11:50, Tuesday, 24.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტური გამოძიება - გომბორის გზის მილიონები

27.01.2011

თეა თოფურია, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. გზის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. „ადრე სპეციალურად აკეთებდნენ ხოლმე ცუდად და მერე რემონტებში ფული იხსნებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გომბორის გზა გახსნიდან 2 თვეში მწყობრიდან გამოვიდა.

ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის აღდგენის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2008 წელს მიიღო. ვაზიანი - გომბორი - თელავის გზა 45 კილომეტრით მოკლეა, ვიდრე თბილისი - ბაკურციხე - გურჯაანი - თელავის გზა. გომბორის გზის აღდგენის აუცილებლობას მთავრობა კახელი გლეხების ხელშეწყობით და რეგიონში ტურიზმის განვითარებით ხსნიდა. მსოფლიო ბანკმა პროექტი ეკონომიკურად მომგებიანად მიიჩნია და მთავრობას გზის აღსადგენად 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი გამოუყო. ეს თანხა, თავის პროცენტთან ერთად, 20 წლის ვადაში უნდა დაიფაროს.

2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს, საერთო ეროვნული ტელეკომპანიების ეთერში ვაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზის გახსნის შესახებ არაერთი სიუჟეტი გავიდა.

„თბილისიდან თელავამდე პრეზიდენტი სწორედ ამ გზით ჩავიდა. იგი კმაყოფილი დარჩა შესრულებული სამუშაოებით, რადგან ამიერიდან თბილისიდან თელავამდე ჩასვლა ერთი საათით ნაკლებ დროშია შესაძლებელი. აღნიშნულ გზაზე აშენდა ორი ახალი ხიდი, ოთხს კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. პრეზიდენტის განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში ეს გზა დაკეტილი იყო და მნიშვნელოვანია ის, რომ ძველი ვიწრო და საშიში გზა საგრძნობლად გაფართოვდა“, - აცხადებდნენ საინფორმაციო გამოშვებების წამყვანები.

„როდესაც აქ გია არსენიშვილი იყრიდა კენჭს, კახელებს სწორედ ამ გზის აღდგენას დაპირდა. გია აქ გუბერნატორი იყო და მართლაც ძალიან გვიყვარს. მისი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება იყო აქ გზის გამოყვანა. მინდა რომ ყველას ახსოვდეს - ჩვენს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ, ჩვენი დეპუტატები საკუთარ დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ. არ ყოფილა მომენტი, რომ ბატონ გიას ეს არ შეეხსენებინა ჩემთვის. სხვა რომ არაფერი ვთქვა, მრცხვენოდა კიდეც მასთან შეხვედრა ეს გზა რომ არ დასრულებულიყო. აი, რას ნიშნავს როდესაც მთავრობა, დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა უწყებები ერთად მუშაობს. დაპირებები ასე სრულდება. მინდა ბატონ გიას და ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იმავე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმდენად მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რომ 10 წლის განმავლობაში გზას პრობლემა არ ექნებოდა.

რამაზ ნიკოლაიშვილი: „გზა გაკეთებულია და საერთოდ პრობლემა არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეაბილიტაციაში ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ფულს ვიხდიდით, ბატონო პრეზიდენტო, გარანტიას ვიძლევი, რომ 10 წელი ამ გზას პრობლემა არ ექნება“.

მიხეილ სააკაშვილი: „ადრე როგორ იყო? სპეციალურად აკეთებდნენ ცუდად, მერე ფული იხსნებოდა ვითომ რემონტებში. რატომ გვქონდა ყოველთვის ცუდი გზები? იმიტომ, რომ ფული იხსნებოდა იმაში, რომ ცოტას რაღაცას გააკეთებდნენ და მერე სულ რემონტი და ორმო, ორმო, ორმო და სინამდვილეში ყოველ წელს ვიღებდით ცუდ გზას“.

პრეზენტაციიდან 2 თვეში

ახლადრეაბილიტირებული გზის გახსნიდან ორი თვეც არ იყო გასული, გზა მწყობრიდან რომ გამოვიდა.

მადონა ბატიაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი: „12 ნოემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის დავალებით, გომბორის ხეობის სოფლებში ვიყავი მივლინებით გაგზავნილი, ფოტორეპორტაჟის მოსამზადებლად. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოფლებიდან ფოტორეპორტაჟებს ვამზადებთ. სოფელ უჯარმაში ჩასვლა დამაგვიანდა. ახლადრეაბილიტირებული გზა უკვე დაზიანებული იყო. ასფალტი ბევრგან დაბზარული და აყრილი, ნაპირები კი ჩანგრეული დაგვხვდა. რამდენიმე ადგილი დამეწყრილიც იყო. მუშებიც შემხვდნენ, რომლებიც დაზიანებულ გზას ასწორებდნენ. მათ მითხრეს, რომ გზა მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული და ამიტომ ზიანდება“.

სპეციალისტების თქმით, ასფალტის საფარის სისქე 7-დან 12 სანტიმეტრამდე უნდა იყოს, რომ დატვირთვას გაუძლოს. ჟურნალისტური გამოძიებისას ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის რამდენიმე დაზიანებულ მონაკვეთზე ჩვენმა კორესპონდენტებმა ასფალტის საფარის სისქე გაზომეს და 3 - 4 სანტიმეტრი აღმოჩნდა.

გზა დაბზარულია და დეფორმირებული (დატალღული). ხშირად გვხვდება მონაკვეთები, სადაც ასფალტი ხელახლაა დაგებული. გარდა ამისა, გზაზე არსადაა ადგილი, სადაც მანქანის გადაყენება შეიძლება, რამაც შესაძლოა ავარიული სიტუაცია შექმნას.

დაზიანებულ გზაზე ჯებირსამაგრი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

დემურ მეტრეველი, გზის მშენებელი: „ჯებირსამაგრს ვაკეთებთ, გაბიონს ვაშენებთ. სამინისტრომ მოგვიწვია. 4 ადგილზეა საჭირო ამის გაკეთება“.

კითხვაზე, თუ რატომ დაზიანდა რეაბილიტირებული გზა ასე მალე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეტარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა გვიპასუხა: „აღნიშნულ გზაზე არსებობს მეწყერული ზონები, რომლებიც პერიოდულად აქტიურდება და იწვევს სავალ ნაწილზე მცირე დეფორმირებებს. მათი აღმოფხვრა სისტემატურად ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ“.

სოსო მელითაური, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი: „ამ მონაკვეთზე თავიდან ასფალტის დაგებასაც არ ვაპირებდით, რადგან მეწყერია და მაინც ფუჭდება. შეიძლება ხიდი ან გვირაბი გააკეთო, მაგრამ ასეთი ხარჯის გაღება მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ, ისევ ასფალტი ვარჩიეთ. რამდენჯერაც დაზიანდება, იმდენჯერ უნდა შეაკეთონ. სხვა გამოსავალი მანდ არ არის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით, მეწყერს, რომელიც ამ გზაზეა წარმოქმნილი, არაფერი ეშველება. „ის გზას ყოველთვის დააზიანებს და პერიოდულად უნდა შეაკეთონ“, - აღნიშნავს ჭიპაშვილი.

რეაბილიტირებული გზის რამდენიმე მონაკვეთი (დაახლოებით 500 მეტრი) მართლაც მეწყერულ ზონაშია მოქცეული, მაგრამ გზა ისეთ ადგილებზეცაა დაზიანებული, სადაც მეწყერი არ არის.

„ის, რომ ჯერ ასფალტი დაიგო და მერე რაღაცეები კეთდება, არის იმის გამო, რომ გზის გახსნას ჩქარობდნენ. გომბორის გზა დაჩქარებული ტემპით გააკეთეს. მე რამდენადაც ვარ ინფორმირებული, გომბორის გზის რეაბილიტაცია მომავალ წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ზემდგომი ორგანოების ბრძანების შესაბამისად, მშენებლებმა მშენებლობა დააჩქარეს, რომ რთველისთვის მოესწროთ. ასეთი სწარაფი ტემპი იწვევს ხანდახან ტექნოლოგიურ პროცესებში და ორგანიზაციულ ხარისხში რაღაც გადახრებს“, - აღნიშნა გზების მშენებლობის სპეციალისტმა დავით ბურდულაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

მსოფლიო ბანკის მიერ მოწოდებულ პროექტში გზის მშენებლობის ვადად მართლაც სულ სხვა პერიოდია დასახელებული. პროექტის მიხედვით, სამუშაოები 2009 წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო და 2013 წლის მაისში დამთავრებულიყო. სამუშაოების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, ეს ვადა საკმაოდ ლოგიკურია: კვლევები, ელექტროსადენების და სხვა ნაგებობების გადატანა, ხიდების რეაბილიტაცია, ნიადაგის გამაგრება და ა.შ. სამუშაობის ნუსხა საკმაოდ გრძელია.

საქართველოს პრეზიდენტმა დაუმთავრებელი გზა რომ გახსნა, ამას მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №312 დადგენილებაც ადასტურებს. ამ დადგენილებით, რომელსაც ხელს პრემიერ - მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს, ვაზიანი - გომბორი - თელავის საავტომობილო გზის 28-ე კმ და 54-ე კმ მონაკვეთის მშენებლობა - რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად, სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამმართველოს თელავისა და საგარეჯოს სატყეო უბნებიდან 78480.7 მ2 მიწის ფართობი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხა.

სერიოზული დარღვევები ვაზიანი - გომბორი - თელავის გზასთან დაკავშირებით გზის რეაბილიტაციის დაწყებამდეც დაფიქსირდა.

დარღვევა 1 - არაობიექტური ტენდერი

2008 წელს სატენდერო კომისიამ ჩაატარა ტენდერი (სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების მომზადების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევის შესყიდვა). კანონის მიხედვით, ტენდერი იმისთვის ტარდება, რომ რამდენიმე კომპანიისგან საუკეთესო შეირჩეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ტენდერი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე კომისიამ არ დაადგინა პრეტენდენტთა შეფასების კრიტერიუმები და პრიორიტეტულობის კოეფიციენტები. კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, სატენდერო კომისიამ ეს მონაცემები მხოლოდ ტენდერის მეორე ეტაპზე განსაზღვრა.

„არადა, სწორედ ეს მაჩვენებლები ასრულებს ერთ - ერთ მთავარ როლს გამარჯვებულის გამოსავლენად. პროცედურების დაუცველობამ, შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონია ტენდერის შედეგზე. სატენდერო კომისიისთვის პირველივე ეტაპზე ცნობილი ხდება მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას საშუალება აქვს, ეს კრიტერიუმები რომელიმე კომპანიის მონაცემებს შეუსაბამოს. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარ ცოდნა კომისიას ასევე აძლევს შესაძლებლობას, დაადგინოს ისეთი პრიორიტეტები, რომლითაც კონკრეტულ პრეტენდენტს გაამარჯვებინებს. შესაბამისად, კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფით სატენდერო კომისიამ შექმნა არაობიექტურობისა და მიკერძოების პირდაპირი შესაძლებლობა“, -  ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა, რომელიც ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის რეაბილიტაციის მონიტორინგს ახორციელებდა.

საბოლოოდ, ამ ტენდერის შედეგად კომპანია „ტრანსპროექტი“ შეირჩა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის დირექტორი ტალი ტალიაშვილი 2007 წელს შემოსავლების სამსახურმა დააკავა. მას სხვებთან ერთად ბრალად სამუშაოს მოცულობების ხელოვნურად გაზრდა და 2 მილიონი ლარის მითვისება ედებოდა.

დარღვევა 2 - ორ პროექტში მოხვედრილი 10 კილომეტრიანი მონაკვეთი

საქართველოს მთავრობისგან ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის მშენებლობის პროექტის მომზადება საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა დავალებული. ამასთან, განკარგულებაში მითითებულია, რომ გზის ის მონაკვეთები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს არ საჭიროებს, მხოლოდ უნდა შეაკეთონ.

