კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თიბისი ბანკი“ ადამიანის უფლებათა ცენტრს დაპირდა, რომ კლიენტებთან ხელშეკრულების ფორმას კიდევ ერთხელ გადახედავს

4 თებერვალი, 2011

სოფო გეწაძე

ახალი წლიდან „თიბისი ბანკმა“ ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი და მომხმარებლისთვის შემაშფოთებელი ცვლილებები შეიტანა. შეშფოთების  მიზეზი ხელშეკრულების სამი პუნქტი გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკს უფლება აქვს, მისი სურვილისამებრ კლიენტის შესახებ ინფორმაცია მესამე პირს გადასცეს, კლიენტის მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტები ნებისმიერი საშუალებით გაავრცელოს და მის ხელთ არსებული ინფორმაციის გავრცელების უფლება მიეცეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

ხელშეკრულების ახალი რედაქციის შინააარსი გაუგებარი აღმოჩნდა კლიენტებისთვის. შესაბამისად, შევეცადეთ იურისტებისგან გაგვერკვია, რეალურად, რას შეიძლება გულისხმობდეს ხელშეკრულების სახეცვლილი პუნქტები. 

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი განმარტავს, „თიბისი ბანკის“ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კერძოდ, ხელშეკრულების 7.2 პუნქტი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ ბანკს არა აქვს უფლება, კლიენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფრომაცია სხვა პირებს გადასცეს. ხელშეკრულების 7.4 პუნქტი კი ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 39-ე მუხლს და ასევე, კომერციული ბანკების შესახებ კანონის 17-ე პუნქტის მეორე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს შეიცავს (კერძოდ - ანგარიშები და კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციები), საიდუმლოა და არ შეიძლება სხვა პირებს გადაეცეს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ბექა დოჭვირმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განმარტა, ხელშეკრულების გაფორმებისას მომხმარებელი ნებაყოფლობით აწერს ხელს, რომ ბანკში მასზე არსებული ინფორმაცია, ხელმისაწვდომი იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ის პუნქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ კოდექსთან შესაბამისობას ეხება, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. დოჭვირის არგუმენტით, ბანკი კერძო სექტორში მოქმედებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებები მასზე არ ვრცელდება. გარდა ამისა, დოჭვირს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით არაფერი ირღვევა, რაკი ხელშეკრულების 7,2 პუნქტში ნახსენებია „კანონით გათვალისწინებული შემთხვევები“ და ამავე დროს ბანკის კლიენტი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თვითონვე თანხმდება მის პირობებზე.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული კოდექსით დაწესებული რეგულაციები პერსნოალური ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე ბანკსაც ეხება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების პირობები არა მარტო ადმინისტრაციულ, არამედ თავად კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონსაც არღვევს. შესაბამისად, თუ კლიენტი შემდგომში სასამართლოს მიმართავს, „თი ბი სი ბანკთან“ დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაბათილდეს.

თავად „თიბისი ბანკში“ განმარტავენ, რომ ხელშეკრულება მკითხველის მიერ არასწორადაა გაგებული. ამ პუნქტებით ბანკს რეალურად იმის თქმა უნდოდა, რომ დაიცავს კლიენტის კონფიდენაციალობას არა მარტო ხელშეკრულების მოქმედების დროს, არამედ მისი შეწყვეტის შემდეგაც. ნებისმიერი საშუალებით კი ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაავრცელებს, როცა კლიენტი თავად აყენებს ზიანს ბანკის რეპუტაციას. „მესამე პირად“ კი იგულისხმება სადაზღვევო კომპანიები, სხვა ბანკები და სასამართლო ხელისუფლება. მათთვის ინფორმაციის მიწოდება პრაქტიკაში ისედაც დამკვიდრებულია და არავისთვის ზიანის მომტანი არ არის. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურა გვასალია რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას „თიბისი ბანკის“ ხელშეკრულებაში მესამე პირის დაზუსტების აუცილებლობაზე საუბრობს: „კლიენტის შესახებ ბანკში არსებული მონაცემების გაცვლა შეიძლება მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტისათვის და ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირებისათვის. ხელშეკრულებაში ამ პირების ჩამონათვალი უნდა იყოს. მე მინდა გითხრათ, რომ ესაა: საჯარო რეესტრი სამოქალაქო რეესტრი, საკრედიტო ბიურო, სადაც კლიენტის მონაცემებს აწვდიან და არა საფინანსო ოპერაციების მონაცემებს“.

ხელშეკრულებაში „მესამე პირის“ დაკონკრეტების აუცილებლობას ეთანხმება „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ვანო ბალიაშვილიც. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბანკი აპირებს, უფრო დეტალური და  კიდევ უფრო გასაგები გახადოს ხელშეკრულება: „თუკი ეს ვინმესთვის დამატებითი კითხვების საფუძველი ხდება, კიდევ უფრო გასაგები და სამომხმარებლო დონეზე მისაღები იქნება ხელშეკრულების პირობები“.

ამასთან „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ხელშეკრულება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა შედგენილი. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრი კლიენტებთან დადებული ხელშეკრულების საერთაშორისო სტანდარტებითაც დაინტერესდა და საქართველოში მოქმედი უცხოური ბანკის - HSBS პირობებს გავეცანით, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკი მეორე მხარისგან მიღებულ ფინანსურ, კომერციულ და სხვა სახის ინფორმაციას მესამე პირს მხოლოდ ორივე მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში გადასცემს. მათივე განმარტებით, წერილობითი თანხმობა არაა აუცილებელი, როცა საქმე ეხება საჯარო ან მარეგულირებელი უწყებას, როცა ინფორმაციის გაცემა აუცილებელია დანაშაულის თავიდან აცილებისა და მომხმარებლის დავალების შესასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ „თიბისი ბანკის“ ხელშეკრულებაში ცვლილებები დაემთხვა საქართველოს პარლამენტში დეპუტატ გია თორთლაძის კანონპროექტის, ე. წ. პატრიოტის აქტის განხილვას. ეს კანონპროექტი მოიცავს ე. წ. ლუსტრაციის კანონს და თვითონ „პატრიოტის აქტს“. კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებები იზრდება მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მოტივით. კანონპროექტის განხილვისას დებატები შეეხო პოლიციის მხრიდან ბანკებიდან პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასაც. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს და იგი ორი მოსმენით უკვე მიღებულია.

ახალი ამბები