კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფლების ქარტია“ საპოლიციო ძალებს აძლიერებს

18 იანვარი, 2011
შორენა ლათათია, iwpr.net - კავკასია

საქართველოს პარლამენტი იმ კანონის მიღების ზღვარზეა, რომელიც საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილ თანამშრომლებს უკრძალავს საჯარო თანამდებობების დაკავებას და აძლიერებს უსაფრთხოების სამსახურს. „თავისუფლების ქარტიის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის მიერ არის ინიცირებული. მას მხარი დაუჭირა მმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. კანონი მეორე მოსმენით დამტკიცდა დეკემბერში და საბოლოოდ თებერვლის ბოლოს მიიღებენ, როცა დეპუტატები ზამთრის შესვენებიდან დაბრუნდებიან.

„თავისუფლების ქარტიის“ მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაცია, ასევე კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით ღონისძიებების გატარება. მას შემოაქვს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სტრატეგიულ შენობებსა და გადაზიდვებზე, ავალდებულებს ბანკებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ორგანიზაციების თუ ინდივიდების მიმართ განხორციელებული მსხვილი საბანკო ტრანსფერების შესახებ.

ინიციატორთა აზრით, „თავისუფლების ქარტია“ არის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით შექმნილი დამატებითი დოკუმენტი, რომლის შექმნის მიზეზიც  ქვეყანაში არსებული რეალობაა: აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე - ყოფილი საბჭოთა სპეციალური სამსახურებისა და მათი სამართალმემკვიდრეების ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.

„საქართველოში გვაქვს მთელი თაიგული ტერორისტული საქმიანობისა და მოღვაწეობისა რუსეთის მხრიდან. არაფერს ვამბობ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცებაზე და აფეთქებაზე, რაც უკვე ოკუპანტების თავისუფალი ქცევაა. ზოგიერთ ქვეყანაში, უბრალოდ, პრევენციის გამო მიიღეს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ მივიღოთ ასეთი კანონი“, - აცხადებს გია თორთლაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველის პარტიის წევრმა პავლე კუბლაშვილმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს „კანონპროექტის პრინციპებსა და სულისკვეთებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში“.’

ოპოზიციონერთა და უფლებადამცველთა ნაწილი შიშობს, რომ აღნიშნული კანონი მეტად გააძლიერებს უსაფრთხოების სამსახურს და ზუსტად იმ თავისუფლებებს შეუქმნის საფრთხეს, რომელთაც მისი ინიციატორები უჭერენ მხარს.

დებატების დროს, „ქართული დასის“ წარმომადგენელმა ჯონდო ბაღათურიამ პროტესტი გამოთქვა საპოლიციო ძალების ნებისმიერი გაფართხოების შესახებ. „ხელისუფლება ამას გამოიყენებს მოქალაქეთა გასაკონტროლებლად“, - განაცხადა დეპუტატმა.

თუმცა, კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კოკო გამსახურდიამ მხარი დაუჭირა „ლუსტრაციის“ ინიციატივას - ყოფილი სუკ-ის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო სამსახურის დაკავების აკრძალვას.

ექსპერტები ადამიანის უფლებათა საკითხებში წუხილს გამოთქვამენ, რომ მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სიბრაზესა და უსაფრთხოების ინტერესებს ძირითად თავისუფლებათა შესაზღუდად იყენებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის შექმნა ბოლო დროს მიმდინარე ტენდენციის გაგრძელებაა: „ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში არაერთი უარყოფითი ცვილება შევიდა ქართულ კანონმდებლობაში, რითაც მნიშვნელოვნად  შეიზღუდა ადამინის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ასევე მაღალია ალბათობა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში ხელისუფლება მას გამოიყენებს, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის კიდევ ერთ ღია ბერკეტს. ვფიქრობ, ქვეყანაში სიტუაცია ხელოვნურად იძაბება, იქმნება მტრის ხატი, რათა ეს ყველაფერი შემდეგ ხელისუფლებამ ოპოზიციური და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენოს. არც ისაა გამორიცხული, რომ საბანკო ოპერაციების კონტროლით დაფინანსების წყაროების გადაკეტვას შეეცადონ“.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ქართული პოლიცია ისედაც საკმაო თავისუფლებით სარგებლობდა და მათი უფლებამოსილების გაზრდა საჭირო აღარ არის.

„დღეს ქართულ პოლიციას არაფერი უშლის ხელს, ებრძოლოს ტერორიზმს“, - აცხადებს ასოციაცია „სამართლიანობა და თავისუფლების“ ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, - „ყოველგვარი ქარტიის მიღების გარეშეც ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არადემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩვენი საუბრები შსს-ს მიერ ისმინება. ამ ახალი კანონით ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს და ახდენს დემონსტრირებას, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს“.

ირაკლი სესიაშვილი კანონპროექტის ინიციატორ დეპუტატს, გია თორთლაძეს  „დემოკრატიის მესაფლავე ოპოზიციონერს“ უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა აქტი“ აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით მიიღეს, რასაც საზოგადოების მხრიდან სერიოზული პროტესტი მოჰყვა. 4 წლის შემდეგ კი  ეს კანონი ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კიდეც.

ახალი ამბები