კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველების განცხადება გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით

14 დეკემბერი, 2010
ქართველი უფლებადამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის - გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის.

მიგვაჩნია, რომ როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობა და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სერიოზულ ეჭვს იწვევს და მრავალ კითხვას აჩენს საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების რეალური შედეგებისა და წარმატების შესახებ.

განაჩენის თანახმად, 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის 12-ე საჯარო სკოლის ეზოში არასრულწლოვანმა გ. ყუფარაძემ მოულოდნელად, თანნაქონი დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავის თანაკლასელ არასრულწლოვან თ. ტყემალაძეს მიაყენა მრავლობითი (30-მდე) ჭრილობები ზურგის, კისრისა და ხელის არეში, რომლებიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი თ. ტყემალაძე  სასწრაფო  დახმარების ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შედეგად მოხერხდა თორნიკე ტყემალაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

2006 წლის 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე, დაკავებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10  წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის 5 (ხუთი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა გამოსაცდელ ვადად. ამ დროისათვის გვანცა ყუფარაძე იყო 14 წლის. განაჩენი გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით, მაგრამ იგი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 07.12.07წ. განაჩენით.G 2008 წლის 15 სექტემბერს გ. ყუფარაძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად შემდეგი საფუძვლებით:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე. 

ამასთანავე, გვანცა ყუფარაძე სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ განთავსებული იყო სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად. მოგვიანებით იგი მოთავსებული იქნა აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც ის მოთავსებული იყო 5 თვის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ მასთან შესახლებული იქნა კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო და აღნიშნულ ცალკე ყოფნის საკანს დაარქვეს არასრულწლოვან ქალთა განყოფილება. გ. ყუფარაძე დღემდე აღნიშნულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელიც წარმოადგენს ჩაკეტილი რეჟიმის საკანს.

ამ საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისევე როგორც საქართველოს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმების დაცვა, სერიოზულ ეჭვს იწვევს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით: „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. (მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის) განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს ანუ,  ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“ (სსსსკ 496-ე მ. მე-3 ნაწ.). „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი“ (სსსსკ მე-18 მ.). „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“ (მე-40 მუხლის მე-3 ნაწ. და სსსსკ 132-ე მ. მე-3 ნაწ.). „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა  ერთობლიობა“ (სსსსკ 132-ე მ. მე-5 ნაწ.).

კანონმდებლობის ეს მოთხოვნები არსებითადაა დარღვეული აღნიშნულ საქმეში:

•    საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია,  რაც სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა, სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსაბუთებია (მაგალითად მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ არ იქნა გაზიარებული, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებიბებ, რომლებიც არ იყვნენ ფატის თვითმხილველები, თუმცა ყუფარაძის წინაღდმეგ მისცეს ჩვენება, გათვალისწინებული იქნა);

•    განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებს (მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, თუმცა სასამართლოს ისინი არ განუხილავს და არც მათი გაუთვალისწინებლობის მიზეზები დაუსაბუთებია; არსებითია, რომ ალტერნატიული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ თ. ტყემალაძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი, რომლებიც ურტყამდნენ დაზარალებულს  ორ სხვადასხვა ზომის დანას).

•    სასამართლოს პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები (მაგალითად - დანაშაულის მოტივი, რომელიც ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა.  საქმის  მასალებით  კი დადგენილია, რომ მათ ერთმანეთში, როგორც თანაკლასელებს, ჰქონდათ  კარგი  მეგობრული ურთიერთობა;)

•    სასამართლო განხილვა არ ყოფილა სრული და ყოველმხრივი ( მაგალითად, სასამართლოს არ შეუფასებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, არ შემოწმებულა დაცვის მხარის  მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული  მოსაზრებები და მტკიცებულებები, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ. ამასთან, მსჯავრდებული გ. ყუფარაძე კატეგორიულად უარყოფს რა მის მიერ დანაშაულის ჩადენას).

ამგვარად, ცხადია, რომ განაჩენი არ ეფუძნება საქმეზე შეკრებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა;  არ მომხდარა საქმის სრულად  და ყოველმხრივ გამოკვლევა,  სასამართლოს არ აღმოუფხვრია წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის და არ მოუხდენია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაბუთებული გაბათილება, განაჩენში  ჩამოყალიბებული  დასკვნები  არ შეესაბამება საქმეში  არსებულ  მტკიცებულებებს; სასამართლოს არ განუმარტავს ეჭვი  ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამგვარად, არსებითად დარღვეულია ყუფარაძის მთელი რიგი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.

დაბეჯითებით მივმართავთ ზემოაღნიშნულ ადრესატებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა მათი კომპეტენციის ფარგლებში ამ საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღსრულებისათვის.

ხელისმომწერნი:

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
ყოფილი პოლიტმატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის;
ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის;
მრავალეროვანი საქართველო;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
კავშირი „გეა“ (განათლება, ეკოლოგია, ადამიანი);
მედიაკავშირი „ობიექტივი“;
მოძრაობა „არა“ (ახალგაზრდა რეფორმატორტა ალიანსი); 
აზერბაიჯანელთა კონგრესი;
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი;
საქართველოს პატიმართა თანამეგობრობა (PFG);
თავისუფალი აზრის სახლი;
პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებათა დაცვის ცენტრი;
სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“;
პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი.

ახალი ამბები