კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ ადვოკატი სასამართლო დარბაზში არ შეუშვა

15 დეკემბერი, 2010

ნატალია სარქისაშვილი

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი, რომელსაც გუშინ გამართულ პროცესზე ჟურნალისტის უფლებები უნდა დაეცვა, სხდომის დარბაზში არ შეუშვა. ადვოკატი სასამართლოში რომ მივიდა, მოსამართლე დარბაზში 1 წუთის შესული იყო. ადვოკატმა სასამართლოს მანდატურს განუმარტა, რომ მას ორდერი ჰქონდა, რაც მოსამართლეს მოახსენეს, მაგრამ შორენა ყაველაშვილმა ადვოკატის დარბაზში შეშვებაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის უჩივის. თეთრაული ჟურნალისტისგან, თავდაპირველად, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 10 000 ლარი გადახდას ითხოვდა, მოგვიანებით, მან თანხის რაოდენობა 3 ათას ლარამდე შეამცირა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფას ითხოვს. მისი თქმით, ჟურნალისტმა არაერთხელ უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში.

ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი სარჩელს არ ცნობს და საჯარო მოხელის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი ჟურნალისტის ინტერესების დასაცავად საქმეში 14 დეკემბერს ჩაერთო.

„სასამართლოში 15:02 საათზე მივედი. მოსამართლე დარბაზში ზუსტად ერთი წუთის შესული იყო. ეს იყო მესამე სასამართლო სხდომა ამ საქმეზე. დარბაზის კარებში მდგომ მანდატურს ავუხსენი, რომ ვიყავი ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი და ჟურნალისტის უფლებები უნდა დამეცვა. მოსამართლეს მოახსენეს, მაგრამ დავინახე, მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ორივე ხელის ქნევა დაიწყო უარის ნიშნად, რის შემდეგაც მანდატური კარში ჩადგა და არ მომცა საშუალება, რომ დარბაზში შევსულიყავი. სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა, რომლის ინტერესებიც უნდა დამეცვა, მითხრა, რომ მან განუმარტა მოსამართლეს, რომ ვიყავი ადვოკატი. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დარბაზში არ შემიშვა და დაცვის უფლების განხორციელების საშუალება არ მომცა“, - აღნიშნავს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

მისივე თქმით, საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, მეორე სხდომა 7 დეკემბერს 25 წუთის დაგვიანებით. ორივე შემთხვევაში მოსამართლემ დააგვიანა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმეს არ განიხილავდა.

„29 ნოემბერს სასამართლო სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ მოსარჩელე გელა თეთრაულმა სასამართლოს ავადმყოფობის ცნობა წარუდგინა. ცნობის ასლი მოპასუხისთვის არ ჩაუბარებიათ. ილია მარტყოფლიშვილმა 14 დეკემბერს ჩემი თანდასწრებით დაწერა განცხადება და აღნიშნული ცნობის ასლი მოითხოვა. განცხადება გატარდა კანცელარიაში, მაგრამ ასლის გადაცემაზე მოსამართლის თანაშემწემ უარი განაცხადა და ჟურნალისტი მეორე დღისთვის დაიბარა. ჩემი შენიშვნის შემდეგ, რომ მათ ასლი ჯერ კიდევ 29 ნოემბერს უნდა გადაეცათ მოპასუხისთვის, განმიცხადეს, რომ სასამართლო შენობაში ქსეროქსი გაფუჭებული იყო და ცნობის ასლს ვერ გადაიღებდნენ. მაშინ ილია მარტყოფლიშვილმა წარადგინა მეორე განცხადება, რითაც დედანის გაცნობა და გადაწერა მოითხოვა. ცნობა მას მხოლოდ ამის შემდეგ გააცნეს. ცნობის გასაიდუმლოების მიზეზიც გავარკვიეთ. აღმოჩნდა, რომ ცნობა #1425-ის მიხედვით, რომელიც გაცემულია 25 ნოემბერს, მოსარჩელე გელა თეთრაული ამბულატორიულ მკურნალობას გადის მწვავე ქოლეცისტიტის გამო და იმყოფება ბიულეტინზე. ცნობაში არ არის მითითებული, რომ მას საასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ შეუძლია. ამასთან, ექიმები, რომლებიც ცნობას ხელს აწერენ, არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რადგან ცნობაში არ არის პირდაპირ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სასამართლოზე გამოცხადება არ შეეძლო. ილია მარტყოფლიშვილმა სხდომაზე აუხსნა მოსამართლეს, რომ გელა თეთრაული მარტო სამსახურში კი არა, უქმე დღეებშიც კი ქალაქში დადიოდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, - ამბობს ხუროშვილი.

14 დეკემბრის პროცესზე მოწმის სახით იყო დაბარებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზად ბაღაშვილმა მივლინებაში ყოფნა დაასახელა. მისი თქმით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტრენინგზე იმყოფება.

გელა თეთრაულის ადვოკატის მაია დემეტრაძის განცხადებით, მოსარჩელე მხარე მზად არის მორიგებისათვის, რაზედაც ჟურნალისტი უარს ამბობს.

საქმის სასამართლო განხილვა 24 დეკემბერს, 15:00 საათზე გაგრძელდება. სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტილებას ამავე დღეს გამოიტანს.

ახალი ამბები