17:28, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ერთადერთი გზა დაგვრჩა: აქ უნდა ვიდგეთ, ვიწვეთ, ვიფორთხოთ და მოვითხოვოთ“ - აფხაზეთიდან დევნლები ისევ ღია ცის ქვეშ არიან

21.10.2010

მარი ოთარაშვილი

ღია ცის ქვეშ გაშლილი კარვები... კარვებიდან მოხუცები თვალცრემლიანი, უიმედო სახეებით იყურებიან. ზოგიერთიდან ჩვილი ბავშვის ტირილიც ისმის. კარვებში ქვეშაგები ისე საგულდაგულოდ ჩაუგიათ, თითქოს ადგილიდან ფეხის მოცვლას კარგა ხანი არ აპირებენ... ასეც ამბობენ. ეს რეპორტაჟი 19 ოქტომბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან მოვამზადეთ.  

ეს „სახლები“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილებს აფხაზეთიდან ჩაუდგამთ. როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, აქედან ფეხის მოცვლას არ აპირებენ, ვიდრე კობა სუბელიანის უწყება მათ მოთხონას არ დააკმაყოფილებს.

ეს ის დევნილები არიან, რომლებიც სამინისტრომ ისნის ჰოსპიტლიდან და „ზაკვოს“ შენობიდან გამოასახლა. გამოსახლების შემდეგ მათი ნაწილი ფოცხოეწერში გადაასახლა, ნაწილი კი, როგორც თავად ამბობენ, ღია ცის ქვეშ დატოვა. აქ იყვნენ ის დევნილებიც, რომლებიც ფოცხოეწერის პირობებში ვერ გაჩერდნენ და ახლა თავშესაფრის მოთხოვნით სამინისტროსთან დასცეს კარვები. ზოგიერთი მათგანი შიმშილობს კიდეც.

„გაგრიდან ვარ დევნილი. „ზაკვოში“ვცხოვრობდით და გამოგვყარეს. ახლა გარაჟში ვცხოვრობთ, მეუნარგიას ქუჩაზე. ერთადერთი „გზა“ დაგვრჩა – აქ უნდა ვიდგეთ, ვიწვეთ, ვიფორთხოთ და მოვითოხოთ. შიმშილიც დავიწყე. იქნებ, ამის გამო მაინც გადმოგვხედოს ვინმემ ამ შენობიდან, თორემ მეათე დღეა აქ ვართ და სამინისტროდან ყურადღებას არავინ გვაქცევს“, –თვალცრემლიანი ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მანანა გვაზავა.

სამინისტროს ეზოში ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ჩვილი ბავშვით ხელში იდგა. პატარა ბიჭუნა, რომელიც სულ რაღაც 3 თვის გახლდათ, სიცივისა თუ სხვა რამის გამო ტიროდა. დედა-შვილს თავზე აწვიმდა, დედა კი ამას, როგორც ჩანს, ვერ გრძნობდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქალბატონს უთხრა: წვიმს და ბავშვი კარავში შევიყვანოთო.

ლიკა შენგელია, დევნილი ოჩამჩირიდან: „ღამეს ქაშუეთის ტაძარში ვათევდი. მესანთლეს შევეცოდე და ერთ პატარა სახლში შემიკედლა. ამ სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯარა, არაფერი არა აქვს. მანამდე „ზაკვოს“ შენობაში ვცხოვრობდი. გამოსახლებისას ისე გვერეკებოდნენ შენობიდან, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ჩემს პატარას ხელიც კი ჩაარტყა. მომაძახეს - დროზე გადით, თორემ შენ და შენს ლაწირაკს, არ ვიცი, რას გიზამთო. ბავშვს (მაშინ 24 დღის იყო, ახლა 3 თვის არის) ხელი რომ ჩაარტყა, ვერ მოვითმინე და ვეჩხუბე, პასუხად მეც სილა გამაწნა. პატრული კი დამუნჯებული მიყურებდა და არც არაფერს აკეთებდა, ხმას ვერ იღებდა. სამინისტროს თითქმის ყველა ჩინოვნიკს მივმართე ამაზე, მაგრამ არავისგან არაფერი შედეგი არ ყოფილა. ქაშუეთის ტაძრის მესანთლეს თავშესაფარი რომ არ მოეცა, ღია ცის ქვეშ უნდა ვიქნებოდი. სამინისტროდან მეუბნებიან: რა ვქნათ, ჯერ არაფერი არ გვაქვსო და სადაც გინდათ, იქ წადითო. თუ არ ჰქონდათ არაფერი, რას დაგვყარეს ღია ცის ქვეშ?! რაც მებადა, სამინისტროს ყველაფერი საწყობში აქვს შენახული. კიდევ კარგი, რომ ბავშვს ძუძუთი ვკვებავ, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა“.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი ციკოლია ამბობს, რომ ამგვარ გაუსაძლის ყოფაში დაახლოებით 4000-მდე დევნილია: „დაახლოებით 4 000 დევნილი ოჯახი გამოსახლეს და ქუჩაში ღვთის ანაბრად დატოვეს. ამის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს. გამოსახლებულებიდან 18 ოჯახი შეასახლეს ფოცხოეწერის ბინებში. იქიდან უმეტესობა უკან დაბრუნდა, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ დარჩა. ფოცხოში რომ ჩაასახლეს, იქ რა უნდა ქნან?! რითი იშოვონ ლუკმა-პური?! აქ რაღაცას ხელი მოჰკიდეს და ცოტა მაინც წელში გაიმართნენ. იქ რა აკეთონ?! დევნილებისთვის დიდძალი თანხაა გამოყოფილი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ დევნილთა პატრონი არავინ არის, რადგან თვითონ ჩინოვნიკები ჭამენ ამ ფულს. გაეროს რეზოლუციაში წერია, რომ დევნილისთვის საცხოვრებელი პირობები ისე უნდა დააკმაყოფილოს ხელისუფლებამ, როგორც დევნილს დევნილობამდე ჰქონდა“.

სამინისტროს ეზოში თავმოყრილმა დევნილებმა მინისტრს წერილი შეუგზავნეს, სადაც მათი 4 მოთხოვნა იყო მითითებული: 1.    ვინც ქუჩაში ცხოვრობს, იმ ადამიანების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით; 2. ჩასახლებებში მცხოვრები დევნილებისთვის ამ ჩასახლებების კუთვნილებაში გადაცემა; 3. იმ ჩასახლებებში, სადაც გაუსაძლისი პირობებია (ასეთად ციკოლია არამიანცის საავადმყოფოს შენობას ასახელებს), იქიდან გამოსახლება და იმავე გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ფართით დაკმაყოფილება; 4. დევნილებისთვის იმ უფლების აღდგენა, რომლის მიხედვითაც, რომელ ოჯახთანაც სურდათ, იმას მიეწერებოდნენ.

„ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და არავის აქვს უფლება, ეს რეგისტრაცია დაგვიშალოს. გარდა ამისა, არ ვიძახით, რომ ჩასახლებები ახლავე მოხდეს. პროცესი მაინც დაიწყოს... ამ მოთხოვნებზე ერთ კვირაში თუ არ იქნება წერილობითი პასუხები, გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციებს. არ გავჩერდებით და საქმეს სტრასბურგამდე მივიტანთ“, – აცხადებს ციკოლია.

სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთიდან დევნილებს ფართები უკვე შესთავაზეს. „ჩვენ შევთავაზეთ ფართები. ალბათ, დევნილები ფიქრობენ ჩვენს შეთავაზებაზე და განიხილავენ, შესახლდებიან თუ არა“.                 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC