15:22, Thursday, 20.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მღებრიშვილის დაბრუნება - „შენ უკვე გადაიხადე კომუნალური გადასახადები?!“

03.11.2010

ნონა ქვლივიძე, კვირის პალიტრა

უახლოეს მომავალში თბილისის მცხოვრებთ ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ. ერთი კომუნალური გადასახადის გადახდაც რომ დაუგვიანდეთ, ელექტროენერგიას გაუთიშავენ. მაგალითად, თუ წყლის დავალიანება დაგიგროვდათ, „თბილისის წყალს“ „თელასი“ გამოუცხადებს „სოლიდარობას“ და სიბნელეში დაგტოვებთ.

იგივე ეხება დასუფთავების გადასახადსაც. გადაწყვეტილება პარლამენტმა 1 ოქტომბერს მიიღო და სემეკ-ს დაავალა შესაბამისი ორგანოს შექმნა, რომელიც კომუნალურ გადასახადებს ადმინისტრირებას გაუწევს. ერთიანი ადმინისტრირება ჯერჯერობით არ შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადს.

რამდენიმე დღის წინ სემეკ-მა ადმინისტრატორი გამოავლინა. ამ კომისიამ კი სადამსჯელო ოპერაციის შესრულება „თელასსა“ და „ენერგოპროს“ (თბილისის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ის აწვდის ელექტროენერგიას) დაავალა. ამ კომპანიებს აბონენტების ყველაზე დიდი ბაზა აქვთ. ენერგოკომპანიები გაწეული მომსახურებისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ.

რამდენს ან საიდან გადაუხდიან „თელასსა“ და „ენერგოპროს“, ჯერჯერობით უცნობია. ენერგოკომპანიები ამ თემაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთიან ადმინისტრატორთან ტექნიკურ საკითხებზე ამჟამად მათი იურისტები მუშაობენ.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტმა კანონის გამკაცრება, პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს. საკანონმდებლო ორგანო თითს სემეკისკენ იშვერს. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მარეგულირებელი კომისია ამ ცვლილების ინიციატორი არ ყოფილა. მასაც, ისევე როგორც პარლამენტს, ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა ხელისუფლებისგან დაევალა. პარლამენტში კანონის გამკაცრებას დეპუტატთა ნაწილი შეეწინააღმდეგა, მაგრამ მის მიღებას ხელი ვერ შეუშალა.

„თბილისი ვოთერ ენდ პაუერში“ აცხადებენ, რომ ახალი წესით ადმინისტრირება მათი სურვილით არ შემოუღიათ და გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. თუმცა ისიც ცნობილია, რომ მოსახლეობისგან ძველი დავალიანებების ამოღების ყველაზე დიდი პრობლემა „თბილისის წყალს“ აქვს. იმის გამო, რომ მრიცხველები არ არის და კომპანია ურჩ გადამხდელს წყლის მიწოდებას ვერ უწყვეტს, მოსახლეობის ნაწილი გადასახადს თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში არ იხდიდა.

კომპანიამ დავალიანების მქონე პირებს რამდენიმე თვის წინ გადასახადის გადანაწილება და შეღავათიანი გრაფიკით დაფარვა შესთავაზა, მაგრამ თანხის სრულად მობილიზება ვერ შეძლო. ამიტომ კომპანიის დახმარება საკანონმდებლო ცვლილებით გადაწყვიტეს. ზარალის ანაზღაურების მიზნით, ცოტა ხნის წინ „თბილისის წყალმა“ ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკსაც მიმართა, მაგრამ კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა. კომისიაში ხელახალი გაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის რეალური ტარიფი ამჟამად არსებულ საფასურზე (1 სულზე 2,40 ლარი) ნაკლები უნდა იყოს.

ურჩ გადამხდელებს რომ დავალიანების დაფარვა აიძულოს, წყლის კომპანიამ მოსახლეობის სატელეფონო გაფრთხილების გზას მიმართა. აბონენტებს შპს „საფინანსო-საკრედიტო ბიურო“ ურეკავს და ეუბნება, „თბილისის წყლის“ ოფისებს მიაკითხონ. „საფინანსო-საკრედიტო ბიურო“ აქამდე მხოლოდ ბანკებისა და კერძო პირების დავალიანებების ამოღებაზე მუშაობდა. შევარდნაძის დროს პოლიციელი და ამჟამად ბიუროს თანამშრომელი თემურ მღებრიშვილი, ახლა გლდანელებს შინ ურეკავს და მკაცრი ხმით წყლის გადასახადის დროულად დაფარვას ურჩევს.

თემურ მღებრიშვილი (საფინანსო-საკრედიტო ბიუროს თანამშრომელი): ვურეკავთ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, სად უნდა გადაიხადონ, რამდენი უნდა გადაიხადონ. კომპანიაში მისულებს გრაფიკს უდგენენ, ზოგი 5 ლარს გადაიხდის, ზოგი 10 ლარს. თუ ერთიანად გადაიხდიან, 60%-ს აპატიებენ.

- მხოლოდ წყლის დავალიანებას ახდევინებთ?

- ჯერჯერობით წყლისას. თუ დაგვავალებენ სხვა გადასახადებს, იმასაც დავიწყებთ.

„თბილისის წყლის“ კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დენს მყისიერად არ გაუთიშავენ და ძველი დავალიანების დასაფარად დროს მისცემენ. „ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც დღემდე აქვს დავალიანება, პირდაპირ შეუწყდება ელექტროენერგია ან სხვა კომუნალური მომსახურება. დავალიანება გადანაწილდება არანაკლებ 36 თვეზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, ნაწილ-ნაწილ დაფარონ. ამასთან, კომპანია ფიქრობს, მომხმარებლებს თანხის გადახდის სხვა შეღავათიანი პირობებიც შესთავაზოს“, - განმარტავენ წყლის სადისტრიბუციო კომპანიაში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC