კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეშახტეთა უფლებების დასაცავად პროფკავშირი ბრძოლას იწყებს

29 სექტემბერი, 2010
თამთა კაკაურიძე, ტყიბული

ტყიბულში შპს „საქნახშირის“ თანამშრომელთა ნაწილმა საკუთარი შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით „საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში“ გაწევრიანება გადაწყვიტა. დასაქმებულებსა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.

მეშახტეების ინიციატივა შახტებში არსებულმა არასასურველმა შრომითმა პირობებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შეუსაბამო სამუშაო გარემომ და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

„შეშფოთებულები ვართ მინდელის სახელობის შახტში 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების გამო და მიგვაჩნია, რომ ეს გაგრძელებაა 3 მარტს მომხდარი ანალოგიური შემთხვევისა. 3 მარტის ტრაგედიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ აფეთქების მიზეზი ობიექტურად არ გამოუძიებიათ და დამნაშავეებიც არ დასჯილან. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ არც 27 აგვისტოს ტრაგედიას გამოიძიებენ. ამ აფეთქების შედეგადაც ოთხი მესახტე დაიღუპა, ექვსმა კი სხეულის უმძიმესი დამწვრობა მიიღო.  ჩვენ აღარ ვართ დარწმუნებულები, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები კიდევ არ განმეორდება. თანაც ეს ყველაფერი ხდება სამუშაოს სიმძიმესთან შედარებით შრომის დაბალი ანაზღაურების ფონზე. რამდენიმე წელია, ხელფასები არ გადაუხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა ინფლაციას განიცდის“, - აცხადებენ „საქნახშირის“ თანამშრომლები.

საინიციატივო ჯგუფსა და „საქნახშირის“ დასაქმებულებს შორის შეხვედრა 10 სექტემბერს შედგა, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდმარე ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრებოდა.

„ტყიბულის მაღაროებში დასაქმებულებს მუდმივ შიშსა და სტრესში უწევთ მუშაობა, ისინი დაუცველები არიან. დღემდე მომხდარი ტრეგედიები ობიექტურად არ გამოძიებულა. 9 თვის მანძილზე ამ უბედური შემთხვევების შედეგად, საერთო ჯამში, 10 ადამიანია დაღუპული, 6 კი სიკვდილს ებრძვის. ყველა დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ ეს ტრაგედიები მაღაროელთა დაუდევრობით ხდება. იმას კი არავინ ამბობს, რომ ამ მაღაროელებს სამუშაო პირობები არა აქვთ“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშილი.
 
შპს „საქნახშირის“ თანამშრომელთა კრებამ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული ყველა უფლების გამოყენებით, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა გადაწყვიტა. დასაქმებულები ასევე მოითხოვენ თავიანთი ძირითადი, ფუნდამენტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. დასაქმებულებმა ჩამოაყალიბეს მოთხოვნების 11 პუნქტიანი სია, რომელიც უახლოეს მომავალში „საქნახშირის“ ადმინისტრაციას და გენერალურ დირექტორს, მერაბ ჭრელაშვილს გადაეცემა.

დასაქმებულთა ძირითადი მოთხოვნებია: გაფორმდეს უვადო შრომითი კონტრაქტები; მოხდეს შპს „საქნახშირის“ თანამშრომელთა ხელფასების ინდექსაცია ბოლო სამი წლის მანძილზე დაფიქსირებული ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მომატების მიხედვით; გაუმჯობესდეს შპს „საქნახშირის“ დასაქმებულთა შრმითი პირობები; ჯანმრთელობისათვის მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით კომპენსაციების სისტემის შემოღების შესახებ დაიწყოს მოლაპარაკებები; სამუშაოზე დასახიჩრებულთა, ტრავმირებულთა, შრომისუნარდაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახებისთვის ჩამოყალიბდეს საკომპენსაციო სისტემა; ადმინისტრაციამ დასაქმებულები უზრუნველყოს სამგზავრო ტრანსპორტით.”

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია მაღაროელებისთვის, რადგან საფუძველი ჩაეყარა ჩვენივე უფლებების დამცველ ორგანიზაციას, რომელიც იზრუნებს უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების შექმნისთვის. ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ადმინისტრაციას ვუყენებთ, გამოსწორებადია, მაგრამ ხელმძღვანელობას არასოდეს გამოუჩენია კეთილი ნება და არ დაინტერესებულა მაღაროელთა სამუშაო პირობებით. ადამიანები, რომლებიც 27 აგვისტოს ტრაგედიისას დაზარალდნენ, დაუცველები არიან. ისინი აღარ იქნებიან შრომისუნარიანები. ასეთი შემთხვევები შეიძლება მომავალშიც განმეორდეს, ამიტომ გახდა ჩვენი უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჩამოყალიბება საჭირო“, - გვითხრა მინდელის სახელობის მაღაროს მუშამ, გია ბაბუხადიამ.
 
ახლადშექმნილ ორგანიზაციას უკვე მოუხდა წინააღმდეგობების გადალახვა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, შპს „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მიზანმიმართული ღონისძიებების გატარება დაიწყეს მაღაროელთა დასაშინებლად.

როგორც ჩვენთან საუბრისას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, საკუთარი უფლებების მოთხოვნის შემდეგ ტყიბულში ხალხის დაშინება უკვე დაიწყო.

„10 სექტემბერს, დილით, ადგილობრივ მილიციაში დაიბარეს მაღაროების უბნის უფროსები და  გააფრთხილეს, რომ პროფკავშირის დაგეგმილ შეხვედრაზე ხალხი არ მისულიყო. მუქარის მიუხედავად, დასაქმებულები მაინც მოვიდნენ. თვითონ მეშახტეები ერიდებიან იმ პიროვნებების დასახელებას, ვინც მათზე ზეწოლა განახორციელა. მომავალშიც თუ გაგრძელდება ასეთი ფაქტები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები აუცილებლად ჩაატარებს დამოუკიდებელ კვლევას“, - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

მაღაროელები და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები „საქნახშირის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების დაწყებას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ.

ახალი ამბები