კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2010 წელს კახეთში სამმა ბიზნესმენმა თავი მოიკლა

10 იანვარი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა, საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა და „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის მოადგილემ არჩილ სესიაშვილმა. სამივე შემთხვევაში თვითმკვლელობის მიზეზად კომპანიებში საგადასახადო ინსპექციების შესვლა დასახელდა. „დელფინის“ მეპატრონის თვითმკვლელობის შემდეგ კი დადასტურდა, რომ საგადასახადო ინსპექციამ საბითუმო მაღაზია 320 ათასი ლარით დააჯარიმა.

ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა. ცენტრის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ.

მანამდე სამართალდამცავებმა წინანდალში მდებარე „მილდიანების“ ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი და მისი ბიძაშვილი ალექსი მეგუთნიშვილი დააკავეს. ბიზნესმენის დაკავების ოფიციალურ მიზეზად შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და მისი მანქანის დაზიანება დასახელდა.

ჩვენთან საუბარში მაშინ წინანდლის ღვინის ქარხნის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ზურაბ გრძელიშვილს შორის მართლაც მოხდა, ოღონდ მას შემდეგ, რაც კუდ-ის თანამშრომელმა სანდრო მეგუთნიშვილს სართვლოდ ყურძნის ჩაბარება მოსთხოვა, რაზედაც ღვინის ქარხნის ხელმძღვანელმა უარი თქვა.

„გრძელიშვილი ღვინის ქარხანაში მოვიდა და გვითხრა, სანდროს უთხარით გარეთ გამოვიდესო. სანდრო ვერ გავიდა, ფეხს იტკიებდა და დაგვაბარა, შიგნით შემოვიდესო. უშიშროების თანამშრომელი შიგნით შევიდა. საუბარი რთველს შეეხებოდა. გრძელიშვილმა სანდროს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ვერ მივიღებო, - უთხრა სანდრომ. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდრო შეაგინა, სანდრომ მასზე გაიწია. მერე ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში არტყავდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს“, - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. ალექსი მეგუთნიშვილი მალევე გაათავისუფლეს, სანდრო მეგუთნიშვილმა კი რამდენიმე თვე პატიმრობაში გაატარა.

„მე რამდენადაც მქონდა ინფორმაცია, სანამ ეს დაჭერები მოხდებოდა, რამდენიმე სერიოზულმა ღვინის კომპანიამ უარი განაცხადა ყურძნის მიღებაზე, რასაც წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ლოგიკურად მოჰყვა სამართალდამცავი უწყებების გააქტიურება. ვგულისხმობ, იგივე წინანდალის ინციდენტს. ამას წინ უძღოდა კიდევ ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ - ერთი ხელმძღვანელის მიერ თვითმკვლელობის ფაქტი. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ თვითმკვლელობამდე ფირანიშვილი დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე, ცოტა უფრო ადრე კი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ კომპანია „შუმში“ შემოწმებისთვის. ვიცით, რომ არც კომპანია „შუმი“ აპირებდა რთველზე ყურძნის მიღებას“, - ამბობს ლია ხუროშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტი.

14 ნოემბერს თელავში თავი ჩამოიხრჩო საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა. მაღაზიის თანამშრომლების თქმით, შემოსავლების სამსახურმა პაატა პაპალაშვილს 320 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

„320 000 ლარი ჯარიმა დააკისრეს, მაშინ როცა მაღაზიაში ნაშთი 70 000 ლარია. როგორ უნდა გადაეხადა? თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ქვისლისთვის უთქვამს, თავი უნდა მოვიკლა, ამდენი ვალის გადახდა არ შემიძლიაო,“ - აღნიშნა მაღაზია „დელფინის“ თანამშრომელმა რომა სულხანიშვილმა.

„საღამოს 6 საათის შემდეგ „დელფინში“ მოსულა, კარი შიგნიდან ჩაუკეტავს და თავი ჩამოუხრჩვია. მანამდე ახლობლისთვის დაურეკავს, ცუდად ვარ და მომხედეო. როცა ის მისულა, პაატა უკვე ჩამომხრჩვალი ყოფილა. ალბათ იმიტომ დარეკა, რომ გარდაცვლილი ეპოვათ,“ - განაცხადა მეზობელი მაღაზიის თანამშრომელმა ეთერ ჯეირანაშვილმა.

დეკემბრის შუა რიცხვებში თავი კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მოიკლა. ყვარლის რაიონში მდებარე „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის მოადგილემ, სოფელ გავაზში მცხოვრებმა 47 წლის არჩილ სესიაშვილმა თავი ვენახში ჩამოიხრჩო. გავაზის მაცხოვრებლების თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა, რის გამოც კომპანია დააჯარიმეს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორი დიმიტრი ლებანიძე. მისი თქმით, საგადასახადო ინსპექციას კომპანიაში დარღვევები არ აღმოუჩენია და არც დაჯარიმება მომხდარა.

სოფელ გავაზიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვალერი ვარადაშვილის განცხადებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე არჩილ სესიაშვილი მასთან იყო მისული და მიწებთან დაკავშირებით რაღაც დეტალის გარკვევა სთხოვა. „მაგრამ ამ შემთხვევაში გადასახადელი თანხა, როგორც მახსოვს 70 - 80 ლარს არ აღემატებოდა“,- აღნიშნა ვარადაშვილმა. მისივე თქმით, არჩილ სესიაშვილი გაწონასწორებული ადამიანი იყო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა.

ბიზნესმენების თვითმკვლელობის ფაქტებზე შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი სიბაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე: „შეიძლება სხვებმაც მოიკლეს თავი, მაგრამ ხელისუფლება არაფერ შუაშია. სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები თავს იკლავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამაზე კომენტარი უნდა გააკეთოს. შეიძლება არა სამი, არამედ უფრო მეტი შემთხვევაც იყოს, მაგრამ ადამიანები თვითმკვლელობის შესახებ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ძალიან ცუდია“.

ახალი ამბები