14:12, Wednesday, 26.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„წამო რეზერვში, მაგარია!“ - საზარბაზნე ხორცის ახალი პარტია

04.08.2010

ნინო გელაშვილი

ყველას გვახსოვს სატელევიზიო სარეკლამო რგოლი, რომელსაც ეროვნული ტელევიზიები 2008 წლის აგვისტოს ომამდე აჩვენებდნენ. ტანკი მოძრაობის წესების დარღვევით შუქნიშანზე წინ უსწრებს ავტომანქანას, რომლის ახალგაზრდა მძღოლი იხიბლება ტანკის უპირატესობით. ტანკიდან ამომძვრალი მეორე ახალგაზრდა კი მას ომახიანად მოუწოდებს: „წამო რეზერვში, მაგარია!“ აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ახალი მილიტარისტული კლიპების ბუმია მოსალოდნელი. ხელისუფლებას სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლებში კი მილიტარისტული მოწოდებები მატულობს.

სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ექსპერტები აკრიტიკებენ და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ახალი დებულებით, 27-დან 40 წლამდე მამაკაცებს ყოველწლიურად 45-დღიანი სარეზერვო სამსახური უწევთ. კანონში ცვლილებების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. პარლამენტში ის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სამსონ ქუთათელაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, მოსახლეობა აუცილებლად მზად უნდა იყოს, როცა ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგულია. ცვლილების შესაძლო ფარულ მიზნებზე უფლებადამცველები საუბრობენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ, ფაქტობრივად, რეზერვის მექანიზმმა არ იმუშავა და რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს.

„ორი წლის განმავლობაში სამხედრო-სარეზერვო სამსახური ფაქტობრივად შეჩერებული იყო. ახლა როდესაც ხდება კანონში ასეთი დაჩქარებული ტემპით ცვლილებების მიღება, ჩემი აზრით, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ხელისუფლების სრულიად სხვა მიზნებით და გეგმებით და არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე ზრუნვით“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი და დასძენს, რომ კანონის ახალი მოთხოვნები მთავრობამ შესაძლოა, „რეპრესიის იარაღად“ გამოიყენოს. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე საპტროტესტო აქციის დროს ხელისუფლებამ რეზერვში გაიწვიოს ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანები: „ამ მხრივ, ეს იქნება პირდაპირი დარტყმა და შესაძლებლობა, რომ თავიდან აიცილოს ნებისმიერი საპროტესტო აქცია თუ სხვა ღონისძიება და პოლიტიკური რეპრესიებისთვის ნიადაგი მოამზადოს. მილიტარიზმი სწორედ ამისთვის არის გამოყენებული“.

სარეზერვო სამსახურის თემის კვლავ გააქტიურება შესაძლოა ფულის მორიგ „გათეთრებას“ უკავშირდებოდეს. „ამ მიმართულებით არავის ექნება შესაძლებლობა, თანხები აკონტროლოს. არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი მიზანი გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად მიმართვა იყოს”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, - „კიდევ ერთი ფარული მიზანი შესაძლოა, ეხებოდეს შეიარაღებულ რაზმებს, რაზეც სააკაშვილმა 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ისაუბრა, რომ ყველა სოფელში უნდა იყოს ჯგუფი, რომელიც ამ სოფლის უსაფრთხოებას დაიცავს. შესაძლოა, ეს შეიარაღებული ფორმირებები გამოყენებული იყოს ქვეყენაში არსებული ე.წ. „ზონდერ ჯგუფების“ დასაკანონებლად. ნახევრად გასამხედროებულ, შეიარაღებულ ჯგუფებს შესაძლოა, ოფიციალური სახე მიეცეთ და უკვე ოფიციალურად იმოქმედონ საპროტესტო აქციების დროს. ამ სახით სარეზერვო სამსახური შეიძლება იქცეს ჯარისა და პოლიციის დამატებით სტრუქტურად, რომლის მიზანი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშწორება იქნება“.

მოსალოდნელი შედეგი უჩა ნანუაშვილს 90-იან წლებს აგონებს, როცა ქუჩაში შეიარაღებული ადამიანები დარბოდნენ. მისთვის გაუგებარია, რატომ სურს ხელისფლებას იგივე გაიმეოროს: „არსებობს ჯარი, რომელმაც უნდა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, არსებობს სამხედრო სტრუქტურები და სწორედ მათ ევალებათ ქვეყნის თავდაცვა და არა გაუგებარ რაზმებს და წარმონაქმნებს, რომლებზეც სააკაშვილი საუბრობს“.

დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილების შეტანა აჟიოტაჟის საბაბი არ უნდა გამხდარიყო. მისი თქმით, რეზერვის კანონში ცვლილებების შესატანად მუშაობა გრძელდება. „ყოველ წელიწადს ხდება რაღაც-რაღაცა ცვლილებები. ეს ნორმალური სამუშაო პროცესია. შემოდგომაზე ვფიქრობთ, სრულყოფილი კანონი მივიღოთ რეზერვთან დაკავშირებით“.

კანონპროექტის ხარვეზებზე სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, თავდაპირველად კანონპროექტში კიდევ უფრო ბევრი ხარვეზი იყო: „ერთი მხრივ, იყო შინაარსობრივი, სისტემური, მეორე მხრივ, კი - იურიდიული ხარვეზები. საერთოდ არ იყო საუბარი, რა ტიპის რეზერვთან გვაქვს საქმე. ზოგიერთ შემთხვევაში, კანონის მუხლები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სხვა კანონებს. მაგალითად: კანონპროექტი განსაზღვრავს ახალი საკანონმდებლო აქტების მოქმედებას, რომლებმაც უნდა დაარეგულირონ ესა თუ ის ურთიერთობები, თუმცა არ განსაზღვრავს აღნიშნული აქტების მიმღებ ორგანოებსა და მიღების ვადებს; მე-13 მუხლის მიხედვით, გამწვევ კომისიას შეუძლია, პირს მისცეს გადავადება, მაშინ, როდესაც არ არის განსაზღვრული გადავადების საფუძვლები, მეტიც, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამის უფლება აქვს პრეზიდენტს; მოქალაქეს, თურმე, უფლება აქვს წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რისი გადამოწმების საშუალება აქვს გამწვევ კომისიას, თუმცა, გაუგებარია - რისთვის, რამდენადაც ამ კანონპროექტში აბსოლუტურად განუსაზღვრელია ჯანმრთელობის მდგომარეობის კავშირი სამხედრო-სარეზერვო სამსახურთან მიმართებაში; ამ კანონპროექტით ალტერნატიული მოსამსახურეები გაიწვევიან სამხედრო-სარეზერვო სამსახურში საომარი მოქმედებების დროს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს“.

ირაკლი სესიაშვილი გაუგებარად მიიჩნევს, როგორ შეიძლება გაწვეულ იქნეს არაჯანმრთელი მოქალაქე, ან ის პირი, ვინც უვლის და პატრონობს შრომისუუანრო ან ინვალიდ ოჯახის წევრს, ან ექიმი ან მასწავლებელი სოფლად, მოქალაქეები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ.

უცხოეთში სასწავლებლად ან  სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, რეზერვში გამოძახება მოუწევთ. ჯერჯერობით, გაურკვეველია რეზერვისტის ანაზღაურების საკითხი. კანონპროექტის მიხედვით, სარეზერვო სამსახურის დროს ამა თუ იმ დასაქმებული მოქალაქე ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებს, რაც ცხადია, დამქირავებელთა უკმაყოფილებას გამოიწვევს. წელიწადში 45 დღე ნებისმიერი დამსაქმებლისთვის დიდი დანაკლისია, როცა მოქალაქეს ამის გარდა კიდევ 24-დღიანი შვებულების აღების უფლება აქვს. ამის გამო, შესაძლოა, დამსაქმებლებმა 40 წლამდე მამაკაცებზე მეტად ქალბატონებს მიანიჭოს უპირატესობა, რითაც ხელი შეეწყობა სქესობრივ დისკრიმინაციას.

45-დღიანი მსახურების შესახებ ცვლილება სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში პარლამენტმა 21 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. კანონში სხვა ცვლილებების შეტანა შემოდგომაზე იგეგმება.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC