18:26, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კერძო სკოლებს მანდატურები არ სჭირდებათ

26.01.2011

სალომე აჩბა

საჯარო სკოლების შემდეგ, მანდატურების პროგრამა წელს, კერძო და პროფესიულ სასწავლებლებშიც დაინერგება. საქართველოს მთავრობის ამ ინიციატივის განხილვას პარლამენტი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობისას აპირებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მანდატურების პროგრამა  საჯარო სკოლებში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი დანერგვა კერძო და პროფესიულ სასწავლებლებშიც გამართლებულია.

ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება კიდევ ერთი ნაბიჯია სკოლების პოლიტიზაციისკენ. „საგანგაშო ვითარებაა განათლების სფეროში, სადაც სხვა სფეროების მსგავსად, შეინიშნება პოლიციური კონტროლის გაძლიერების ტენდენცია“, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ამ და სხვა აქტუალურ ქართულ თემებზე 27 იანვარს ვაშინგტონში, ორგანიზაცია ნედში (National Endowment for Democracy, NED) გამართავს პრეზენტაციას „არც ისე ვარდისფერი შედეგები: საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ“.

როგორც humanrights.ge-ს განათლების სამინისტროს პრესცენტრმა განუმარტა, მანდატურების პროგრამა კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება და ისინი სკოლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუკი სკოლის დირექცია განათლების სამინისტროს შესაბამისი თხოვნით მიმართავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას რამდენიმე კერძო სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მათ სკოლებში მანდატურების შეყვანის არანაირი აუცილებლობა არ არის.

„ჩვენი სკოლა მანდატურების შემოსვლის წინააღმდეგია. სწავლების განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან ამის საჭიროება არ არსებობს. ბოლო წლებში ჩვენი სკოლის მოზარდებში კონფლიქტური სიტუაციები, ან რაიმე სახის დაძაბულობა საერთოდ არ ყოფილა. ვალდორფის პედაგოგიკა მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და ვალდორფის არც ერთ სკოლას არასოდეს  ჰყოლია მანდატური. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი“, – ამბობს თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ჯავაშვილი.

„საჯარო და დიდ სკოლებს მანდატური ნამდვილად ჭირდებათ. რაც შეეხება კერძო სკოლებს და კონკრეტულად ჩემს სკოლას, სულ 160 მოსწავლე გვყავს და მანდატურების აქ შემოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ. კერძო სკოლას მაშინ აარსებ, როცა თავად შეგწევს ძალა, სკოლას მიხედო და თავად იზრუნო მოსწავლეების უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დაცვის სისტემა და ვფიქრობ, დაცვის სამსახური ყველა სკოლას ჭირდება. ხოლო მანდატური, რომელიც უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აკონტროლებს, ჩვენს სკოლას არ სჭირდება“, - ამბობს იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა „იბერიას“ დირექტორი, ნინო ზაქარეიშვილი.

„ჩვენ სკოლაში მანდატურის საჭიროება არა გვაქვს, რადგანაც მოსწავლეთა კონტიგენტი არც ისე დიდია და ძირითადად დაწყებითი და საშუალო საფეხურის კლასები გვყავს. თუმცა, თუკი სამინისტროს მოთხოვნა იქნება,  რომ ყველა სკოლაში, მათ შორის კერძო სკოლაში შევიდეს მანდატური, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედვთ“, - ამბობს ბაკურ სულაკაურის სკოლის დირექტორი მარინა ბედოშვილი.

„მანდატურები ვფიქრობ, ყველა სკოლაშია აუცილებელი. ჩვენ სკოლას ჰყავს თავისი კადრები, რომლებიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ისინი წლებია, აქ მუშაობენ და მათი წყალობით ჩვენს სკოლაში, ფაქტობრივად, არასოდეს ყოფილა მოსწავლეებს შორის კონფლიქტური სიტუაციები. მე ვისურვებდი, რომ თუკი მანდატურები ყველა სკოლაში უნდა შევიდნენ, ჩემი კადრები გადამზადდნენ მანდატურების პროგრამით და ისევ მათ გააგრძელონ ამ სკოლაში მუშაობა“,  – ასეთ კომპრომისულ ვარიანტზე ფიქრობს ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რომლებიც ამ ეტაპზე უპასუხოდ რჩება: თუკი საჭიროება არ არსებობს, რატომ შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები? იმიტომ ხომ არა, რომ შსს-სა და განათლების სამინისტროს ტანდემს ახლა კერძო სკოლებშიც სჭირდება აგენტები, რომლებიც არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც გააკონტროლებენ?

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC