საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა გატარდება, რომელიც როგორც ქვეყნის, ისე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამის შეთანხმებას ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. მისი თქმით, დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააწესოს საქმიანობის ის მაღალი სტანდარტი, "რომელსაც შემდგომ სხვა ტელეკომპანიებიც აიტაცებენ და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება სერიოზული და მაღალი მოთხოვნილება მედიის მიმართ".
ბურჯანაძის თქმით, ამგვარი სტანდარტის დაწესება გაზრდის საზოგადოების ნდობას და ის პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლისთვის მისაღები იქნება.
რეორგანიზაცია შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების და გარკვეული პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდება. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, საბჭოში მყოფი პირები მზად არიან დატოვონ თანამდებობები, რათა აღნიშნული საბჭო სწორედ პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტდეს. ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ჟურნალისტებს არ ეხება, რადგან ისინი თავიანთ მოვალეობას კარგად ასრულებდნენ.
წყარო: მედიანიუსი