კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად ხარებავა - პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი

15 თებერვალი, 2011

სალომე აჩბა

ზვიად ხარებავა 2009 წელს თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, ის პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია. ხარებავა სასამართლოსთვის წარდგენილ ჩვენებაში ამბობს, რომ საგამოძიებო ნაწილის უფროსი და გამომძიებელი მისგან ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მიღებას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ  შემთხვევაში, ციხეში დიდი ხნით გამოკეტვით ემუქრებოდნენ.

ზვიად ხარებავა 2005 წელს პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მრჩევლად მუშაობდა. იქამდე კი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ხარებავა პროფესიით მათემატიკოსია. მან განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო და დოქტორის ხარისხიც იქ მიენიჭა. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქრათველოში ჩამოვიდა და აქ განაგრძო საქმიანობა. 2005 წელს ნოღაიდელის მრჩეველის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბიზნესის სფეროში გადავიდა და ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა.

დაკავებულის ოჯახის წევრები და თავად დაკავებული აცხადებენ, რომ დაპატიმრებასა და 17-წლიან სასჯელს საფუძვლად პოლიტიკური მოტივები აქვს.

„დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ, გლდანის ციხეში ჩემთან მოვიდნენ საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ზაზა ქაჩიბაია და გამომძიებელი მანუჩარ ქაჯაია. ისინი საქართველოს სახელმწიფოს სახელით მელაპარაკებოდნენ და ზურაბ ნოღაიდელის კორუფციული გარიგებების  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მთხოვდნენ. თუკი ამგვარ ინფორმაციას მივაწვდიდი, მპირდებოდნენ, რომ მეორე დღესვე სახლში ვიქნებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი , ციხეში დიდი ხნით დამტოვებდნენ“, - განაცხადა ბრალდებულმა  თავის ჩვენებაში.

ზვიად ხარებავას თქმით, მას არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა ნოღაიდელის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციები : „ნოღაიდელი პოლიტიკაში 1991 წლიდანაა, მე კი ის 2005 წლის ბოლოს გავიცანი. თუკი ზურაბ ნოღაიდელს რეალურად ჰქონდა რაიმე სახის კორუფციული გარიგებები, ამ საქმიანობას საფუძველი მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ჩაეყრებდა და ნოღაიდელი მე რატომ მომიყვებოდა ამის შესახებ?!  ასეთ საქმეებში ზედმეტი მოწმეები ვის სჭირდება?! და მეორე, თუკი თავად სამართალდამცავებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ნოღაიდელის კორუფციული გარიგებების შესახებ, მე საიდან უნდა მქონოდა? ის ხომ საჯარო ფიგურა იყო და სავარაუდოდ, მისი ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა ძალოვანი უწყებების მიერ“.

ხარებავას გადმოცემით, ქაჯაიამ  კონრეტული ფაქტების სისწორის ხელმოწერით  დაედასტუება შესთავაზა: „მთხოვდნენ, დამესახელებინა ნოღაიდელის საბანკო ანგარიშები უცხოეთის ბანკებში, სადაც მას კორუფციული გარიგებების შედეგად მიღებული ფული ერიცხებოდა. აგრეთვე, მთავაზობდნენ, დამედასტურებინა ფაქტი, რომ ზურაბ ნოღაიდელსა და ერთ-ერთ კუვეიტელ ბიზნესმენს შორის შედგა გარიგება, რომლის შედეგადაც ნოღაიდელმა ქრთამის სახით უცხოელი ბიზნესმენისგან აიღო თანხა“.

დაკავებული მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ მათ წინადადებას არ დათანხმდა: „ცხადია, მე უარი განვაცხადე ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე, რასაც მათი მხრიდან მუქარა მოჰყვა ციხეში დიდი ხნით გამოკეტვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩემი დაკავება  პოლიტიკური დაკვეთა იყო. 17 წელიც იმიტომ მომისაჯეს, რომ უარი ვთქვი ნოღაიდელის საქმიანობის შესახებ ცრუ ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ხარებავამ.

რაც შეეხება ხარებავას ბრალდებას - დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას, მისი ოჯახის წევრები, ადვოკატი და თავად დაკავებულიც არ უარყოფენ, რომ გარკვეული სახის დარღვევებს ადგილი ჰქონდა. თუმცა, ეს დარღვევები არ ყოფილა იმ სიმძიმის, რომ ხარებავსათვის 17 წელი მიესაჯათ.

„პირველი ბრალდება - თაღლითობა საერთოდ აბსურდული და გაუგებარია. მის საქმიანობაში არანაირ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება,  მეორე ბრალდებას - გაფლანგვას, მანდ რაღაც დანაშაულის ელემენტები არის, რადგანაც დოკუმენტების შედგენისას ჩემს ძმას ჰქონდა დაშვებული პატარა შეცდომები. თუმცა, არა - ისეთი, რომ ამის გამო 17 წელი მიესაჯათ. მისი დაკავებისა და მკაცრად დასჯის რეალური მიზეზი მხოლოდ ერთია - ზურა ნოღაიდელი ოპოზიციაში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა მთავრობის წინააღმდეგ. მთავრობას ზვიად ხარებავასგან სურდა, ნოღაიდელის საქმიანობის შესახებ კომპრომატები მიეწოდებინა.  დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმის დაკავების მიზეზიც სწორედ ეს არის“, - აცხადებს დაკავებულის ძმა, გრიგოლ ხარებავა.

„საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, შესაბამისად, წაყენებული ბრალი, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ეს ეხება განსაკუთრებით, ბრალდების პირველ ნაწილს - თაღლითობას. რაც შეეხება მეორე ნაწილს - გაფლანგვას, აქ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი სასამართლომ არ გაითვალისწინა“, - აცხადებს ზვიად ხარებავას  ადვოკატი, დიმიტრი  ხაჩიძე.

განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. პროცესი 18 თებერვალსაა დანიშნული. საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილიც ჩაერთო. მისი შეფასებით, სრულიად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ზვიად ხარებავა პოლიტიკური მოტივით დაისაჯა.

ახალი ამბები