კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის საგანგებო მიმართვა

29 სექტემბერი, 2010
ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილ სტუდენტებს ისეთივე სასჯელი ერგოთ, როგორიც გახმაურებულ მკვლელობებში მსჯავრდებულებს.

ორშაბათს, 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში გაიმართება საგანგებო პრესკონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.


28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა:  ნიკა ბერუაშვილს, ზაზა შავლიაშვილს, საბა მღვდელაძეს, ვასილ გიგუაშვილსა და ბადრი მიქატაძეს. მათ ბრალად ედებოდათ 2009 წლის 13 ოქტომბერს ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირდა ხულიგნობად - სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ პუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

ბერუაშვილს, შავლიაშვილს, მღვდელაძეს და გიგუაშვილს მოსამართლემ სასჯელის ზომად განუსაზღვრა 3 წლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ხოლო ბადრი მიქატაძეს იმ საფუძვლით, რომ ამჟამად ძებნილია, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით. კიდევ ერთი განსასჯელი, როლანდ ნიკოლოზაშვილი კი სამწლიანი პირობითი მსჯავრით დარბაზიდან გათავისუფლდა, რადგან მან პროცესზე  „დანაშაული აღიარა“. ამაზე კი მისი ოჯახის მიერ დაქირავებულმა ადვოკატმა, ნანა ფრიდონაშვილმა იზრუნა. მასსა და პროკურატურას შორის მიღწეული ფარული გარიგებით ოჯახმა პროკურატურისგან მიიღო გარანტია, რომ თუკი ნიკოლოზაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა, მას დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგივე საქმეზე იმავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით (მოსამართლე  ზვიად ესებუა) დადგენილად არის ცნობილი ფაქტი, რომ ჩხუბი დაიწყო ლევან აბაშიძემ და მასთან ერთად თანმხლებმა პირებმა, რა დროსაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ნიკა ბერუაშვილს, ზაზა შავლიაშვილს, საბა მღვდელაძეს, ვასილ გიგუაშვილს, როლანდ ნიკოლოზაშვილს და ბადრი მიქატაძეს. ეს ახალგაზრდები გამოძიების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არიან ცნობილები. ლევან აბაშიძეს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 5 იანვრამდე დაჭრილ ახალგაზრდებს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდათ. 5 იანვარს კი მოულოდნელად დააპატიმრეს, როცა ვაკე საბურთალოს პროკურორად კონსტანტინე ცაცუა დაინიშნა, გამოძიება კი ლევან მენთეშაშვილმა გადაიბარა.

გამოდის, რომ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ერთი და იმავე გამომძიებელმა აწარმოა ერთი გამოძიება, ხოლო სასამართლოში შევიდა ორი საქმე (I. ლევან აბაშიძის წინააღმდეგ II. გიგუაშვილის, ბერუშვილის, ნიკოლოზაშვილის, შავლიაშვილის, მღვდელაძესა და მიქატაძის  წინააღმდეგ) და დადგა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული განაჩენი.

დაზარალებული სტუდენტები დააკავეს 2010 წლის 5 იანვარს, მაგრამ ამ დღის შემდეგ არ ჩატარებულა არც ერთი საგამოძიებო მოქმედება, აღარც ის მოწმეები დაკითხულან, რომლებმაც ლევან აბაშიძის ხულიგნობა დაადასტურეს და არ დაუკითხავთ არც ერთი სხვა მოწმე, რომელიც მსჯავრდებულების ბრალეულებას დაადასტურებდნენ. ამ პირების მიმართ ბრალდებაც ზუსტად იგივე მასალებს ეყრდნობა, რის საფუძველზეც ლევან აბაშიძე გაასამართლეს. რეალურად ეს არის ერთი საქმე, მაგრამ რატომღაც ორი განაჩენი გვაქვს სახეზე.

მოსამართლე ზვიად ესებუამ იმ დროს გამოიტანა განაჩენი (რითაც დაადგინა, რომ ჩხუბი ლევან აბაშიძემ და მასთან ერთად მყოფმა დაუდგენელმა პირებმა დაიწყეს და აბაშიძე დამნაშავედ სცნო ხულიგნური ქმედებისთვის), როცა  სტუდენტი მსჯავრდებულების  წინააღმდეგ „გამოძიება“ უკვე დასრულებული იყო და საქმე სასამართლოში გადაგზავნილი. ამ დროს გამოძიებას უკვე უნდა ჰქონოდა „უტყუარი მტკიცებულებები“, რომ ამ სტუდენტებმა წამოიწყეს ჩხუბი და რომ არა მათი წინასწარი განზრახვა და შეთანხმება დანაშაულის ჩასადენად, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა, როგორც ეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმაც დაადასტურა. თუკი ეს მტკიცებულებები არსებობდა, მაშინ რატომ არ წარმოადგინეს ლევან აბაშიძის სასამართლო პროცესზე და რის საფუძველზე სცნეს ისიც დამნაშავედ იგივე მუხლით?!

რატომ არ დააკავეს ის პირები ვინც რეალურად ჩაიდინა დანაშაული და რატომ რჩებიან ისინი გამოძიებისთვის დაუდგენელ პირებად, როდესაც ლევან აბაშიძის დედამ ისინი თვით სასამართლო პროცესზე დაასახელა და ამის ფონზე რას ემსახურებოდა დაზარალებულების გასამართლება.

არსებობს ინფორმაცია, რომ გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს ასეთი უკანონო ქმედებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - არ დადგინდეს მათი ვინაობა, ვინც ეს ბიჭები სასიკვდილოდ გაიმეტა და რომლებიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.

ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი სირცხვილია, რომ მოსამართლე  კოჭლამაზაშვილი პირდაპირ და დაუფარავად, მთელი დარბაზის თანდასწრებით მოუწოდებს მსჯავდებულებს, აღიარონ დანაშაული, მიუხედავად იმისა, ჩაიდინეს თუ არა ის.
   
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ბრალდების მიერ გამოძახებული მოწმეების ჩვენებები, რითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან არანაირ ძალადობას ან საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ისინი დაემორჩილნენ მოწოდებას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ.

სასამართლოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ინციდენტისას ზაზა შავლიაშვილი ღვიძლში დაიჭრა, საპატიმროში კი ცე-ჰეპატიტით დაავადდა. ხოლო საბა მღვდელაძეს, მუცლის არეში მიყენებული ჭრილობის გამო, ნაწლავების ტუბერკულოზი განუვითარდა. ზაზა შავლიაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. 22 სექტემბერს სტრასბურგიდან მოვიდა პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას უკვე მოსთხოვა ინფორმაცია შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მოსამართლემ თავის სიტყვაში განსასჯელების რამდენიმე შემამსუბუქებელი გარემოება ჩამოთვალა: ისინი არ არიან ნასამართლევი, არიან სტუდენტები, შემთხვევის დროს დაიჭრნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამადაც რთულად აქვთ, ხასიათდებიან დადებითად. ამის მიუხედავად,  მოსამართლემ მსჯავრდებულებს მიუსაჯა 3 წლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა, მაშინ როდესაც წინა სხდომაზე პროკურორი სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთას და 3 500-ლარიან ჯარიმას მოითხოვდა. თვითონ მუხლი კი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აღსანიშნავია, რომ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულს ითვალისწინებს. მსგავსი რამ კი ტექნიკური უნივერსიტეტის წინ არ მომხდარა. საქმის მასალებით დამტკიცებულია, რომ ჩხუბი სპონტანურად, აბაშიძის მხარის ინიციატივით დაიწყო და წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიაჩნია, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განაჩენი არაკანონიერი, არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია. იგი აგრძელებს პროკურატურისადმი სასამართლოს მონური მორჩილების ტენდენციას, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოს საერთო სასამართლოებში. ამავე დროს, ეს განაჩენი ადასტურებს, რომ „სასჯელის ლიბერალიზაცია“, რაზეც  ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ურთიერთობისას აპელირებენ, მხოლოდ მითია. რეალურად,  ქვეყანაში კვლავ მოქმედებს „შერჩევითი სამართალი“ და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის გამოც საპატიმროები გადავსებულია არაადეკვატურად დასჯილი მოქალაქეებით.

შედარებისთვის - 2004 წლის 23 ნოემბერს ქუჩაში დახვრეტილი ბუტა რობაქიძის საქმეზე გასამართლებულ პოლიციელს მხოლოდ 4 წლით თავისუფლება მიუსაჯეს და 2 წლის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს საპატიმროდან. ხოლო სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაზე გასამართლებული პირები საპატიმროში 4 წელიც არ ყოფილან.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნული საქმის განხილვას, რომელიც ცოტა ხანში სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. ამავე დროს, მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

29.09.10.

ახალი ამბები