,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოხატავს ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის ეკა ბესელიას შვილის მიმართ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. 15 წლის რატი მილორავა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს და ბრალდება წაუყენეს ხულიგნობის მუხლით, რომელიც 2-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული ინციდენტი 4 თვის წინ მოხდა. მისი შვილი შეესწრო მაღაზიის მცველისა და არასრულწლოვანების ჩხუბს. 4 თვის განმავლობაში პოლიცია ამ ფაქტით არ დაინტერესებულა, საქმე მხოლოდ მაშინ აღძრეს, როცა გაიგეს, რომ რატი მილორავა ეკა ბესელიას ვაჟი იყო. ბესელია აცხადებს, რომ მისი შვილის დაპატიმრების მცდელობა მის საქმიანობას უკავშირდება.
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი, იგულისხმება განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მასობრივი დევნა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას შვილს ხელისუფლება პოლიტიკური ანგარისწორებისათვის იყენებს.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროულად მოახდინონ რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით.