კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირიქითა ხევსურეთი უკაცრიელდება

21 სექტემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, ხევსურეთიდან

გუშინწინ შატილი-თბილისის მიკროავტობუსს თბილისისკენ ხევსურეთიდან აყრილი კიდევ ერთი ოჯახი გამოჰყვა. ნიკო არდოტელს თავის სამ შვილთან ერთად, ბარში, სოფელ ხონისჭალიდან შეთეკაურების ორი შვილიც მიჰყავდა. შატილში ყოფნისას მასპინძელმა გვითხრა: „ნიკოს ოჯახი თუ წავა არდოტიდან, ჩათვალეთ, რომ ის სოფელიც სასიკვდილოდ არის განწირული“. პირიქითა ხევსურეთი უკაცრიელდება. მუცოში ორი ოჯახიღა დარჩა, არჭილოში უკვე აღარავინ ცხოვრობს, ამ ზამთარს ხახაბოშიც აღარავინ რჩება.

„არდოტშიც ხომ ახვალთ? რა ვქნა, შინ ვერ დაგხვდებით, მაგრამ ლევანი იქნება იქ,  ჩემი ბიძაშვილი. აუცილებლად მიდით და ფუძის ანგელოზი დამილოცეთ“, - გვითხრა ნიკო არდოტელმა, რომელიც გზაში შეგვხვდა.

„მეხუთე კლასამდე ბავშვებს ყველა საგანს მე ვასწავლიდი. მე და ჩემი მეუღლე დიდხანს ვფიქრობდით, ბავშვები შატილის სკოლაში გადაგვეყვანა თუ ბარში წავსულიყავით. შატილის სკოლა შორს არის, მითუმეტეს ნოემბრიდან აპრილამდე თოვლის გამო გზები იკეტება და მანქანები არ დადიან, მაგრამ მაინც შატილი გადავწყვიტეთ. ხევსურეთიდან ბავშვს რომ გაუშვებ, ის აქ აღარ დაბრუნდება და აქაურობა დაიცლება. თუმცა, შატილის სკოლაში ინგლისური ენის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლები არ ჰყავთ. პირობები კი კარგია, სკოლა გერმანელებმა გააკეთეს, მაგრამ ბავშვები თუ ვერაფერს ისწავლიან, აბა რად გვინდა?! ბევრჯერ მივწერეთ განათლების სამინისტროს და ვთხოვეთ, ხეობიდან ხალხი რომ არ აყრილიყო, დახმარება გაეწიათ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. სასწავლო წელი დაიწყო და იძულებულები ვართ, წავიდეთ. ცოლ-შვილს ჩავიყვან და მე ისევ დავბრუნდები. აქ გამოვიზამთრებ. თუ შატილის სკოლაში მასწავლებლები გამოგზავნეს, ოჯახსაც დავაბრუნებ“, - ჩვენ ზემოთ წავედით, ნიკოსთან, არდოტში, ის კი ქვემოთ, თბილისისკენ.

არდოტი პირიქითა ხევსურეთის სოფელია, შატილიდან დაახლოებით ოც კილომეტრში, ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვართან. სოფელში ძირითადად მხოლოდ ნიკო არდოტელის ოჯახი ცხოვრობდა, დანარჩენი სამი ოჯახი არდოტში მხოლოდ ზაფხულობით ადის.

არდოტამდე სოფელი მუცოა, მერე ხონისწყალი, არდოტის შემდეგ არჭილოა, ანდაქი და ხახაბო. ოქტომბრის ბოლოს პირიქითა ხევსურეთისკენ მიმავალი დათვიჯვრის უღელტეხილი ჩაიკეტება და იქ დარჩენილებს გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება რჩებათ, მესაზღვრეების ვერტმფრენი, რომელიც თბილისიდან შატილში თვეში მხოლოდ ერთხელ დაფრინავს. პირიქითა ხევსურეთში არცერთი მობილური ოპერატორი არ იჭერს.

ადამიანები სახელმწიფოსგან ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვენ, სახელმწიფო კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეაგირებას არ ახდენს.

შოთა ჭინჭარაული, შატილის სკოლა-ინტერნატის დირექტორი: „ვაკანსიები კი გვაქვს, მაგრამ აქ მასწავლებლობის სურვილი არავის გამოუთქვამს, არც ქართველს და არც უცხოელს, სხვადასხვა ქვეყნებიდან რომ ჩამოიყვანეს. არც განათლების სამინისტროს გამოუგზავნია ვინმე. რამდენჯერმე ვიყავი თბილისში ჩასული, დუშეთის რესურსცენტრსაც შევატყობინე, მაგრამ არავინ გამოუგზავნიათ“.

ამ საკითხზე კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტრო საქართველოში სპეციალურ პროგრამას ახორციელებს „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელიც მასწავლებლების ისეთ რეგიონებში მივლინებას ითვალისწინებს, სადაც პედაგოგების დეფიციტია. გვაინტერესებდა, აღნიშნული პროგრამა პირიქითა ხევსურეთზე რატომ არ ვრცელდება. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პროტჟებსკაიამ კითხვები წერილობით მოგვთხოვა. გავაგზავნეთ და თუ მივიღეთ პასუხები, სამინისტროს პოზიციას მომავალში შეგატყობინებთ.

ახალი ამბები