კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლო რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეს განიხილავს

1 თებერვალი, 2011
ალექსი ბეჟანიშვილი

31 იანვარს სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2007 წელს ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა. სარჩელი ეხება რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკურად ქართველების მასობრივ დეპორტაციას. ევროსასამართლოსგან საქართველო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროკონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევების აღიარებას ითხოვს.
 
31 იანვარს სასამართლოში ექვსი ქართველი მოწმე დაიკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, 1 თებერვალს დარჩენილი სამი მოწმე დაიკითხება, რითაც ქართული მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდება. ამის შემდეგ რუსი მოწმეები და ექსპერტები დაიკითხებიან.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვისას, პოზიტიურ შედეგებს ელოდება. როგორც ტყეშელაშვილმა 31 იანვარს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქართული მხარის მიერ სასამართლოს მოგების შანსი მაღალია: „ჩვენი შანსები ძალიან მაღალია, რადგან საქმე ობიექტურ ფაქტებს ეყრდნობა. ეს ფაქტები კი ყველასთვის ცალსახაა - რუსეთიდან მოხდა ქართველების მასობრივი დეპორტაცია მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე. ადგილი ჰქონდა ადამიანების დისკრიმინაციას და ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმების დარღვევას. ძალიან ძნელია ამ ფაქტების არდანახვა“.

ინდივიდუალური განაცხადები

საქართველო-რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი დავის დასრულების შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებულების ინდივიდუალურ განაცხადებს განიხილავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნათია კაციტაძემ განუცხადა, მათ ევროსასამართლოში 2 განაცხადი აქვთ წარდგენილი. ერთში 12 დეპორტირებულის საქმეა გაერთიანებული, მეორე განაცხადი კი დეპორტაციისას გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის საქმეს ეხება.

ადვოკატების მტკიცებით, იზოლატორიდან აეროპორტში გადაყვანის დროს ტოგონიძე იმიტომ გარდაიცვალა, რომ სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ადვოკატები რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი უფლებების დარღვევების აღიარებას მოითხოვენ. ეს არის - არაადამიანური მოპყრობა, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

„უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანების მიმართ ადგილი არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვას. დეპორტაციის გამო, მათ გამოძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება არ მიეცათ. დარღვეულია უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვის შესახებ მოთხოვნა. ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. მოვითხოვთ, ევროსასამართლომ დაადგინოს, დაარღვია თუ არა რუსეთმა ეს უფლებები და თუ დაადგენს, ვითხოვთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას“, - განაცხადა ნათია კაციტაძემ.

მისივე თქმით, რუსეთიდან გაძევების ოფიციალურ საფუძვლად რუსეთის სასამართლოს მასალებში მითითებულია, თითქოს ქართველებს დოკუმენტაცია არ ჰქონდათ წესრიგში და ვიზების ვადა გასული იყო: „შესაძლოა, იყვნენ ასეთი ადამიანებიც, მაგრამ საქმეების აღებისას ჩვენ შევარჩიეთ ისეთი კატეგორია, ვინც ლეგალურად ცხოვრობდა, ვიზები ჰქონდათ. ასეთი ადამიანებიც გამოაძევეს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს იყო ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია“.

მოსარჩელეებს სარჩელში მიმოხილული აქვთ ფაქტები, თუ რას მოჰყვა გაძევება: „ეს საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავებას მოჰყვა. ჯერ მოხდა საქართველოსთვის ემბარგოს დაწესება, შემდეგ კი ეთნიკურად ქართველების მასობრივი დეპორტაცია. პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია იყო“.

კაციტაძის ინფორმაციით, ასეთივე კატეგორიის ადამიანების საქმეებს ეყრდნობა საქართველოს სახელმწიფოთაშორისო განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ.

სახელმწიფოს და ინდივიდუალურ განაცხადებს შორის ის სხვაობაა, რომ პირველ შემთხვევაში, სახელმწიფო სახელმწიფოს უჩივის, განაცხადი კოლექტიური ხასიათისაა. მეორე შემთხვევაში კი თითოეული ადამიანის ისტორიაა აღწერილი და მორალურ ან მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაა რუსეთის წინააღმდეგ.

ახალი ამბები