კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისი უწყლობისგან იხრჩობა

13 სექტემბერი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

40 გრადუსამდე სიცხე! წყალი კი ორ დღეში ერთხელ, ისიც საათნახევრით! ასეთ პირობებში გაატარეს ქუთაისლებმა ზაფხულის ცხელი დღეები. ხელისუფლების დაპირება, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქი ოცდაოთხსაათიან წყალმომარაგებაზე გადადის, კვლავ დაპირებად რჩება. ქუთაისი ისევ უწყლობას უჩივის.

„ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, დაუჯერებელია. წარმოიდგინეთ 40-42 გრადუსი სიცხე და არც ერთი წვეთი წყალი სახლში, რომ სული მოითქვა. წყალს კილომეტრიდან ვეზიდებოდით, რომ ბავშვები წყურვილისგან არ მოგვკვდომოდნენ. ასეა დღესაც. ეს ნორმალურია?! ამ ხელისუფლების ჩინოვნიკებს ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ?!  ასეთ პირობებში შეუძლიათ იცხოვრონ?! თვითონ, ალბათ, საუკეთესო კურორტებზე დაისვენეს, ჩვენ კი წყურვილისგან ლამის დაგვხოცეს. ახლა მოდიან და წინა თვეების დავალიანება უნდა გადაიხადოთო, გვეუბნებიან. რა დავალიანება უნდა გადავიხადოთ, როცა წყალი კვირაში ორჯერ გვაქვს. ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებთ. უცებ წყდება და მერე ორი-სამი დღე კვლავ ველოდებით“, - ამბობს  ხარებავას ქუჩაზე მცხოვრები ლალი გვეტაძე.

ამ ქუჩის მოსახლეობა უწყლობას ბოლო რამდენიმე წელია განიცდის. არ არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვით წყალს მოიმარაგებენ. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა საერთოდ უწყლოდ რჩებიან.

„გვესმის, რომ წყლის საკითხი მთელ ქალაქში მოუწესრიგებელია, მარგამ რაც ჩვენთან ხდება, ეს მეტისმეტია. დანარჩენ უბნებში წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მაინც არის. ჩვენთან კი, საათსახევარში ითიშება. არის დღეები, როცა საერთოდ არ უშვებენ. მოკლედ, როგორც მოესურვებათ, ისე იქცევიან. აღნიშნულ პრობლემაზე ჩვენი მეზობელი დაელაპარაკა წყალკანალის წარმომადგენელს და საუბარი ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პასუხად მივიღეთ, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, საერთოდ უწყლოდ დავრჩებით. ასე გაგრძელება უბრალოდ წარმოუდგენელია. ის, რაც ჩვენ ქალაქს ჭირს, აფრიკის ტომებშიც არ ხდება“, - აცხადებენ ქუთაისელები.

ხარებავას ქუჩის გარდა უწყლობას ქუთაისის სხვა დანარჩენი უბნის მოსახლეობაც უჩივის. წყალი ბოლო რამდენიმე წელია შეზღუდვით მიეწოდება როგორც ქალაქის ცენტრს, ისე გარეუბნებს.

„კარგა ხანია გადათხარეს ქუჩები და ახალი სისტემის დამონტაჟება დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ახლა მოვიდნენ და გვეუბნებიან, სანამ ძველ (გასული თვეების) დავალიანებას არ გაისტუმრებთ, წყალი არ გექნებათო. რატომ უნდა გადავიხადოთ ძველი დავალიანება, როცა წყალი არ გვქონია?! უწყლობაში გადავიხადოთ ფული?! ჩაგვირთონ წყალი, მოგვექცნენ ადამიანურად და გადავიხდით! ისევე დავფარავთ მოხმარებული წყლის საფასურს, როგორც გაზისას და ელექტროენერგიისას ვფარავთ. ხოლო რაც არ გვქონია, მასში ფულს არ გადავიხდით“, - ამბობს ავტომშენებლის ქუჩის მკვიდრი გოგი ლომიძე.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ მოსახლეობამ ძველი დავალიანება უნდა დაფაროს. საუბარია მიმდინარე წლის იანვარსა და მომდევნო თვეებზე.

რაც შეეხება მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას, „წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრის ახალი ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომდევნო წლებში გადაიჭრება. ლევან ჭანჭალეიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ქალაქს ოცდაოთხსაათიანი წყალმომარაგება ექნება.

ახალი ამბები