კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუგებარი სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში

10 იანვარი, 2011
სალომე აჩბა

საქალაქო ტრანსპორტის ოპტიმიზაციამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მგზავრებით გადატვირთული მუნიციპალური ავტობუსები,  გაჩერებებზე სასურველი ტრანსპორტის დიდი ხნით ლოდინი და გაძვირებული მგზავრობა დედაქალაქის დღევანდელი რეალობაა. ასეთი ვითარება თბილისელებს 90-იანი წლების შემდეგ აღარ უნახავთ, როცა საწვავის დეფიციტის გამო, ქალაქში ავტობუსები ფიზიკურად აღარ მოძრაობდა და ხალხი ტროლეიბუსების სახურავებზე ადიოდა, რათა დანიშნულების ადგილას მისულიყო.

ქალაქში გადაადგილება განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა,  რაც მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა შემცირდა, გრძელი მარშუტები კი საერთოდ მოიხსნა. მოსახლეობას ერთი მიმართულებით მგზავრობისას, ხშირ შემთხვევაში, მინიმუმ ორი სატრანსპორტო საშუალების გამოცვლა უწევს. ეს კი დროის გარდა, მგზავრთა ფინანსურ ხარჯსაც იწვევს - მით უფრო იმ ფონზე, როცა ახალი გადაწყვეტილებით, მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა.

ავტობუსების რაოდენობის შემცირების გამო, გაიზარდა გაჩერებებზე  ლოდინის დროც და ტრანსპორტიც იმდენად გადატვირთულია, რომ თუკი გაგიმართლათ და ასვლა მოახრხეთ, ძლიერი ნერვული სისტემა და კარგი ჯანმრთლეობა უნდა გქონდეთ, მგზავრობას ბოლომდე რომ გაუძლოთ და დანიშნულების ადგილამდე მიხვიდეთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ #13 ავტობუსის ყოფილმა მძღოლმა აცნობა, რომ ავტობუსების რაოდენობის მოულოდნელი შემცირების მიზეზი თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა იყო. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ მერიას სთხოვა მისთვის რამდენიმე ავტობუსი გადაეცა ჯარისკაცების გადასაადგილებლად. საუბარია ჰოლანდიურ, ე. წ. სანდრას ავტობუსებზე. ამ ავტობუსების ადგილები კი სხვადასხვა მარშრუტების გაუქმებით და გამოთავისუფლებული ავტობუსების გადანაწილებით შეავსეს. თუმცა, ამ ინფორმაციას არც თბილისის მერიაში ადასტურებენ და არც საკრებულოს ოპოზიციაში.

განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში სტუდენტები აღმოჩნდნენ. ჭავჭავაძის გამზირი ერთგვარი „საუნივერსიტეტო ქუჩაა“, სტუდენტებს კი უნივერსიტეტებში მისასვლელად, როგორც წესი, ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რადგანაც გარეუბნებიდან „ვაკეში პირდაპირ არაფერი მიდის“ - არც ავტობუსები და არც სამარშრუტო ტაქსები.

„ძალიან მიჭირს უნივერსიტეტში ისე მოსვლა, რომ არ დავაგვიანო. ვარკეთილში ვცხოვრობ და ვაკეში მოსასვლელად ორი ავტობუსის გამოცვლა მიწევს. თუმცა ეს კიდევ არეაფერია. მთავარი ისაა, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს საათობით უნდა ელოდო გაჩერებებზე და როცა მოდის, იმდენად გადაძეძგილია, წარმოუდგენელია  იმგზავრო, მით უფრო - დილის სათებში. ამიტომ, ხშირად მიწევს უნივერსიტეტში ტაქსით მგზავრობა, რაც საკმაოდ ძვირი მიჯდება“, - ამბობს სტუდენტი თეონა ლეჟავა.

ავტობუსების რაოდენობის  შემცირებამ, მეტროპოლიტენითა და სამარშუტო ტაქსებით მგზავრობაც გაართულა. მგზავრები ავტობუსებში ვერ ადიან და მათთვის  ალტერნატიული გზა სამარშუტო ტაქსი და მეტროა, თუმცა, ტრანსპორტის ეს სახეობები ყველა მიმართულებით არ მიდის და შესაბამისად, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, მგზავრებს ხშირად დიდი მანძილის ფეხით გავლა უწევთ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური წევრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, შემცირებული ავტობუსების ნაწილი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოწერეს, ნაწილი კი რეგიონებს გადასცეს. მას არაფერი სმენია ინფორმაციის შესახებ, თითქოს ავტობუსების დიდი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა და კოლაფსიც ამის გამო შეიქმნა.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები მგზავრთა ნაკადის დაკვირვების შედეგად განხორციელდა. მუნიციპალური ტრანსპორტი მალე მკაცრად გაწერილი განრიგის მიხედვით იმოძრავებს. საბოლოოდ კი სატრანსპორტო პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა ავტობუსებს ტრამვაი ჩაანაცვლებს. ეს კი 2013 წელს მოხდება. 

ახალი ამბები