავდა მსაჯულთა სტატუსს, მათ ქცევისს წესს და უფლება-მოვალეობებს. ამიტომაც მოგვიანებით - 2010 წლის 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა სრულიად ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს  ნოვაციასაც აღნიშნული ინსტიტუტის შემოღება წარმოადგენს. 

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიულ ღირებულებებთან აიგივებდნენ. ამიტომაც ევროპულ რევოლუციებს ლაიტმოტივად გასდევს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. უდავოა, რომ ინსტიტუტს აქვს საკმაოდ მდიდარი ტრადიციები და თავის დროზე სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის, მართლმსაჯულების განხორციელებაში მასების ჩართვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით დიდი როლი შეასრულა.

თუმცა, დღეისათვის, როცა მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ნაფიც მსაჯულთა პოპულარობა საგრძნობლად დაეცა და, შესაბამისად, იკლო მათი მონაწილეობით განხილულ საქმეთა რაოდენობამაც, ისმის კითხვა: რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯყულთა ინსტიტუტის ფუნქციონირება თანამედროვე, 21-ე საუკუნის მსოფლიოში. ეს კითხვა დღეს  განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში.
  
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის იდეის ავტორები, ბუნებრივია, კმაყოფილი არიან თავიანთი პირმშოთი, ოპონენტები კი მას მკვდრადშობას უწინასწარმეტყველებენ. ოპონენტების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას მეგობარი და ნაცნობია. ამიტომ ძალიან გაჭირდება 12 ობიექტური მსაჯულის შერჩევა. შემდეგი არგუმენტი ისაა, რომ ეს სისტემა შეიძლება იყოს ხარჯიანი და ამ ხარჯებს შეიძლება ვერ გასწვდეს სახელმწიფო და ა.შ. ამის საპირისპიროდ ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ხარჯებთან დაკავშირებით პრობლემა არ დადგება, რადგან ბიუჯეტს უკვე შეუძლია, საკმაოდ კარგად დააფინანსოს ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა; ასევე, მოგვარებადია ნაცნობ-მეგობრობის პრობლემაც.

„ჯერ ერთი, საქართველოში საკმაოდ ბევრი მოქალაქისათვის მთავარი არის ღირსება, ობიექტურობა და არა, ვთქვათ, ნაცნობ-მეგობრობა და მეორე - ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას იმით, რომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევის დროს ძალიან დეტალურად იქნეს გამოკითხული, რაიმე კავშირი ხომ არა აქვს ბრალდებულთან, ან სახელმწიფო ორგანოსთან და ა.შ.“ - განაცხადა თავის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა.

„მე როგორც იურისტი და პოლიტიკოსი, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების მომხრე არა ვარ. მიმაჩნია, რომ გაუმართლებელი და სარისკოა 21-ე საუკუნეში იმ ინსტიტუტის შემოღება, რომელმაც მის დამფუძნებელ ქვეყნებშიც კი აზრი დაკარგა. სტატისტიკურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დავათა მხოლოდ 4% იხილავს და ეს ითვლება მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე მაღალ მაჩვენებლად. როგორც პოლიტიკოსს მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის შემოღებით ხელისუფლებას სურს, უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ხალხს დააკისროს. თუ აქამდე სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები ხელისუფლებას ბრალდებოდა, ახლა უკვე ხალხს დაბრალდება“, - განაცხადა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის წევრმა, იურისტმა თინა ხიდაშელმა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო  12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან შეგდება. მათი არჩევა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, ამომრჩეველთა ერთაინი სიიდან მოხდება. ახალი კოდექსის მიხედვით, აუცილებელია, რომ ნაფიცი მსაჯული სისხლის სამართლის პროცესის ანუ სახელმწიფო ენას ფლობდეს და ცხოვრობდეს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი. ამასთან, ავტომატურად მოხდება იმ პირთა ჩამოცილება, რომლებიც შეზღუდული ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებს ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პირი ვერ მიიღებს ნაფიც მსაჯულად სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუკი ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, გამომძიებელია, პოლიციელია, ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირია, აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა, ბრალდებულია, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი; აღნიშნულ საქმეში პირის მონაწილეობა მის მიერ გამოხატული მოსაზრებებისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე აშკარად უსამართლო იქნებოდა; ფსიქოლოგია, იურისტია ან/და არსებობს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აცილების სხვა საფუძველი.

რაც შეეხება სოციალურ გარანტიებს, როგორც ნაფიც მსაჯულს, ასევე მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს, დროულად მიიღოს სახელმწიფოსაგან ყველა იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთანაა დაკავშირებული. საჯარო მოსამსახურეს და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, თუმცა აღნიშნული არ ეხება კერძო სექტორში დასაქმებულ მუშაკებს. ამასთან, კანონში ხაზგასმით წერია, რომ სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიც მსაჯულთა კანონიერი ინტერესი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს პირი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან. 

გარდა ზემოთ ხსენებული შეუთავსებლობისა, რის გამოც სისხლის სამართლის პროცესში პირი ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას ვერ მიიღებს, მხარეებს საკუთარი ინიციატივითა და სასამართლოს თანხმობით, შეუძლიათ  კონკრეტული მსაჯულის აცილება მოახდინონ. თვითაცილების უფლება აქვს ასევე თავად მსაჯულს თუ: ა) უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;  ბ) ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; დ) ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;  ე) 70 წელს გადაცილებულია.

მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას იწვევს.

„ნაფიც მსაჯულობა ვალდებულებაა, მაგრამ ეს არის ძალიან საპატიო ვალდებულება” – განაცხადა აღნიშნული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრეზენტაციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ- კოტე კუბლაშვილმა.

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც პირსმსაჯულად ყოფნა მოუწევს, არის უმძიმესი დანაშაულის სახე – განზრახ მკვლელობა. მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული სასამართლოს განაჩენიც. თუ გავყვებით იმ მოსაზრებას, რომ 18 წელს მიღწეული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, არის საშუალო განათლების, ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე პირი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი პირებისაგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლებრივად დასაბუთებელი. კერძოდ, საკითავია, რამდენად შეაფასებენ ისინი მტკიცებულებებს. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც უნდა მიენიჭოს დიდი მნიშვნელობა, არის ის, რომ დაცული იყოს მსაჯულთა უსაფრთხოება და მათზე ზეწოლის განხორციელება. ჩემი აზრით, დღეს სახელმწიფოში არ არსებობს მათი დაცვის მექანიზმი“.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტ მანანა კობახიძეს, პრაქტიკის არარსებობის გამო, ჯერ-ჯერობით უჭირს ინსტიტუტის დადებითად ან უარყოფითად შეფასება, თუმცა მიაჩნია, რომ მას უდავოდ ახლავს მთელი რიგი რისკები და შესაძლებელია, ამან ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს: „ზოგადად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საერთო სამართლის ოჯახის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენ კი - კონტინენტური სამართლის ქვეყანას მივეკუთნებით. ჩემი აზრით, საქართველოში ეს ინსტიტუტი ხელოვნურად გადმოიტანეს, რათა, როგორც ინიციატორები ამბობენ, სასამართლო უფრო მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო. ამით რაღაცნაირად სასამართლოს სურს, თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოებას გადააბაროს, რათა უკანონო გადაწყვეტილებები ხალხს დაბრალდეს. მეორეს მხრივ, დღეს მოსამართლეები პროკურატურის განუსაზღვრელ ზეწოლას განიცდიან და შეიძლება იფიქრო, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო?!“

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციებია თავად საზოგადოებაშიც. ნაწილი ახალ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს და მიაჩნია, რომ ნებისმიერი დავა კომპეტენტური მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს, ნაწილი კი  მიესალმება მართლმსაჯულების განხორციელებაში  საზოგადოების უშუალო ჩართულობას და აღნიშნულს ობიექტური და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად მიიჩნევს.

სოფო გეწაძე, 22 წლის: „საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ შესაბამისი იურიდიული განათლების მქონე ერთი მოსამართლე უკეთ განიხილავს სისხლის სამართლის ნებისმიერ საქმეს, ვიდრე არაკვალიფიციური 12 მსაჯული“.
 
ნინო ფერაძე, 28 წლის: „მივესალმები საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას და მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას იურისტის კვალიფიკაცია არ სჭირდება“.

საკამათო იყო ასევე თემა, თუ რატომ ამოქმედდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომლის ვერდიქტიც შესაძლებელია, ეწინააღმდეგებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს.

„ნაფიც მსაჯულებს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოაქვთ ვერდიქტი, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლოს უფლებით) არის მოთხოვნილი. პრაკტიკულად, ნაფიცი მსაჯულები იურიდიული დასაბუთებისაგან გათავისუფლებულნი არიან და ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, სახეზე გვექნება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების დარღვევა“, - ამბობს მანანა კობახიძე.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახლახანს გამოიტანა გადაწყვეტილება Taxquet v. Belgium  საქმეში. ამ საქმეში მოსარჩელე აცხადებდა, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა რადგან ასიზის სასამართლომ ბრალდება დააფუძნა გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც არ შეიცავდა დასაბუთებას და მისი გასაჩივრება შეუძლებელი იყო სრული იურისდიქციის მქონე ორგანოში. მოსარჩელე აცხადებდა, რომ დაირღვა მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისი ნაწილი აცხადებს: „...ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება...“ რადგანაც საქმე იყო განსაკუთრებულად რთული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, თორმეტი ნაფიცი მსაჯულისათვის რთული იყო, ყოველგვარი სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციის გარეშე, სამართლებრივი შეფასება მიეცათ მოსარჩელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებისათვის. დასაბუთების ნაკლებობამ გამამტყუნებელ განაჩენში გამორიცხა იმ მიზეზების სათანადო სასამართლო განხილვის ყოველგვარი შესაძლებლობა, რომლებზე დაყრდნობითაც ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე არ ყოფილა უზრუნველყოფილი საკმარისი დამცავი მექანიზმებით, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა გაეცნობიერებინა გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზები. რადგანაც სამართალწარმოება არ იყო სამართლიანი, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.

წყარო: http://humanrightshouse.org/Articles/15877.html