განკარგულების შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის 58-ე კმ-ის და 67.4 კმ-ის მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის შედეგად სამუშაოების განხორციელების უფლება შპს „მტკვარმა“ მოიპოვა. მოგვიანებით, ტენდერი მეორედ გამოცხადდა, თუმცა, იგი შეეხებოდა არა გზის დარჩენილ მონაკვეთს, არამედ მის სრულ სიგრძეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „მტკვრის“ მიერ შესაკეთებელი 10 კილომეტრიანი მონაკვეთი ახლა უკვე მეორე პროექტშიც მოხვდა.

თათული თოდუა, იურისტი: „საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2008 წლის ივნისის ბოლოს, თითქმის ერთდროულად გამოაცხადა ორი ტენდერი და 10 კილომეტრიანი მონაკვეთი ორივე ტენდერის შესყიდვის ობიექტი აღმოჩნდა“.

დარღვევა 3 - ზედმეტი 300 ათასი ლარი

ტენდერის ჩატარებისას (სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების მომზადების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევის შესყიდვა) სატენდერო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული - 1 944 640 ლარის სატენდერო წინადადებით. ამ მოცულობის სახსრები გეგმით გათვალისწინებული არ იყო. 2009 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის თანახმად, დეპარტამენტს მხოლოდ 1 649 400 ლარი შეეძლო გაეცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა განმარტავს: „მოცემულ შემთხვევაში, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებული იყო, ტენდერი უარყოფითი შედეგით დაესრულებინა“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კანონი დაარღვია და საკუთარ თავზე 300 ათასი ლარით მეტი ფინანსური ვალდებულება აიღო.

დარღვევა 4 - „დეპარტამენტის გაგებით“

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის I ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერის შესახებ განცხადება რომელიმე საერთაშორისო მედია ორგანიზაციის მეშვეობით უნდა გამოექვეყნებინა. დეპარტამენტმა განცხადება მხოლოდ თბილისში გამომავალ გაზეთ „24 საათის“ ინგლისურენოვან ვერსიაში დაბეჭდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გაზეთი საელჩოებს ურიგდება.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და არც საავტომობილო გზების დეპარტამენტში კომენტარი არ გააკეთეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობითი განცხადებაც გაუგზავნა, რომლითაც ტენდერებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე განმარტება ითხოვა. ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად, დეპარტამენტმა განმარტება არც ოფიციალური მიმართვის საფუძველზე გააკეთა.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ მიმართა მსოფლიო ბანკსაც, რათა გაერკვია, რამდენად კმაყოფილია შესრულებული სამუშაოთი სესხის გამცემი ორგანიზაცია. როგორც ბანკის წარმომადგენელმა სოსო მელითაურმა აღნიშნა, მათ მხოლოდ ის შეამოწმეს, რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი პროექტი ბანკის სტანდარტებს, უშუალოდ ხარჯვითი ნაწილის კონტროლი და სამუშაოების მონიტორინგი კი მათ არ ევალებათ.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ზურა შიშმანაშვილი
2011-12-22 19:50
რატომაა რომ, პრეზიდენტს მიაჩნია თელავი სოფლად და კახელები გლეხებად? მიუხედავად სოციალური ფენის? ეს მარტო გზის პრობლემა კი არა, ყველა დანარჩენი ქართველის პრობლემაა კახელების მიმართ
სახელი: თენგიზი
2011-01-28 09:20
აღნიშნული გზის მონაკვეთი ;თბილისი-უჯარმა-სასადილო ნამდვილად კარგია,ხოლო სასადილო-გომბორი-თელავი არ ვარგა.კარგი იქნებოდა სტატიის ავტორებს ეს მომენტი გაერკვიათ,რადგან ამ მონაკვეთებს ორი სხვადასხვა კომპანია აშენებდა.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC