კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი „ტოტალურ თავდაცვაზე“ საუბრობს

29 ივლისი, 2010
სივილ ჯორჯია

საქართველოს „ტოტალური თავდაცვა“ სჭირდება, რომლის დროსაც „ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავისი დაცვა“, რადგანაც, რუსეთს არ აუღია ხელი თავის ამოცანაზე მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს, განაცხადა სააკაშვილმა 28 ივლისს.

მან ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც გეოპოლიტიკური, ისე სამხედრო გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით. „ეს არის უზარმაზარი სამხედრო სკოლა ჩვენთვის“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა, ჩვენ გვჭირდება გამოცდილება... ავღანეთში ყოფნა აძლევს საქართველოს უნიკალურ გამოცდილებას... ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა შევწყვიტოთ ავღანეთში მონაწილეობა, არამედ უნდა განვიხილოთ და ახალი საშუალებები მოვნახოთ ავღანეთში უფრო აქტიური მონაწილეობის. ამის შესახებ ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენ პარტნიორებთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „სამოქალაქო თავდაცვის სიცოცხლისუნარიანი სისტემის ჩამოყალიბება“ და ამ კონტექტსში მან რეზერვის სისტემა ახსენა, რომელიც, მისი თქმით, „ტერიტორიული დაცვისკენ“ უნდა იყოს ორიენტირებული.

„ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავისი დაცვა. ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ–პატარა ჯგუფები მინიმალური რაოდენობის იარაღით იმისათვის, რომ ყველაm შეძლოს თავისი მიწის, თავისი სოფლის, თავისი ქუჩის, ქალაქის და რეგიონის დაცვა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„თუ მოწინააღმდეგე გადაწყვეტს უკვე დაკავებული და ეთნიკურად გაწმენდილი რეგიონებიდან წინ გადმოსვლას, ყოველი კვადრატული მეტრი ქართული მიწის მის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს – ეს არის ამოცანა“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ამას უნდა სათანადო დონეზე სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარება“, – განაგრძო სააკაშვილმა. „საქართველოს დაცვა ეს არ არის რამდენიმე ათასი პროფესიონალის საქმე; საქართველოს დაცვა ეს არის საქართველოს ყველა, საქართველოს მრავალეთნიკური ხალხის ყველა წარმომადგენლის საერთო ამოცანა“.

მისი თქმით, რუსეთს „არ აუღია ხელი“ თავის გეგმებზე, რომელიც მას არ გამოუვიდა აგვისტოს ომის დროს და რომლის ამოცანა იყო „შეეცვალა საბოლოოდ ჩვენი პოლიტიკური წყობა, დაემხოთ ჩვენი დემოკრატია და მოეხდინათ პრაქტიკულად მთელი ქვეყნის კონტროლქვეშ მოქცევა“.

„საკმარისია შეხედოთ რიტორიკას, საკმარისია შეხედოთ იმ საინფორმაციო ომს, რომელიც წარმოებს ყოველდღიურად, ყოველწუთიერად საქართველოს წინააღმდეგ... და თქვენ კარგად ნახავთ, რომ მათ თავის ამოცანაზე, რომ საბოლოოდ მოახდინონ საქართველოს გაკონტროლება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ხელი არ აუღიათ, არამედ ინტენსიურად ამაზე მუშაობენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ საქართველოს „საერთაშორისო პოზიცია განმტკიცდა“ განსაკუთრებით 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და რუსეთისთვის საკუთარი მიზნების მიღწევა იოლი აღარ იქნება.

„მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ნებისმიერი შეცვლილი სიტუაციის პირობებში ეს საფრთხე შეიძლება შეიქმნას. ამგვარად, ჩვენი  ამოცანაა, მათი შემდგომი წინსვლის შეკავება და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ამოცანა საქართველოს სახელმწიფოსი არის ტერიტორიების განთავისუფლება, საქართველოს სრული დეოკუპაცია“, – დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობას 2010 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება მოუხდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება როგორც შეძლებს „უკან მოაბრუნებს პროცესს იმიტომ, რომ ქვეყანას ჩვენ ვერ დავტოვებთ დაცვის გარეშე“.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2010 წელს 749 მილიონ ლარს შეადგენს, ნაცვლად 897 მილიონი ლარისა 2009 წელს და 1.547 მილიარდი ლარისა 2008 წელს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ფული ჩაიდება მომზადებაში, სწავლაში და ინდივიდუალური პროფესიონალიზმის ამაღლებაში“.

„ჩვენ გასულ წლებში უფრო მეტს ვხარჯავდით იარაღზე, ვიდრე მომზადებაზე; ახლა ბევრად მეტი იქნება მომზადება და რა თქმა უნდა, არსენალის შევსება ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ აღჭურვა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროცესს, თუმცა იარაღი რაც გვჭირდება მინიმალურ დონეზე საკმარისზე მეტი გვაქვს, ამიტომ ახალი იარაღის შემოტანის, ამ მიმართულებით რაც უკვე არის, საჭიროება აღარ არის; ჩვენ სხვა იარაღი გვჭირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„კარგი მომზადებული არმია და კარგი ოფიცერი ნებისმიერ იარაღის პირობებში არის მზად რომ იბრძოლოს და თუ არის ცუდი მომზადებული ოფიცერი, რა იარაღიც არ უნდა მისცე, ის არმია ვერ იბრძოლებს; ეს არის მთავარი პრინციპი, ამიტომ ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი ცოდნა, ინტელექტი და მომზადება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი სამხედრო აკადემის ამჟამინდელი დონით უკმაყოფილოა და აღიარა, რომ ხუთი წლის წინ კადეტთა კორპუსის გაუქმება შეცდომა იყო. 

სააკაშვილის თქმით, სერიოზული რეფორმები გატარდა შეიარაღებულ ძალებში და „800–ზე მეტი ოფიცერი იქნა დათხოვილი სამეტაპიანი ტესტირების შედეგად, ძირითადად პოლკოვნიკები და ვიცე–პოლკოვნიკები“.

„ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ოფიცერი და ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი“, – განაცხადა მან.

სააკაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ „თბილავიამშენი“ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მართლა კარგი ხელმძღვანელობა, რომელმაც იცის როგორ ააწყოს სწორად ეს სექტორი“, – განაცხადა მან.

„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ უნდა გავხდეთ ევროპული სინგაპური – დემოკრატიული და სინგაპური იმ გაგებით, რომ ვიყოთ განვითარებული ქვეყანა... – მან [სინგაპურმა] ასევე დაიწყო თავისი პატარა, მცირე, მაგრამ მინიმალურად აუცილებელი სამხედრო ინდუსტრიის შექმნა თავისი გამოგონებებით... ეს საქართველომ აუცილებლად უნდა გააკეთოს“, – განაცხადა მან.

„ჩემ გარშემო არის ბევრი სკეპტიკოსი, რომელიც იძახის, რომ ეს საქართველოს არ გამოუვა. გამოგვივა“, – დასძინა სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი ასევე შეეხო 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ „სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩქარა იქნა ლოკალიზებული“.

„ამ მცდელობამ ძალიან კარგად დამანახა, რა კონტრასტი არსებობს სხვადასხვა შენაერთებს და სხვადასხვა ოფიცრებს შორის. მახსოვს ჯერ ვიყავით მე–4 ბაზის განლაგებაში, სადაც მეთაურის მაგიდაზე იყო წიგნები სამხედრო ტაქტიკაზე... მერე მივედით მუხროვანში, სადაც ... ხალხს მაგიდაზე ედოთ გაზეთები „ალია“, „ასავალ–დასავალი“ და ათასგვარი სხვა სიბინძურეები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ნათლად გამოჩნდა ორი მენტალიტეტის დაჯახება, ეს არის ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება და იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალაც, კბილებიც, გამბედაობაც და პატიორიზმიც; ასე უნდა იყოს ყველა დონეზე შეიარაღებულ ძალებში“, – დასძინა მან.

ახალი ამბები