კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის სასადილო და საქვაბე დევნილებიანად გაყიდეს

6 ოქტომბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

სენაკში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, სახელწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე, კომპაქტურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემა და რეაბილიტაცია დაიწყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იქვე, სკოლის ყოფილ სასადილოსა და საქვაბეში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელ ფართს არ გაარემონტებდნენ. ეს ფართი კერძო საკუთრებაში ყოფილა.

გამგეობის ბალანსზე არსებულ სასადილოსა და საქვაბე სამრეცხაოს შენობებში დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ. 2002 წლის 28 მაისს ფიზიკურ პირს დარეჯან ქავთარაძეს ეს ნაგებობები და მიმდებარე ნაკვეთი საიჯარო ხელშეკრულებით 49 წლის ვადით გადაეცა. 2006 წლის 23 ივნისს კი იმავე დარეჯან ქავთარაძემ 11721 კვმ მიწის ნაკვეთი და ორი ერთეული შენობა-ნაგებობა 957 ლარად შეისყიდა. არსებობს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი.

დარეჯან ქავთარაძის კუთვნილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს მათი საცხოვრებლის მფლობელის ვინაობა. ამ დროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაიწყო. სასადილოსა და საქვაბე სამრეცხაოს შენობებში მცხოვრები დევნილების ბედით კი არავინ დაინტერესებულა.  ორ შენობაში მცხოვრებ ექვს დევნილ ოჯახს პირდაპირ უთხრეს - შენობები მიწის ნაკვეთთან ერთად კერძო საკუთრებაა და მათი რეაბილიტაცია არ იგეგმებაო.

დევნილებმა ვითარების შესწავლისა და პრობლემის გადაჭრის თხოვნით ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართეს - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას, პროკურატურას, სენაკის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს. ჯერჯერობით - უშედეგოდ.

„სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ყველა დევნილს ეტაპობრივად შევთავაზებთ შესაბამის ფართს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, დევნილებმა უნდა მიმართონ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. მათ ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. შეიძლება, სამინისტრომ მათ უყიდოს ეს ობიექტი, თუ მესაკუთრე გაყიდის მას გონივრულ ფასად“, - გვითხრა სენაკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა კოტე ბასარიამ.

როგორც დევნილები აცხადებენ, ამ სამსახურიდან დევნილებს შესთავაზეს სხვა ობიექტზე გადასვლა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.

საინტერესოა, რა დამსახურებისთვის მიყიდა სახელმწიფომ დარეჯან ქავთარაძეს ძალიან იაფად მიწის ნაკვეთი და შენობები თავის დევნილებიანად?!

არსებობს ვარაუდი, რომ ყოფილი სკოლა-ინტერნატის ორი შენობა და 11721 კვმ მიწის ფართობი რეალურად წარმოადგენს არა დარეჯან ქავთარაძის, არამედ მისი ძმის, რაულ ქავთარაძის საკუთრებას. რაულ ქავთარაძე წლების განმავლობაში განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა. ეს განყოფილება კი სწორედ ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში იყო განთავსებული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაუკავშირდა რაულ ქავთარაძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მიწაც და ორი შენობაც მისი დის საკუთრებაა და არა მისი.

ჩვენს ხელთ არსებული მიწის ნაკვეთის აღწერილობის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიწის ნაკვეთი საშუალო ხარისხისაა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურში  დაგვიდასტურეს, რომ მიწა ნამდვილად რეგისტრირებულია დარეჯან ქავთარაძის სახელზე.

ამ მიწაზე არსებული ორი შენობა  არის თუ არა დარეჯან ქავთარაძის საკუთრებაში, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სამსახურის უფროსმა ზაზა არახამიამ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ქონების მართვის სამსახურისკენ გადაგვამისამართა. 

„კანონიდან გამომდინარე, დარეჯან ქავთარაძეს ეკუთვნოდა პირდაპირი მიყიდვის წესით სარგებლობა, რადგანაც მას საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა და კანონით გათვალისწინებული სხვა ყველა პროცედურაც გავლილი ჰქონდა. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მე უფლება არ მქონდა არ მიმეყიდა მისთვის მიწა. ჩვენი მხრიდან არაფერი კანონდარღვევა არ მომხარა“, - გვითხრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა გოჩა კანკავამ, რომელიც 2006 წელს ქონების მართვის სამსახურს სენაკში ხელმძღვანელობდა.

კითხვაზე რატომ მიენიჭა ქალაქში მდებარე მიწის ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია და რატომ გადაეცა ქავთარაძეს საიჯარო ხელშეკრულებით მიწა, კანკავამ გვიპასუხა: „ეს უკვე ჩემი სამსახურის პრეროგატივა არ იყო. მე მას ვერ დავაბრკოლებდი. ჩემი სამსახური არაა ის ორგანო, რომ შეამოწმოს, მიწა სასოფლო დანიშნულებისაა თუ არა“.

მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების კატეგორიის შეცვლის მიზეზი შესაძლოა, ჩინოვნიკებსა და ქონებით დაინტერესებულ პირს შორის ფარულ გარიგებას უკავშირდებოდეს. ამ გზით უფრო ადვილი იქნებოდა ხელში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩაგდება, რადგან ნაკვეთს რომ არასასოფლო დანიშნულების სტატუსი ჰქონოდა, იგი აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო. თანაც საკმაოდ სოლიდური თანხა ეღირებოდა. ეჭვის ქვეშ დგას აუდიტის დასკვნაც, სადაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები ნანგრევებად არის მოხსენიებული. არადა, ამ შენობებში დღესაც დევნილები ცხოვრობენ.

ახალი ამბები