კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით წიქარიშვილი: „მასწავლებელთა ატესტაცია მთლიანად არის ადამიანის შრომითი უფლების დიდი დარღვევა“

9 სექტემბერი, 2010
სალომე აჩბა

ცოტა ხნის წინ მასწავლებელთა ატესტაცია ჩატარდა. საგნობრივი ტესტის გარდა, პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებაც მოუწიათ. საატესტაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, თუმცა გამსვლელი ქულის აღების შემთხვევაში, პედაგოგებს ხელფასის მომატებას პირდებოდნენ. ატესტაციის შედეგებს მასწავლებელთა ნაწილი აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ქულები სამართლიანად არ დაწერილა. ამ საკითხზე humanrights.ge-ს ესაუბრება განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირ „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით წიქარიშვილი.

- მასწავლებელთა ატესტაციისა და გამოვლენილი კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ხელფასების დანიშვნის შესახებ განათლების სამინისტროში საუბარი დიდი ხანია დაიწყო. მედიაც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში, ტელევიზიით პოლიტიკური თუ საგანმანათლებლო წრეების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელიც გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც საზოგადოებას პრესის საშუალებით მიმართა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მასწავლებელთა ატესტაციის ამგვარი ფორმისათვის. არანაირი გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ გამოცდები სამართლიანად ჩატარდებოდა. ასევე არ იყო ბოლომდე გარკვეული ხელფასებსა და ამ ატესტაციას შორის კავშირი. ამ კუთხით, კანონმდებლობაც დღემდე საბოლოოდ არ არის მოწესრიგებული.  ჩემთვის დღემდე გაუგებარია, თუ არსებობს თანხები და მთავრობას უნდა მასწავლებლისთვის ხელფასის მომატება, რა საჭიროა კიდევ ფულის ხარჯვა და გამოცდების ჩატარება?! ხელფასების მომატების ერთადერთი გზა არსებობს და ისიც გამოცდების ჩაბარებაზე გადის?! თუ ასეა, სხვაგან ყოფილა ძაღლის თავი დამარხული. ინფორმაციაც გვქონდა და ვხვდებოდით კიდეც, რომ მასწავლებელთა ცოდნის დონე კი არ გამოვლინდებოდა და ამ კატეგორიებს კი არ შეუსაბამებდნენ ხელფასებს, არამედ ისეთ ქულებს დაწერდნენ, რომ სახელფასოდ გამოყოფილ თნხმებს ატესტაციის შედეგებს შეუსაბამებდნენ. ჩვენი ვარაუდები გამართლდა.  

რაც შეეხება საგამოცდო მოდელს, არასრული იყო კრედიტები, რაც სახელმწიფომ დაურიგა მასწავლებლებს. მასწავლებლებს სრულყოფილად რომ გაევლოთ ეს კურსი, საჭირო იყო სახელმწიფოს მიერ კიდევ გარკვეული თანხის დამატება.

საგამოცდო  საკითხებში შეტანილია ბევრი ისეთი რამ, რომლის ცოდნაც სკოლის მასწავლებელს არ ევალება. საგამოცდოდ ძალიან მცირე დრო იყო გამოყოფილი. მასწავლებლები, უბრალოდ, ვერ ასწრებდნენ ყველა კითხვაზე სრულყოფილად პასუხის გაცემას. როგორც ირკვევა, არსებობდა ქულების გამოყვანის ფარული ინსტრუქციაც.Aამ ყველაფრის გამო, კატასტროფულად დაბალი ქულები დაიწერა.

- მასწავლებლებმა გაასაჩივრეს შედეგები?

- გასაჩივრების მექანიზმი არის ასეთი: ასაჩივრებ ისევ იქ და იმასთან, ვინც ქულები დაგიწერა. შესაბამისად, გასაჩივრება ყოელგვარ აზრს კარგავდა. რაც შეეხება სასამართლოში განცხადების შეტანას, სასამართლოებში არ არის იმ კვალიფიციის კადრები, ექსპერტები, ვისაც შეუძლია დაადგინოს, სამართლიანად დაუწერეს თუ არა რომელიმე კონკრეტულ მასწავლებელს ქულა. სასამართლო, საბოლოოდ, ისევ მთავრობის მხარდამჭერ ექსპერტთან მივა. შესაბამისად, შეცდომის გამოსწორების იმედი არ უნდა გვქონდეს. ვფიქობთ, ეს პროცესი მთლიანად არის ადამიანის შრომითი უფლების დიდი დარღვევა.

- ატესტაცია ხომ ნებაყოფლობითი იყო? ამ ეტაპზე კანონი ხომ არ ავალდებულებდა მასწავლებელს ატესტაციის გავლას?

- როცა გეუბნებიან, რომ მოგემატება ხელფასი, ან დარჩები უმუშევარი, ამას არ ჰქვია არჩევანის თავისუფლება. ეს ხომ მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ მასწავლებლების მოსალოდნელი შემცირების დროს სამინისტროს ჰქონდეს დამატებითი არგუმენტი - ცოდნის დონის იმდენად დაბალი შედეგები გვაქვს, რომ ამ ხალხის სამუშაოზე გაჩერება მხოლოდ ჩვენი კეთილი ნების გამო ხდებაო. აქ უკვე ნებაყოფლობითი არაფერია. ამ გზით, რეჟიმს მასწავლებლებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კიდევ ერთი ბერკეტი აქვს. თუ მოუნდა, მას გამოიყენებს შესამცირებლად და უნდა - შესაშინებლად.

- საატესტაციო გამოცდაზე არგასვლის შემთხვევაში, ახლანდელი კანონმდებლობით, მასწავლებელს არ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან?

- ვინც არ გავიდა საატესტაციო გამოცდებზე, ბუნებრივია, მათ არ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ახლავე არც მათ მოხსნიან, ვინც დაბალი ქულა აიღო გამოცდაზე, მაგრამ როცა დაიწყება შემცირებები, გამოცდაზე მიღებული დაბალი ქულა გარკვეულ როლს შეასრულებს. მეორე საკითხია, რომ მასწავლებლის ახლანდელი ხელფასი ძალიან დაბალია. შესაბამისად მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ამიტომ მიიღეს საატესტაციო გამოცდაში მონაწილეობა.

- ატესტაციის რა ფორმაა თქვენი პროფკავშირისთვის მისაღები?

- თუ სახელმწიფოს მასწავლებლისთვის ხელფასის მომატება უნდა, თანაც პროფესიული დონის მიხედვით, აუცილებელი არაა, ყველა მასწავლებელმა ერთდროულად გაიაროს გამოცდა. მანამდე უნდა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება, შეიქმნას კურსები, რომელსაც სისტემატიური, ყოველდღიური ხასიათი უნდა მიეცეს. სურვილის მიხედვით, უნდა მივა მასწავლებელი იქ და უნდა - არა.

მასწავლებლის პროფესიონალიზმი პირველ რიგში მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხით უნდა მოწმდებოდეს და არა დიპლომით და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით ან საატესტაციო გამოცდაზე მიღებული ქულით.

ახალი ამბები