კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტალინის მოედანზე ტელეკომპანიის დირექტორი პოლიციელებმა სცემეს

11 ოქტომბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

მას შემდეგ რაც ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ საკუთარი საინფორმაციო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილი ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემების რეტრანსლიერებას, ხოლო პარალელურად საკუთარ ეთერში თოქ-შოუ „ცხელი ხაზის“ მიმდინარეობას დაუთმო, მათი ჟურნალისტების და არხის დამფუძნებლების მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლები გახშირდა. უკანასკნელი ფაქტი 2010 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ გორის ცენტრში, სტალინის მოედანზე მდებარე „თი ბი სი ბანკის“ შენობის წინ მოხდა. ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ჯონი ნანეტაშვილს პატრულის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ და მოსახლეობის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამედიცინო კონსულტაციის შემდეგ, ექიმებმა დაადგინეს, რომ ჯონი ნანეტაშვილს აღენიშნება თავის ტვინის შერყევის და ასევე ხერხემლის დაზიანების ნიშნები. ეს დიაგნოზი ჰოსპიტალში გვიან საღამოს დასვეს, ხოლო მანამდე ჯონი ნანეტაშვილი და მისი ადვოკატი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ამაოდ ცდილობდნენ. ექსპერტი საკუთარ სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა.

ჰოსპიტლიდან გამოსული ჯონი ნანეტაშვილი გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსის მოადგილის დემურ ცომაიას თანხლებით, საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯონი ნანეტაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. სამმართველოდან გამოსულმა ჯონი ნანეტაშვილმა თავი შეუძლოთ იგრძნო და საღამოს პირდაპირ ეთერში მიწვეულ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს ბოდიში მოუხადა გადაცემაში მონაწილეობის ვერმიღების გამო.

რაც შეეხება ინციდენტს, ის შუადღის 12 სთ 15 წუთზე მოხდა. ჯონი ნანეტაშვილი და პატრულის ეკიპაჟის ორი თანამშრომელი - ტარიელ სარაული და ილია გავაშელი ერთმანეთს სასამართლო პროცესზე დაუპირისპირდნენ. სასამართლო პროცესი 14 საათზე დაიწყო. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა პატრულის თანამშრომლის ტარიელ სარაულისგან დაიწყო. ტარიელ სარაულის ჩვენებით, ჯონი ნანეტაშვილი მობილური ტელეფონით სარგებლობის გამო გააჩერეს.

„მე და ჩემი მეწყვილე ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას, შევამჩნიერთ ჩვენს საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანაში პიროვნება, რომელიც მობილური ტელეფონით საუბრობდა. ჩვენ გავაჩერეთ აღნიშნული ავტომანქანა და მის მფლობელს მოვთხოვეთ მართვის მოწმობა და შესაბამისი საბუთები. გავაცანით მას, რომ დაარღვია მოძრაობის წესები და დავიწყეთ შესაბამისი ოქმის შედგენა. ამის შემდეგ სამართალდამრღვევი გადმოვიდა ავტომანქანიდან, დაიწყო გინება და ლანძღვა. ჩვენ მივუთითეთ მას, რომ დაეწვა წესრიგი და შეეწყვიტა ჩვენს მუშაობაში ხელის შეშლა, რაც არ განახორციელა და კვლავ გააგრძელა ხმამაღალი საუბარი და ყვირილი. ის დაგვემუქრა კიდეც - თქვე საცოდავებოო, გორში აღარ გინდათ ცხოვრებაო, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ მისი დაკავება. დაკავების დროს გაგვიწია წინააღმდეგობა. იგი ჩვენზე ფიზიკურად ძლიერია და დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების შემდეგ მოვახდინეთ მისი დაკავება“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე პატრულის თანამშრომელმა ტარიელ სარაულმა.

ეს ინციდენტი  სასამართლო პროცესზე ჯონი ნანეტაშვილმა დეტალურად გაიხსენა: „ტელეკომპანიიდან გამოვედი მანქანით და მივდიოდი სტალინის გამზირზე მდებარე „თი-ბი-სი ბანკში“. სვეტაფორთან გავჩერდი, რადგან წითელი ენთო და ამ დროს დამირეკა მობილურმა. სულ ერთი წამით, გაჩერების დროს, ვუპასუხე ტელეფონს, რომ მოგვიანებით დაერეკათ. ამ დროს მე შემჩნეულიც მქონდა, რომ ჩემს უკან პატრულის მანქანა მოძრაობდა. აშკარად, ის სპეციალურად ჩემს ავტომანქანას მოსდევდა, რადგან დიდი ხანია, მათი ყურადღების ცენტრში ვართ. თითქმის მისული ვიყავი ბანკთან, რომ გამაჩერებინეს მანქანა. მომთხოვეს საბუთები და მითხრეს, რომ ტელეფონზე საუბრის გამო დამაკავეს. მე ავუხსენი, რომ ტელეფონზე არ მისაუბრია და ვინც მირეკავდა, სულ ერთი წამით ვუთხარი, რომ მოგვიანებით დაერეკა. პატრულის თანამშრომლებმა ძალიან უხეშად მიპასუხეს და დამემუქრეს დაკავებით, თუკი არ შევწყვეტდი საუბარს. არადა, ვეუბნებოდი, რომ მოძრაობა არ დამირღვევია. ჩემს გულისტკივილს გამოვთქვამდი, რომ ასე უსამართლოდ ხდება ჩვენს მიმართ თითქმის ყოველდღე დაჯარიმებები და ზეწოლები. ამ დროს დამატებით მოვიდა სხვა ეკიპაჟი, თითქოს მომზადებულებიც კი იყვნენ ჩემს დასაკავებლად. დამიწყეს ყვირილი. მე ვუთხარი, თუ ჩემი დაკავება გინდათ, აგერ, დამაკავეთ-მეთქი და გავუშვირე ხელები ჩემი ნებით. ამის შემდეგ წამოვედი მანქანისკენ და ჩავჯექი. მოულდნელად მოცვივდნენ ჩემს მანქანას, გადმომათრიეს, დაახლოებით 4 პოლიციელმა, დამაგდეს ძირს, ჯერ ერთ ხელზე დამადეს ბორკილი, მერე სცადეს მეორე ხელზეც დაედოთ, მაგრამ 4 ადამიანი, რომ ფეხებით გაწევს ზევიდან, მეორე ხელს ვერ სწვდებოდნენ. მოყოლილი მქონდა გვერდულად. პოლიციელს ვეუბნებოდი, რომ შეეწყვიტა ასეთი ქმედება და ლამის მხრებიდან ამომიგდეს ხელები.ხელები სულ გადატყავებული მაქვს, კოსტუმზე მათი ფეხსაცმლის ნაფეხურები მაქვს, მაგორავეს ძირს. ეს იყო კარგად დაგებული პროვოკაცია და უნდოდათ კიდეც ჩემი დაკავება“.

სათათბირო ოფისიდან შემოსულმა მოსამართლემ წაკითხულ გადაწყვეტილებაში სრულად მოიყვანა პატრულის თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებები და აღნიშნა კიდეც, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარია და სამართლიანი. შესაბამისად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, ჯონი ნანეტაშვილს დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ 400 ლარის გადახდა“.

ახალი ამბები