02:55, Thursday, 23.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დევნილთა გამოსახლების დროს იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

01.02.2011

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეშფოთებულია, რომ თბილისში 20-24 იანვარს დევნილების გამოსახლება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებით ის ფაქტია საგულისხმო, რომ შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტურებმა დროულად არ აცნობეს დევნილებს გამოსახლების თარიღი.

გადასახლებამდე ზოგიერთ დევნილს არ მიუღია ფინანსური კომპენსაცია და ასევე მონიტორებს არ მიეცათ საშუალება, დაკვირვებოდნენ გამოსახლების პროცესს. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, დევნილებისათვის შეთავაზებული ალტერნატიული ფართები არ შეესაბამება საცხოვრებელ სტანდარტებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია მიესალმება 2010 წლის ოქტომბერში სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) შემუშავებას, რითაც რეგულირდება დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილების გამოსახლება და განსახლება. თუმცა, ორგანიზაცია წუხს, რომ ბოლოდროინდელი გამოსახლების პროცედურები სოპ-ის შესაბამისად არ მომხდარა.

20-24 იანვარს დაახლოებით 600 დევნილი გამოასახლეს 22 საცხოვრებელი ადგილიდან. მათი უმრავლესობა აღნიშნულ შენობებში 2008 წლის ომის შემდეგ შესახლდა, მაგრამ მათ შორის იყვნენ 1990-იანი წლების დროს დევნილი ოჯახებიც. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული შენობები დევნილებმა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიკავეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოსახლების სამთვიანი მორატორიუმის დეკემბრის დასაწყისში აღრიცხულ ოცდაორივე შენობაში მცხოვრებ დევნილებს დაუგზავნა შეტყობინებები და აცნობა რომ ათ დღეში მათი გამოსახლება დაიწყებოდა. შეტყობინებებში მათ ასევე აცნობეს სავარაუდო დახმარების შესახებაც. 

დეკემბრის თვეში დევნილების მიერ გამართული საპროტესტო აქციების გამო, ხელისუფლებამ გამოსახლების პროცესი კვლავ გადადო 2011 წლის იანვრამდე. შედეგად, ვინაიდან წინა შეტყობინების მიხედვით დაგეგმილი პროცედურები არ ჩატარდა, სამინისტრო ვალდებული იყო, დევნილებისათვის ახალი შეტყობინებები გაეგზავნა და მიეთითებინა გამოსახლების ზუსტი თარიღი, რათა ისინი მომზადებულიყვნენ. როგორც დევნილები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ (ისინი აკვირდებოდნენ გამოსახლების პროცესს), უმრავლეს შემთხვევაში, პოლიციამ ხალხი გამოსახლების შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა.

20 იანვარს დილით ადრე დაახლოებით 100 ოჯახი გამოასახლეს ორხევის დასახლებაში მდებარე ყოფილი საბაჟოს შენობიდან და ბაგებში მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შენობიდან. გავრცელებული ინფორმაციით, გამოსახლების პროცედურები დაიწყო დილის 7:00 და 7:30 საათზე. როგორც დევნილებმა  „ამნესტი ინტერნეიშენალს“ განუცხადეს, პოლიციელები მათ ბინებში 19 იანვრის ღამე მივიდნენ და აცნობეს, რომ დილით მათი გამოსახლება დაიწყებოდა.

ცხინვალიდან დევნილი თამაზი, რომელიც ყოფილ საბაჟო დეპარტამენტის შენობაში ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ამნესტი ინტერნეიშენალთან საუბრისას აცხადებდა: „პოლიცია დაახლოებით შუაღამეს მოვიდა ჩვენთან და გვიბრძანეს, დაგვეცალა შენობა... ისინი დილის შვიდ საათზე დაბრუნდნენ და ყველაფერი გარეთ გადაგვიყარეს. მე ჯერ კიდევ არ მიმიღია ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსაგან და ამჟამად არსად არ მაქვს წასასვლელი. მე გორში ჩემს ნათესავებს შევეკედლე ჩემს მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. არ ვიცი, როდის მომცემენ დაპირებულ კომპენსაციას“.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ოჯახებს, რომლებსაც უნდა მიეღოთ ფულადი კომპენსაცია გამოსახლებამდე, აღნიშნული დახმარება ჯერ არ მიუღიათ. სოპ 6.9.1-ის მიხედვით, გამოსახლება არ შეიძლება განხორციელდეს თუ „ყველა პიროვნებას, რომელსაც ეკუთვნის ფინანსური დახმარება, ფიზიკურად არ მიუღია იგი დევნილთაგან შენობის გამოთავისლებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე“.

ამ ეტაპზე, მხოლოდ 2008 წლის ომის შედეგად დევნილ ადამიანებს შეუძლიათ ფულადი კომპენსაციის მიღება. თუმცა, გამოსახლების დროს, ზოგიერთი დევნილი ადამიანი აცხადებდა, რომ მათ შეპირებული 10 000 ამერიკული დოლარი არ მიუღიათ გამოსახლებამდე. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც გამოსახლების პროცესს აკვირდებოდა, „ამენსტი ინტერნეიშენალთან“ საუბრისას აცხადებს, გამოსახლების დროს 4 ოჯახი გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ შეპირებული კომპენსაცია არ ჰქონდათ მიღებული. სხვა დამკვირვებლებიც მსგავს ფაქტებს ასახელებდნენ „ამნესტი ინტერნეიშენალთან“ საუბრისას.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ინფორმაცია მიიღო სხვა ორგანიზაციებისგანაც, რომლებიც აკვირდებოდნენ გამოსახლების პროცესს სოპ-ის მოთხოვნის მიხედვით; ისინი აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათი დამკვირვებლები არ შეუშვა შენობებში, საიდანაც ხდებოდა დევნილების გამოსახლება და ხშირად ისინი გამოსახლებულ ადამიანებთან საუბარსაც უკრძლავდნენ მათი ან დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის დაუსწრებლად. „ამენსტი ინტერნეიშენალი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დევნილების „ეფექტური მონიტორინგის მექანიზმების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა“, როგორც ეს გათვალისწინებულია სოპ-ში.

თბილისში მდებარე საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლებულ ადამიანებს ალტერნატიული ფართები შესთავაზეს სამეგრელოს, კახეთისა და იმერეთის რეგიონის სოფლებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დევნილი დათანხმდა გადასახლებას, უმრავლესობა თვლის, რომ დედაქალაქიდან რეგიონში გადასახლება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ. „ამნესტი ინტერნეიშენალთან“ საუბრისას დევნილებმა განაცხადეს, რომ რეგიონში გადასახლებაზე უარს არ იტყოდნენ, იქ რომ განვითარებული იყოს ძირითადი ინფრასტრუქტურა და არსებობდეს ძირითადი მომსახურების ობიექტები.

აღნიშნულ შეშფოთებას იზიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, თუმცა ალტერნატიული ფართის შემოთავაზება შეიძლება იყოს ადეკვატური, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა პრობლემად რჩება. სახალხო დამცველის ოფისმაც მსგავსი შეშფოთება გამოთქვა ახლახანს ჩატარებულ გამოკვლევაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, „არსებობს პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლება მოახდინონ დევნილთა მდგომარეობაზე“... „მაგალითად, ფოცხოეწერში მცხოვრებ ოჯახებს უწევთ ჯვარში ჩასვლა მედიკამენტების შესაძენად, რადგანაც ფოცხოეწერის ტერიტორიაზე არ არის აფთიაქი. აბაშისპირში ბავშვებს ორი კილომეტრის გავლა უწევთ სკოლამდე მისასვლელად, რადგანაც სოფელში არ არის სკოლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ბავშვები სკოლამდე მიიყვანონ. თორსადღვაბასა და აბაშისპირში არსებობს წყლის მიწოდების პრობლემა“.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოსახლებები შეიძლება განხორციელდეს როგორც უკიდურესი ზომა, მას შემდეგ, რაც ყველა შესაძლო ალტერნატივის გამოკვლევა მოხდა დაზარალებულ ფენებთან გულწრფელი კონსულტაციების შედეგად. მფლობელობის სახის გათვალისწინებით, ქირაობენ, საკუთრებაში აქვთ, ლიზინგით თუ სხვა ფორმით აქვთ დაკავებული შენობები შესაბამისი ნებართვის გარეშე, „ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი მფლობელობის უსაფრთხოების ხარისხით, რაც გარანტიას იძლევა იძულებითი გამოსახლებების, ძალადობისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ“.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გამოსახლებული პირების ადეკვატური გაფრთხილება, სამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობა, ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრებელი და კომპენსაცია. მათ არ უნდა დაუშვან, რომ ეს ადამიანები დარჩნენ უსახლკაროდ ან გახდნენ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლნი გამოსახლების შედეგად. გამოსახლებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა სათანადო პროცედურული დამცავი მექანიზმები და უზრუნველყოფილია კომპენსაცია ყოველგვარი დანაკარგისა და ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრებლისათვის.  გარდა ამისა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხების კომიტეტი ხაზს უსვამს სახელმწიფოების ვალდებულებას მიიღონ ყველა სათანადო ზომა რათა უზრუნველყონ ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრებელი, გადასახლება და პროდუქტიული მიწები დაზარალებულებისათვის როცა მათ არ შეუძლიათ შესაბამისად უზრუნველყონ საკუთარი თავი.

„საერთაშორისო ამინისტია“ იხსენებს, რომ ალტერნატიული საცხოვრებლები უნდა აკმაყოფილებდნენ საცხოვრებლის, მფლობელობის უსაფრთხოებისა და აუცილებელი სერვისებისა და სასიცოცხლო გარემოს ადეკვატურ სტანდარტებს. კერძოდ, საერთაშორისო ამინისტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:

•    უზრუნველყონ ადეკვატური წინასწარი გაფრთხილების გაცემა, რომელშიც აღნიშნავენ გამოსახლების ზუსტ თარიღს. უზრუნველყონ გულწრფელი კონსულტაციების გამართვა და დევნილების მონაწილეობა საცხოვრებელი პრობლემის გადაჭრის გზის განვითარებასა და განხორციელებაში;

•    უზრუნველყონ, რომ გამოსახლებები ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდეს, გამოსახლებული პირები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაფერისი ფინანსური დახმარებით და ადეკვატური საცხოვრებლით, როგორც აუცილებელი საჭიროებით;

•    უზრუნველყონ, რომ დამკვირვებლებს სრულფასოვნად და დაუბრკოლებლად შეეძლოთ გამოსახლების პროცესის დაკვირვება;

•    უზრუნველყონ, რომ დევნილთათვის კოლექტიურ ცენტრებსა და დასახლების ახალ ადგილებზე გამოყოფილი საცხოვრებლები აკმაყოფილებდნენ საცხოვრისის კრიტერიუმებს და ხელმისაწვდომი იყოს: წყალი, სანიტარული პირობები და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურა სათანადო ადგილზე.

საკვანძო ინფორმაცია

საქართველოში გასული წლის აგვისტოში განხორციელებული გამოსახლებები წარმოადგენს მცდელობას, გადაადგილების მასიური პრობლემის გადაჭრისათვის, რომელიც 1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად წამოიშვა. აღნიშნული კონფლიქტების შედეგად, საქართველოში დაახლოებით 246,000 დევნილი ცხოვრობს კოლექტიურ ცენტრებში, დროებით თავშესაფრებსა და კერძო დასახლებებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

თბილისში დაახლოებით 5000 დევნილი იძულებით გამოასახლეს 2010 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. გამოსახლებები არღვევდა საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენიმე შემთხვევაში ხელისუფლებამ მარცხი განიცადა, უზრუნველეყო ისინი ალტერნატიული თავშესაფრითა და კომპენსაციით. აგვისტოში, მთავრობამ შეაჩერა სხვა გამოსახლებები საცხოვრებლების თაობაზე ახალი დირექტივების განსაზღვრის მოლოდინში, რამაც საბოლოო სახე 2010 წლის სექტემბერში მიიღო.

გამოსახლებების პროცესს, რომელიც 20 იანვარს განახლდა, თან ახლდა დევნილთა საპროტესტო აქციები, რომელსაც მხარს უჭერდა ოპოზიციური პარტიები, აპროტესტებდნენ რა დევნილთა გამოსახლებას. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ბაგების ყოფილი სტუდენტური საცხოვრებლიდან გამოსახლებისას, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, როცა დევნილთა მხარდამჭერებისა და ნათესავების ჯგუფი მიუახლოვდა გამოსახლების ადგილს და შენობაში შესვლა მოითხოვა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, დევნილთა 10%-ზე ნაკლებმა აირჩია რეგიონებში ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადასახლება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC