კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის მერის კარზე აღარ აკაკუნებენ

18 მარტი, 2010

„გასაგებია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს მოქალაქეებთან მიღების დღეები, მაგრამ ქალაქის მერს სხვა რა საქმე აქვს?!“ -კითხულობენ რუსთავში, დავით გარეჯის ქ. #2-ში მცხოვრები მოქალაქეები. მათ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება უნდათ.

„ორი თვეა, არ გვაქვს დენი. გაზი აქამდეც არ გვქონდა და ახლაც, ცხადია, არ გვაქვს. ჯერ-ჯერობით გაზის შემოყვანაზე არცაა საუბარი“, – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, გოჩა ალუთინაშვილმა.

შენობაში დღეისთვის 24 ოჯახი ცხოვრობს. მათი დენის დავალიანება 7 000 ლარს უახლოვდება. ამბობენ, რომ ეს პრობლემა ცალკე მრიცხველების არქონამ შექმნა და იმანაც, რომ ოჯახებმა, რომლებიც შენობაში მანამდე ცხოვრობდნენ და შემდეგ სხვაგან გადავიდნენ, თავიანთი დავალიანება დატოვეს. ელექტრომრიცხველების დაყენება ვერ ხერხდება, რადგან შენობა პრივატიზირებული არ არის. მისი მესაკუთრე განათლების სამინისტროა.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას, თუკი განათლების სამინისტრო ამ ობიეტს ჩვენ გადმოგვცემს. ეს როდის მოხდება, ჯერჯერობით ჩვენთვის არაა ცნობილი“, – ამბობს რუსთავის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორძაია. 

დავით გარეჯის ორ ნომერში არსებული შენობა განათლების სამინისტროს ბალანსზეა. ობიექტი წარსულში წარმოადგენდა 142-ე პროფესიულ სასწავლებელს. მოქალაქეები იქ უნებართვოდ შევიდნენ, რადგან სოციალურად დაუცველები იყვნენ და სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ.

მოქალაქეთა უკმაყოფილებას რუსთავის მერთან, მამუკა ჩიქოვანთ შეხვედრის შეუძლებლობაზე მერიიდან მედიის საშუალებით პასუხობენ.  humanrights.ge-სთან საუბრისას რუსთავის მერიაში ადასტურებენ, რომ ქალაქის მერს მართლაც არა აქვს მოქალაქეთა მიღების დღეები.

„2010 წლის 1 იანვრიდან მერიაში გაიხსნა მოქალაქეთა მისაღები, სადაც ერთი სარკმლის პრინციპით იღებენ მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებს. სწორედ ამ მისაღებიდან ხდება შემოსული წერილების შესაბამის სამსახურებში გადამისამართება. საბოლოოდ კი ყველა წერილი ქალაქის მერთან ხვდება“, - გვპასუხობს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები