კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი: 7 ნოემბრის „ყველა მოქმედება იყო სწორი“

12 ნოემბერი, 2010
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ 7 ნოემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევისას და ტელეკომპანია „იმედის“ დახურვისას ხელისუფლების „ყველა მოქმედება იყო სწორი“, თუმცა „რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს“.

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსა და მასში აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის როლზე კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულ „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ერთ–ერთ წლისთავზე ძალიან ძალიან საშიშმა სახელმწიფო დამნაშავემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოეწყო რევოლუცია, კონტრრევოლუცია, უფრო სწორად“, – განაცხადა სააკაშვილმა, - „მან დაამუშავა საზოგადოებრივი აზრი მრავალი თვის განმავლობაში... მინსკში შეხვდა – და ეს ვიცით დანამდვილებით – ორ ეფ–ეს–ბეს გენერალს, 2007 წლის სექტემბერში დაითქვა თარიღი როდის უნდა გაკეთებულიყო ეს, გადაუხადეს თავის გაზეთში „კომერსანტში“ ორჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე ის ღირდა ერთადერთი პირობით – მიგაქვს ეს ფული და იხარჯება ის საქართველოში გადატრიალების მოწყობაზე“.
 
თუმცა, მისი თქმით, საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი, რადგან მთავრობამ გამოიჩინა სიმტკიცე, მისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა „იმოქმედეს ძალიან ეფექტურად და ჩვენ ხალხს ეყო სიბრძნე“.

„საქართველო არ ჩაითვლებოდა დემოკრატიად ჩვენ რომ ეს მიტინგები დაგვერბია, დაგვეშალა და შემდეგ გვეთქვა - „ახლა ყველამ პირში ყველაფერს ლაგამი უნდა ამოვდოთ, ტელევიზიები დახურულია სამუდამოდ (და იცით, რომ რამდენიმე დღით დაიხურა მხოლოდ „იმედი“), არავინ ხმას აღარ ამოგაღებინებთ, არჩევნები აღარ იქნება და აწი მე ვმართავ იმიტომ, რომ თქვენ აღარ გენდობით, თქვენ ზედმეტად ურჩი ხალხი ხართ“... შეიძლება ვიღაცას ასეთი რეაქცია ჰქონოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„დემოკრატიის ტესტი იყო ის, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ დავშალეთ ეს მიტინგი, დავხურეთ ამ სახელმწიფო დამნაშავის მიერ მართული ტელევიზია, არ მივეცით  სახელმწიფო გადატრიალების საშუალება, რაც დეტალურად აღწერა თვითონ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მისცა ერეკლე კოდუას, ამის შემდეგ, მე, ყველაფერ ამის მოთავე, გადავდექი და მივეცი ჩვენ ხალხს საშუალება ხელახლა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში“.

„აი, ეს არის დემოკრატიის ტესტი, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს“, – განაგრძო მან, - „და დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქმედება იყო სწორი – რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს – ყველა მოქმედება იყო სწორი იმიტომ, რომ საუბარი იყო – მე ვერ წარმომიდგენია პატარკაციშვილი, რომელიც მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, მერე როგორ დაუშვებდა აზრის პლურალიზმს“.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არის დემოკრატია და პლურალიზმი - „მინიმუმ, აზრის გამოთქმის“.

„დააკვირდით, ყველაზე მეტად ვინც ყვირის დღეს, რომ დემოკრატია ჭირდებათ, ყველაზე მეტად ის ილანძღება უშვერი სიტყვებით და ყველაზე მეტად ის არის მოუთმენელი სხვა ადამიანის აზრის მიმართ... რომელ არხებზე მიდის პროპაგანდა, რომ „ეს არ არის ქართველი, ეს სხვა ეროვნების წარმომადგენელია“... სიძულვილით დემოკრატია არ იქმნება და ახალი ქვეყანა არ შენდება. და სიძულვილის შეკავება, მათ შორის არის დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ტელევიზიების „კულტურულ და პოლიტიკურ“ გავლენაზე საუბრობს

განსხვავებით სხვა პოსტ–საბჭოთა ქვეყნებისაგან, რუსეთს აღარ აქვს„კულტურული გავლენა“ საქართველოზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს და ამ კონტექსტში ისაუბრა ტელევიზიებზე, როგორც ბერკეტზე, რომელსაც აქვს „კულტურული და პოლიტიკური გავლენა ჩვენს იდენტურობაზე“.
  
„რუსეთი არის ჩამორჩენილი, ფეოდალური ქვეყანა... პირდაპირ ვთქვათ რა არის რუსეთი დღეს - ნავთობზე მჯდომი ნიგერია არის ეკონომიკურად. ამ ჩამორჩენილ ქვეყანას აქვს დღეს კულტურული და იდენტურობის გავლენა პრაქტიკულად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ყველაზე ნაკლებად მათ აქვთ ეს  [გავლენა] საქართველოში, პრაქტიკულად აღარ აქვთ“, – განაცხადა მან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

სააკაშვილის თქმით, მოლდოვაში, უკრაინაში, „ჩვენ მეზობელ კავკასიის ქვეყნებში“, შუა აზიაში უფრო პოპულარულები არიან რუსეთის ლიდერები, ვიდრე ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები. „საქართველოში ეს დამთავრდა, საქართველოში ეს აღარ აქვს რუსეთს“, – აღნიშნა მან.

„რატომ არის ჩვენი ტელევიზიების გაძლიერება ასე მნიშვნელოვანი? ამას აქვს უმნიშვნელოვანესი კულტურული და პოლიტიკური გავლენა ჩვენს იდენტურობაზე, რომ ჩვენ აღარ უყურებთ ОРТ–ს, НТВ–ს, РТР–ს ათასგვარ უმსგავსობას“, – განაცხადა მან. 

რუსული არხები, რომლებიც ახალ ამბებს გადმოსცემენ, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გათიშულია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა საკაბელო ქსელებმა შესაბამისი ინსტრუქციები მიიღეს მთავრობისაგან. თუმცა ეს რუსული არხები ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც სატელიტური თეფშები აქვთ.

„პირიქით, ახლა იქმნება რუსულენოვანი ქართული ტელევიზიები, რომელიც ნახეთ რამდენს წაართმევს კიდევ იქით მათ აუდიტორიას. იმიტომ, რომ ეს არის ჭეშმარიტ იდენტურობის მქონე უძველესი ერის დემოკრატიულ კულტურაზე აღმოცენებული ტელევიზიები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ქართულ რუსულენოვან ტელევიზიებზე საუბრისას სააკაშვილი დიდი ალბათობით გულისხმობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ კავკასიურ არხს", რომელმაც მაუწყებლობა იანვარში დაიწყო და მისი სამიზნე აუდიტორია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა იყო. თუმცა არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ევროპის წამყვანმა თანამგზავრების ოპერატორმა კომპანიამ Eutelsat-მა უარი თქვა ამ არხის სატელიტზე განთავსებაზე.

ივლისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „პირველი კავკასიური“ მმართველობაში გადასცა კერძო კომპანიას „ქეი –1“–ს, რომლის თანადამფუძნებელია ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი.

ივლისში „ქეი –1“–თან 13.9 მლნ ლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის თანახმადაც „პირველმა კავკასიურმა არხმა“, რომელიც ამჟამად რეორგანიზაციის პროცესშია, მაუწყებლობა არაუგვიანეს 20011 წლის 30 იანვრისა უნდა განაახლოს.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტში „პირველი კავკასიური არხისთვის“, რომელიც მესამე არხის სახელითაა მოხსენიებული, 13.3 მლნ ლარია გამოყოფილი.

წყარო: 

ახალი ამბები