კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გდი-ის კახეთის ბიუროს უფროსი: „ფეხებზე მკიდია მოქალაქეები რაზე ჩივიან“

14 იანვარი, 2011

გელა მთივლიშვილი,კახეთი

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს უფროსის ირაკლი დობორჯგინიძის განცხადებით, ის სახელმწიფო დავალებას ასრულებს და არ აინტერესებს მოქალაქეები უფლებადაცვით ორგანიზაციებში რაზე ჩივიან. „მე სახელმწიფო დავალებას ვასრულებ და ფეხებზე მკიდია მოქალაქეები რაზე ჩივიან“, - განაცხადა დობორჯგინიძემ.

სოციალურად დაუცველი ლიზა სარქისაშვილი გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს ინსპექტორებს უკანონოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს და ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების გაუქმებას ითხოვს.

„2010 წლის 29 სექტემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე ნინო ნაცვლიშვილის კუთვნილი მაღაზიის წინ მდგარი მწვანე ნარგავი გავასუფთავე ხმელი ფოთლებისგან. ხმელი ფოთლები ჩავალაგე ცელოფნის ტომარაში და დავდე შენობის კუთხეში, რათა დილით დასუფთავების მანქანას წაეღო. აღნიშნულ მაღაზიაში ვმუშაობდი გამყიდველად. ვიდრე მაღაზიას დავკეტავდი, შემოვიდა ორი პიროვნება, რომლებმაც განმიცხადეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის ინსპექციიდან, თუმცა არ უთქვამთ ჩემთვის თავიანთი გვარი და სახელი. მე მათ განვუმარტე, რომ ნაგვის მანქანა ამ სოფელში დადის კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს და მთელი სოფელი ოთხშაბათს საღამოს ტოვებს პარკებით ნაგავს, ნარჩენს, ყველა თავის ქუჩის კართან. მანქანა დილით ადრე რვა საათზე მოდის, ამიტომ მეც გავამზადე დილისთვის. მათ შეადგინეს ოქმი, რომელიც ჩემთვის არ წაუკითხავთ. ახალგაზრდებმა განმიმარტეს, რომ ამ ოქმით მე არაფერი არ დამეკისრებოდა, უბრალოდ დააფიქსირეს არსებული გარემოება. 2010 წლის 3 ნოემბერს კი ტელეფონით მაცნობეს, რომ 4 ნოემბერს გაიმართებოდა ოქმის განხილვა. 4 ნოემბერს გამოვცხადდი ოქმის განხილვაზე, სადაც განვმარტე, რომ ჩემს მიერ არ მომხდარა არანაირი სამართალდარღვევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2010 წლის 29 ნოემბერს ჩამბარდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ #21376 დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ მე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დამეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის 16,13 ლარის ანაზღაურება“, - აღნიშნა ლიზა სარქისაშვილმა.

სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ, ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება ადმინისტრაციული წესით გარემოს დაცვის მინისტრის სახელზე გაასაჩივრა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი განსახილველად გდი-ს კახეთის ბიუროს გაუგზავნა, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, მოქალაქემ ის სად და რა ვადაში უნდა გაასაჩივროს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი, რომელმაც ლიზა სარქისაშვილის საქმე შეისწავლა, ამბობს, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს ისნპექტორებმა ლიზა სარქისაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკანონოდ შეუდგინეს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა მუხლის დისპოზიციაში მითითებულია, რომ დაჯარიმებას გამოიწვევს „სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა“. ლიზა სარქისაშვილის მიერ შესრულებული ქმედება არანაირად არ ჯდება მითითებულ დისპოზიციაში. ხმელი ფოთოლი, რომელიც ქუჩაში მდგარ ბუჩქს ჰქონდა, რაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, არ არის საყოფაცხოვრებო ნარჩენი. მას არსად არ ჩაუყრია ფოთოლი, არ გადაუგდია ცელოფნის ტომარა, არ დაურღვევია ნაგვის გატანის წესი, რადგან იგი მოათავსა იმ ადგილას, საიდანაც მანქანა წაიღებდა. ამ ფაქტს მოწმეებიც ადასტურებენ. წასაღებ საყოფაცხოვრებო ნაგავსაც სოფლის მოსახლეობა წინასწარ ამზადებს ტომრებში და ამზადებს მანქანისთვის ხუთშაბათს დილით წასაღებად. მუნიციპალიტეტების სოფლებში ნაგვის გატანის სხვაგვარი წესი არ არსებობს. ამას დასფთავების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ადასტურებს“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, „დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურომ არ დაადგინა, რაში გამოიხატა ლიზა სარქისაშვილის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, ან საიდან იქნა 16 ლარის ზარალი დადგენილი“.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 4 თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა 400 000 ლარს გადააჭარბა. სამინისტროს მონაცემებით, რესპუბლიკის მასშტაბით 12 000-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა და აღნიშნულის გამო, ძირითადად, ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ.

ახალი ამბები