02:24, Saturday, 14.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბრძოლა ბაყბაყდევის მეთოდებით

27.09.2010

მარი ოთარაშვილი, ახალგორი-თბილისი

კასპისა და დუშეთის რაიონის სოფლებს: ახმაჯს, ქსოვრისს, ოძისს, ლარგვისს, ოკამს ოთხი თვეა, ახალგორიდან სარწყავი წყალი გადაკეტილი აქვს. ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიდრე ქართული მხარე ქსნის ხეობას გაზმომარაგებას არ აღუდგენს, აღნიშნული სოფლებისთვის წყლის მიწოდების განახლებას არ აპირებენ.

ქართული მხარე კი დუმს და სოფლების უწყლობასაც ვერაფრით შველის. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, „ოსური მხარე წყლის გადაკეტვით, უბრალოდ, ნერვებს გვიშლის“.
 
აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორი ფაქტობრივად უშუქოდ დარჩა. ქართული მხარე, კერძოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ქსნის ხეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას კვლავ „ჩვეული“ წესით განაგრძობდა, უბრალოდ “დაზიანების გამო დენი ადერსატამდე ვერ აღწევს. იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ აღნიშნულ ტერიტორიას,. ამიტომაც ვერ ვაგზავნით სპეციალისტებს დაზიანენებების შესასწავლად და შესაკეთებლად,” – აცხადებდა ხეთაგური.

“ეგ ყველაფერი არის ტყუილი. აქ არანაირი სერიოზული დაზიანება არ არსებობს. ქართულ მხარეს არ უნდა რეგულალურად მოგვცეს შუქი და სჯობს, ეს პირდაპირ თქვას,” – იყო პასუხი ახალგორის ოსური ადმინისტრაციიდან. ერთ დღესაც დენის მოუწესრიგებელი გრაფიკი დე ფაქტო მმართველებს ყელში ამოუვიდათ და ელექტროენერგიის მავთულხლართები ცხინვალიდან გადმოჭიმეს.

გასული წლის დეკემბრიდან ახალგორი ელექტროენერგიას ცხინვალიდან იღებს და ერთი კილო/ვატი 3-4 თეთრი ღირს. ცხინვალიდან დენის გადმოყვანა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან დენის ჩაჭრა ერთი იყო.

დღის წესრიგში გაზმომარაგების საკითხიც დაისვა. აგვიტოს ომის შემდეგ ქართული მხარე ახალგორს ელექტროენერგიას მოუწესრიგებელი გრაფიკით აწვდიდა, გაზის მიწოდება თავიდანვე შეუწყვიტა.

ახალგორიდან დუშეთისა და კასპიის სოფლებისთვის წყლის გადაკეტვის შემდეგ ოსურ ადმინსტრაციაში ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ზურა ფიცხელაური ამაოდ ითხოვდა სოფლებისთვის წყლის მიწოდების აღდგენას.

ერთხელაც წყალზე მოლაპარკებისთვის ახალგორში ჩასული ფიცხელაური ოსურმა უშიშროებამ დააკავა და დაჰკითხა. თუმცა ამაზე მედიასთან საუბარს თავად გამგებელმა თავი აარიდა. ამის შემდეგ კი ფიცხელაურმა მოლაპარაკება უშდეგოდ ჩათვალა და შეწყვიტა კიდეც. 

როგორც ცნობილია, ჟენევის დისკუსიების ფორმატით გამართულ შეხვედრებზე ოსურმა მხარემ არაერთხელ დასვა ახალგორისთვის გაზის მიწოდების საკითხი. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში ბორის ჩოჩიევი (სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში) აცხადებდა, თუ ქართული მხარე სერიოზულად არ განიხილავდა ახალგორისთვის გაზმომარაგების საკითხს, კასპისა და დუშეთის საირიგაციო სისტემას გადაკეტავდა. ქართული მხარე კი ამას ან დუმილით პასუხობდა, ან აცხადებდა: ახალგორს გაზი ჩვენგან კი მიწოდება, მაგრამ დაზიანებებია და ახალგორამდე ვერ აღწევსო.

ამის შემდეგ გაზზე საუბარი ცოტა ხნით მიწყნარდა. როგორც ახალგორელები ამბობენ, ოსურ მხარეს მოთხოვნა და ულტიმატუმი ზაფხულმა გაახსენა, რადგან მათ იმედი მიეცათ, რომ წყლის გადაკეტვა ზაფხულში უფრო გაჭრის, ვიდრე ზამთარში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „დაზიანებებთან“ ერთად სხვა არგუმენტიც მოიშველია. როგორც ხეთაგურის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ გაზის მილები მწყობრში არ არის, მოსაგვარებელია კომერციული საკითხიც. კომერციული საკითხი გულისხმობს, რამდენად გადამხდელუნარიანია საქართველოს იურისდიქციიდან გასული ახალგორი.    

ახალგორის გაზმომარაგების საკითხი ჟენევის დისკუსიებზე კვლავ ერთი-ერთი აქტუალური თემაა. ერთ-ერთი ბოლო მოლაპარაკებისას ბორის ჩოჩიევმა კვლავ გააჟღერა ოსური მხარის პოზიცია: „დააყენეთ გაზის მრიცხველი ქართულ-ოსური მხარის ნეიტრალურ ნაწილში, რათა კაპიკობით ყველასთვის თვალსაჩინო იყოს, რა რაოდენობის დენს დახარჯავს ლენინგორი. ჩვენ მზად ვართ, თითოეული დახარჯული კაპიკი გადავიხადოთ“.

ჟენევის მოლაპარაკება კვლავ მოლაპარაკებად, ახალგორი უგაზოდ, კასპი-დუშეთის სოფლები კი უწყლოდ რჩება. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი კი ოსური მხარის მიერ წყლის გადაკეტვას არასერიოზულად მიიჩნევს.

„გაზი მომეცი, თორემ ბაყბაყ-დევივით წყალს არ მოგცემო – ეს არასერიოზული მიდგომაა. ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს ენერგეტიკის სამინისტრომ“, – ამბობს იაკობაშვილი.

ხეთაგურის უწყებიდან კი ისევ აცხადებენ, რომ არათუ საწინააღდეგო აქვთ რამე, ყველანაირად თანახმანი არიან, ახალგორს გაზი მიაწოდონ, ოღონდ კომერციული საკითხი უნდა მოგვარდეს.

„როგორ არ რცხვენიათ, ასე რომ იტყუებიან?! ეგ ისეთივე ტყუილია, როგორსაც უწინ დენის მოწოდება-არმოწოდებაზე იმიზეზებდნენ. იყოს ისე, როგორც არის. როგორც დენი გამოვიყვანეთ, გაზსაც ასევე გამოვიყვანთ ცხინვალიდან. ნეტა, რაღა პირით უნდა შემოგვხედონ ქართველებმა?!“ – აცხადებენ ახალგორელი დე-ფაქტო ჩინოვნიკები.

ქართული მხარის მიმართ არასასურველ განწყობას პირად საუბარში ცხინვალელი ჩინოვნიკებიც გამოხატავენ: „მორჩა! ილუზიაა, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში ოდესმე დაბრუნდება. ტყუილად ნუ იოცნებებთ“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC