კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა

17 დეკემბერი, 2010
თაზო კუპრეიშვილი, netgazeti.ge

„ქართული სასამართლოები ეთანხმებიან გამოძიებას და ეჭვმიტანილ პირებს უალტერნატივოდ უფარდებენ წინასწარ პატიმრობას. ისინი ყურადღებას არ აქცევენ ეჭვიმატინილის პიროვნებას, პატიმრობის სიმძიმეს და სხვა გარემოებებს“, - განაცხადა იურისტმა ბესარიონ ბოხაშვილმა გუშინ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე.

საინიციატივო ჯგუფმა, რომლის წევრები არიან: ბესარიონ ბოხაშვილი, ნინო ხაინდრავა და თინათინ ხიდაშელი, პრეზენტაციაზე წარადგინეს „წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სამართლის ანალიზი“. აღნიშული კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით ჩატარდა.

კვლევის ავტორების თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო, რამდენიმე გადაწყვეტილება გამოიტანა. „წინასწარი პატიმრობა კონკრეტულ პირებს უნდა შეეფარდოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსაკუთრებული აუცილებლობა; მოსამართლე თუ ჩათვლის, რომ სხვა ალტერნატიულ ღონისძიებას არ შეუძლია უზრუნველყოს პირის წარდგენა სასამართლოზე“, - თქვა ბოხაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადი სტატისტიკა შემაშფოთებელი არაა. სასამართლოები სხვადასხვა სახის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიებებიდან  საქმეების მხოლოდ 46%-ში უფარდებენ პატიმრობას.

სიტუაცია სხვაგვარია, როცა პროკურატურა პირდაპირ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მოსამართლეები უმრავლეს შემთხვევაში შესაბამისი საფუძვლის გარეშე ეთანხმებიან პროკურორთა მოთხოვნას. 

პროკურატურამ 2009 წელს ქართულ სასამართლოს 8713-ჯერ მიმართა ეჭვმიტანილისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის მოთხოვნით. სასამართლომ კი 8198 მოთხოვნა, ანუ მოთხოვნის 94% დააკმაყოფილა. წინასწარი პატიმრობის გაგრძელება 199 ეჭვმიტანილისთვის მოითხოვეს. სასამართლომ ყველა მათგანს ეს ვადა გაუგრძელა.

2008 წელს პროკურატურამ პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება 8197-ჯერ მოითხოვა, სასამართლომ 95%-ზე მეტი დააკამყოფილა. ამავე წელს 191 ადამიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნის შედეგად, 190-ს  აღმკვეთი ღონისძიების ვადა გაუგრძელდა.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოების მსგავსი არატოლერანტული მიდგომა ეჭვმიტანილისადმი ევროპული სტანდარტების დარღვევაა.

დაკისრებული მოვალეობის მიუხედავად, სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს - რატომ არსებობს ეჭვი, რომ ბრალდებული სასამართლოს დაემალება, ან რატომ მიაჩნიათ, რომ ეჭვმიტანილი შეიძლება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებაში ჩაერიოს, ან როგორ შეიძლება მან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე. სასამართლო, ასევე, არ ასაბუთებს იმას, რატომ შეიძლება ეჭვმიტანილის პროცესამდე გათავისუფლებამ დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ. 

კვლევის მიხედვით, სასამართლოები წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას იყენებენ წინასწარ შემუშავებულ ფორმას - „ტემფლეითს“. დოკუმენტში მხოლოდ იცვლება პიროვნების მონაცემები და პატიმრობის შეფარდების ვადები. სხვა დანარჩენი-სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება, მოტივაცია და ა.შ. ყველა საქმეზე ერთნაირია.

თუ საქმე ეხება ჯგუფურ დანაშაულს, სასამართლო ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილთა საქმეს ინდივიდუალურად არ განიხილავს, რაც, ასევე, ევროპული სტანდარტის დარღვევაა. გარდა ამისა, თუ პროკურატურა პიროვნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, მოსამართლეები უმეტესად არ განიხილავენ ალტერნატიულ სასჯელს, მაგალითად, როგორიცაა გირაო.

ბესარიონ ბოხაშვილის თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ გააკრიტიკა ქართული სასამართლოები, წინასწარი პატიმრობის უპირობოდ მისჯის გამო. მან მაგალითად მოიყვანა სტრასბურგში გაგზავნილი საქმე „გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
   
სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ეროვნულ სასამართლოს უნდა მოეძიებინა მყარი არგუმენტაცია წინასწარი პატიმრობის გასამართლებლად. ამის ნაცვლად სასამართლომ გადაწყვეტილება წინასწარ გამზადებულ ფორმაში (ტემფლეითში) ჩაწერილი აბსტრაქტული ფრაზებით დაასაბუთა.

„ხსენებული პრაქტიკა პირდაპირ უთითებს ხელისუფლების ეროვნული ორგანოების მიერ საკითხის განხილვისას „შესაბამისი გულმოდგინების“ არარსებობაზე, რაც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სულისკვეთებას“, - წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ბესარიონ ბოხაშვილის თქმით, სასამართლომ ეჭვმიტანილს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეუფარდოს და გაუხანგრძლივოს წინასწარი პატიმრობა, თუ არსებობს პირის მიმალვის, მართლმსაჯულებაში ჩარევის, დანაშაულის აღკვეთისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე.

მისი თქმით, წინასწარი პატიმრობა შეიძლება წლობით შეეფარდოს ადამიანს, მაგრამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ევროპული სტანდარტის მიხედვით, მყარად უნდა იყოს დასაბუთებული. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლომ შვეიცარიის სასამართლო გაამართლა, როცა მას ნარკოტრეფიკში ბრალდებული პიროვნება 5 წლის მანძილზე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდა. დაკავებული კი გირაოს, 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ითხოვდა გათავისუფლებას. სტრასბურგის მოსამართლეების აზრით, შვეიცარიის ხელისუფლება სწორად მოიქცა, რადგან ნარკოტრაფიკში ბრალდებულ პირს თუ ციხიდან გაუშვებდნენ, არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე, გარდა ამისა, საეჭვო იყო 5 მილიონის წარმოშობის ისტორია. შვეიცარიის პროკურატურამ 12-ჯერ ითხოვა მისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება და ყველა შემთხვევაში, მოთხოვნა საკმარისად იყო გამყარებული.

კვლევის ავტორების თქმით, ქართველი პროკურორების მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის შეფარდება-გაგრძელებასთან დაკავშირებით, ძირითადად, დაუსაბუთებელია. სასამართლო კი უმრავლეს შემთხვევაში ბრმად ემორჩილება პროკურატურის მოთხოვნას.

ახალი ამბები