კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქალაქო სასამართლოში „დაზარალებული ბრალდებულების“ დაკითხვა დაიწყო

17 სექტემბერი, 2010
სალომე აჩბა

16 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში განახლდა ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების სასამართლო პროცესი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები: ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე ამ საქმეზე პროკურატურამ თავდაპირველად დაზარალებულებად ცნო, მოგვიანებით კი ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.

16 სექტემბერს სასამართლო პროცეზე დაცვის მხარის მოწმე და ერთ-ერთი ბრალდებული, საბა მღვდელაძე დაიკითხა. ამავე დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც განსასჯელების ადვოკატებმა ჟურნალისტებს საქმესთან დაკავშირებულ კანონდარღვევებსა და პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ინცინდენტი, რის გამოც სტუდენტები საპყრობილეში აღმოჩნდნენ, გასული წლის 13 ოქტომბერს მოხდა. ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დანით დაჭრა ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, ბადრი მიქატაძე, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე. აღნიშნული ფაქტის გამო დააკავეს ლევან აბაშიძე, რომელსაც სტუდენტების სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მსჯავრი დაედო და ამჟამად სასჯელს იხდის.

შემთხვევიდან 3 თვის შემდეგ დაზარალებულები დააკავეს და  ეჭვიტანილებად სცნეს, ბრალი კი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. (ვრცლად,იხილეთ ლინკზე: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5454&lang=ge )

16 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ია კობახიძე დაკავებულების მეგობარია. იგი ახალგაზრდების შეხლა-შემოხლის უშუალო თვითმხილველია და ადასტურებს, რომ მისი მეგობრების მხრიდან პროვოცირებული არ ყოფილა. მათ თავს დაესხა ახალგაზრდების მეორე ჯგუფი: „მეგობრები  რესტორანში ვიყავით, გვინდოდა სტუდენტობის პირველი დღეები აღგვენიშნა. რესტორნიდან გამოსულები ვსაუბრობდით, ვინ რა ტრანსპორტით უნდა წასულყო სახლში. ამ დროს მოგვიახლოვდნენ ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდები. მათ ჩემს მეგობრებს ჩხუბი დაუწყეს. ზაზა შავლიაშვილის, ვასილ გიგუაშვილის, ნიკა ბერუაშვილის, როლანდ ნიკოლოზაშვილისა და საბა მღვდელაძის მხრიდან ჩხუბის პროვოცირება არ მომხდარა“.
 
ახალგაზრდებს ბრალი სისხლის სამართლის 239 მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნკტით წარედგინათ,  რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ  ჩადენილ წინასწარ შეთანხმებულ   ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნული ბრალდება 2-დან 4 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჩხუბის დაწყებაზე არანაირი წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა.

ინცინდენტის უშუალო თვითმხილველმა ია კობახიძემ  სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ჩხუბი სპონტანურად დაიწყო და წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა: „ახალგაზრდებს, რომლებთანაც ჩხუბი მოხდა, არც მე და არც ჩემი მეგობრები არ ვიცნობდით.  უცნობებს ეტყობოდათ, თავიანთ საქმეზე მიდიოდნენ და ჩვენთან იმიტომ შეჩერდნენ, რომ ეგონათ, ჩვენმა ბიჭებმა მათზე რაღაც ცუდი თქვეს. მახსოვს, საბა მღვდელაძე უმეორებდა ერთ-ერთს, თქვენზე არაფერი მითქვამსო“.

დაცვის მხარეს სურს დაამტკიცოს , რომ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ინცინდენტი, არ ყოფილა იმდენად ხმაურიანი, რომ მას „უხეშად დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი“, როგორც საბრალდებო დასკვნაშია აღნიშნული. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა  დანაშაულის ადგილის დათვალიერების შესახებ.  მათი თქმით, ადგილის დათვალიერება სასამართლოს ბევრ საჭირო ინფორმაციას მისცემდა. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე ია კობახიძის გარდა, ბრალდებული  საბა მღვდელაძეც დაიკითხა. „ტროტუარზე მე და ჩემი მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით. ამ დროს ვიღაც უცნობმა პირმა ხელით შემომატრიალა და ხმამაღალი ტონით მკითხა - რა თქვი ჩემზეო და საყელოზე მწვდა. მე მშვიდად ვუხსნიდი, რომ მისი მისამართით არაფერი მითქვამს. ამ დროს მოვიდა ნიკა ბერუაშვილი და უცნობს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებაზე ნიკას ხელით დაარტყეს და იგი ბუჩქებში გადავარდა. მეც წამაქციეს,  წაქცევისას თავი დავარტყი, გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. არც ის მიგრძვნია, როგორ დამჭრეს, რადგან ჯერ კიდევ არ ვიყავი გრძნობაზე მოსული“, - იხსენებს საბა მღვდელაძე.

საბა მღვდელაძეს ინციდენტისას მუცელში დაიჭრა და შემდეგ ჭრილობის გამო ნაწლავების ტუბერკულზი განუვითარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც საკმაოდ მძიმეა. „როცა დამაკავეს, მაშინაც ცუდად ვიყავი. ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი მუცლის არეში. საპყრობილის ექიმებმა გამაყუჩებელი დამალევინეს, მაგრამ ტკივილი არ გამყუჩებია. მერე მიხვდნენ, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი და ოპერაცია გამიკეთეს“, -  გაიხსენა საბა მღვდელაძემ დაკითხვისას.

სხვა განსასჯელების დაკითხვა 22 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება.

ახალი ამბები