18 ნოემბერს ოზურგეთის აგრარული ბაზრის ასზე მეტი მოვაჭრე გურიაში პრეზიდენტის რწმუნებულის მისაღებში შეიკრიბა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
ერთი კვირაა, გამგეობამ ოზურგეთის აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად ბაზარში სანიტარული ნორმების არარსებობას ასახელებენ.
მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. მათი მოთხოვნაა, გამგეობამ გადაწყვეტილება გააუქმოს და დაიცვას მათი სოციალური უფლებები და ინტერესები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და კომპრომისს არ დაუშვებენ.
„არ ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებას! აქციებს გავაგრძელებთ. ამასთანავე, შევეცდებით, სასამართლოშიც დავიცვათ ჩვენი უფლებები“, - აცხადებენ მოვაჭრეები.
რამდენიმე თვის წინ ოზურგეთში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. აგარარული ბაზრის დახურვით დაზარალებულ მოქალაქეებს ახალ ცენტრში შესვლას და ვაჭრობის გაგრძელებას სთავაზობენ. თუმცა, მოვაჭრეების თქმით, კერძო მეწარმე მათთვის მიუღებელ გადასახადებს სთავაზობს.
შორენა ღლონტი, გურია