კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიაკავშირი „ობიექტივი“ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას თორთლაძის „თავისუფლების ქარტიის“ გაპროტესტებისკენ მოუწოდებს

2 ნოემბერი, 2010
მედიაკავშირი „ობიექტივი“ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას გია თორთლაძის მიერ ინიცირებული „თავისუფლების ქარტიის“ გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

„ობიექტივი“ იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტის პროექტი შეიცავს და აცხადებს, რომ იგი „პოლიციური სახელმწიფოს კიდევ უფრო განტკიცებას შეუწყობს ხელს“.

„ოპოზიციონერად წოდებული გია თორთლაძის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და საზოგადოების დაშინებას, გახლეჩასა და დაპირისპირებას შეუწყობს ხელს. კანონპროექტის მიხედვით, მაგალითად, ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უცხოეთიდან 25 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა გადმოერიცხება, ვალდებული ხდება, შსს-ს ანგარიში ჩააბაროს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტი ტერორისტად ან ჯაშუშად გამოაცხადოს, ძალოვანი სტრუქტურების, სპეცსამსახურებისა და პოლიციის ორგანოების უფლებამოსილებების ზრდა იმდენად თვალშისაცემია, რომ ეჭვგარეშეა, პროექტი ქვეყნის პირველი პირისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერაა მხარდაჭერილი“, - ნათქვამია „ობიექტივის“ განცხადებაში.

რაც შეეხება საბჭოთა უშიშროების სამსახურის აგენტებს, „ობიექტივი“ იდეის ავტორს ურჩევს, „ლუსტრაცია ქვეყნის პირველი პირით დაიწყოს, რომელიც კაგებე-ს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა“.

„ობიექტივის“ პროტესტს დღეს მხარი ადვოკატთა ასოციაციამ და მწვანეთა მოძრაობამაც დაუჭირეს.

არ არის გამორიცხული, „თავისუფლების ქარტიის“ წინააღმდეგ აქციები პარლამენტთან და გია თორთლაძის სახლთან გაიმართოს.

„თავისუფლების ქარტია“ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონსა და ე.წ. „პატრიოტის აქტს“ აერთიანებს და საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს ითვალისწინებს. კანონპროექტი გულისხმობს ასევე ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს; ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობით აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას; კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს.

პარლამენტმა დოკუმენტის პროექტი გასულ კვირას პირველი მოსმენით განიხილა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები