კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველები პოლიტპატიმარ ზაზა ჩაკვეტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ

15 დეკემბერი, 2010

სოფო გეწაძე

„ეროვნულ ფორუმის“ წევრი კახა (ზაზა) ჩაკვეტაძე კვლავ პატიმრობაშია. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ჩაკვეტაძე გამოკვეთილი პოლიტიკური პატიმარია. 14 დეკემბერს „თავისუფალი აზრის სახლში“ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ და მედიას სპეციალური მიმართვა გააცნეს.

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე, კახა ჩაკვეტაძე ლილოში, შპს „ელსავაკოს“ ბაზრობის მოვაჭრეების საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს. ჩაკვეტაძეს ბრალად პოლიციის მუშაკის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ედება.
 
უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას ბაზრობა დაკეტილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებს გადაადგილებაში სამოქალაქო ფორმიანი პირები უშლიდნენ ხელს. ტელეკომანია  „კავკასიის“, „მაესტროსა“ და ITV.GE-ს მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რამდენიმე პირი როგორ უმოწყალოდ სცემს მიწაზე დაგდებულ კახა ჩაკვეტაძეს.  ამ დროს სამართალდამცველებმა ჩაკვეტაძე წამოაყენეს და მანქანაში ჩაჯდომა სთხოვეს. ჩაკვეტაძე მათ დაემორჩილა, რის შემდეგაც იგი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. თანაპარტიელები მას პოლიციის სამმართველოებში მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 23 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ კახა ჩაკვეტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ზაზა ჩაკვეტაძის ადვოკატები და უფლებადამცველები პოლიციის მიერ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. როგორც ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე აღნიშნავს, ბრალდებულის  უდანაშაულობა ვიდეომასალიდანაც კარგად ჩანს. ისიც ჩანს, რომ ჩაკვეტაძე თვითონ დაზარალდა - სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი იგი პოლიციამ დააკავა. ადვოკატები ვიდეომასალით ასევე ადასტურებენ, რომ ჩაკვეტაძეს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

საქმესთან დაკავშირებით, ნეფარიძე დაცვის პოლიციის უფლებებზე საუბრობს და ორ გარემოებას გამოყოფს. მისი თქმით, საკითხავია, რამდენად ჰქონდათ ე.წ. დაცვის პოლიციის თანამშრომლებს „სამსახურებრივი მოვალეობის“ შესრულების უფლება და ამ უფლების გამოყენება მაშინ, როცა ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ.

„პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის დღემდე ლილოს ბაზრობას ის პირები არ იცავდნენ, ვინც კადრებში ჩანან. ჩვენ დავადგინეთ, რომ მათთან სამსახურებრივი ხელშეკრულებები უშუალოდ აქციის დღეს 21 ოქტომბერს დაიდო, სავარაუდოდ - ინციდენტის შემდეგ, ძალაში კი 1 ნოემბრიდან შედიოდა. ამდენად, ე. წ. დაცვის პოლიციის თანამშრომლებს იმ დღეს არ ჰქონდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უფლება. და მეორე, დაცვის პოლიციის არც ერთ თანამშრომელს არ ეცვა შესაბამისი ფორმა და არ ჰქონდა განმასხვავებელი ნიშანი, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლსა და საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის #1633 ბრძანებას“.

ადვოკატ სულხან კაპანაძის განცხადებით, ყველა ეს დოკუმენტაცია სასამართლოს უკვე წარედგინა. სასამართლოს ასევე წარედგინა ვიდეომასალაც, სადაც ჩაკვეტაძის უდანაშაულობა მტკიცდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის, ნანა კაკაბაძის თქმით, საქმის გაცნობისთანავე ნათლად ჩანს, რომ ჩაკვეტაძე პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული. ამასვე ადასტურებენ ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის წევრებიც და ამატებენ, რომ საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული, რადგან პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უფრო უნდა ჩათვლილიყო და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციებიც გაჟღერდა. როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების საქმეების ევროსაბჭოსათვის გადაცემა: „აზერბაიჯანმა, მაგალითად, ევროსაბჭოს 700-ზე მეტი პოლიტპატიმრის საქმე გადასცა. მათგან ევროსაბჭომ 7 პოლიტპატიმრად მაშინვე აღიარა. დანარჩენთა საკითხის შესასწავლად კი აზერბაიჯანში სპეციალური წარმომადგენლები გაგზავნა. აუცილებელია ამ გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ევროსაბჭოს განსახილველად ის საქმეები უნდა გადავცეთ, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ ჩანს ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრება. ჩაკვეტაძის საქმე ამ მხრივ გამორჩეულია. მასში ზედაპირულადაც კარგად ჩანს, რასთან გვაქვს საქმე“.

ზაზა ჩაკვეტაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება. ამ დღეს წინასასამართლო სხდომაა დანიშნული, სადაც მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უნდა შეაფასოს.

„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, აუცილებელია სასამართლო პროცესის მონიტორინგი და უფლებადამცველების მუდმივი კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „კარგი იქნება სასამართლოს თუ დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, შიდა და საერთაშორისო ზეწოლა, გავლენას მოახდენს სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე“, – აღნიშნა ბესელიამ.

„თავისუფალი აზრის“ სახლში შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, ამერიკის რესპუბლიკუrი ინსტიტუტი; ასევე - სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

ახალი ამბები