კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დისკუსია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ეკომიგრანტების პრობლემების გარშემო

7 აპრილი, 2011

შორენა ლათათია, humanrightshouse.org 

2011 წლის 6 აპრილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ეკომიგრანტებისა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები მრგვალ მაგიდასთან განიხილეს.  მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის წევრებმა ისაუბრეს იმ ძირითად პრობლემებზე, რაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს აქვთ საკანონმდებლო ხარვეზებისა და ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობის გამო.

შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მასპინძლობდა, ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: რეზო გეთიაშვილი - კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორი; რუსუდან მჭედლიშვილი - „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სამართლებრივი მრჩეველი და სოფო ბენაშვილი - სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული, რაც საკითხის აქტუალობაზე მიანიშნებს. ამასთან, ეკომიგრანტების  მიმართ  არც ეკოლოგიური მიგრაციის მართვის გრძელვადიანი სტრატეგია არსებობს და  არც შესაბამისი კანონმდებლობა.

„ბუნებრივი კატასტროფებით ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 100-150 ათასი ლარის ზიანი ადგება. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი მსხვერპლთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. 2008 წელს აჭარის რეგიონში მეწყერმა მთელი ოჯახის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვის. ამ ფონზე, სახელმწიფო წელიწადში საშუალოდ 100 ოჯახის გადასახლებას ახერხებდა, 2009-2010 წლებში კი, არც ერთი ოჯახი არ გადაუსახლებია. გამოდის, რომ  ამ  ტემპით, 11 ათასი ოჯახის გამოყვანას, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ განსახლებას, საუკუნეზე მეტი დასჭირდება, რაც აბსურდია და ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ბედის ანაბარა  ვტოვებთ“, - განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.

ეკომიგრანტთა მიმართ არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრა რუსუდან მჭედლიშვილმა: „იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით,  ადგილნაცვალი პირები არიან:  „ადამიანები, რომლებმაც დიდი რაოდენობით უეცრად ან მოულოდნელად იძულებით დატოვეს საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, შინააშლილობის, ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევის ან სტიქიური თუ ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურების შედეგად  და რომლებიც მშობლიური ქვეყნის ტერიტორიაზე რჩებიან“. თუმცა, აღნიშნულისაგან განსხვავებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში მოცემული „იძულებით გადაადგილებული პირის“ ცნება არ იცავს პირთა ჯგუფს, რომელიც სტიქიური მოვლენის ან ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის შედეგად იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ვინაიდან ეკომიგრანტები ვერ ხვდებიან „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“  საქართველოს კანონით განმარტებულ იძულებით გადაადგილებული პირის დეფინიციაში და ამასთან არ არსებობს სხვა კანონი, რომელიც მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმს უზრუნველყობს, შეიძლება ითქვას, რომ მათ მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე  და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, კერძოდ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება“.

რუსუდან მჭედლიშვილის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები რჩებიან სტატუსის და, შესაბამისად, სოციალური დაცვისა და გარანტიების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის  2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა და ეკომიგრანტთა პრობლემებს.  ახლო მომავალში კი, აღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს.

„ბოლო წლებში, სახალხო დამცველს ხშირად მიმართავდნენ სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები – ეკომიგრანტები, რამაც დაგვანახა,  რომ ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის პრობლემა, ეს არის სისტემური პრობლემა და რაც ყველაზე ცუდია, სახელმწიფო არ ფლობს სრულ ინფორაციას ეკომიგრანტთა შესახებ და, შესაბამისად, არც პრობლემის მოგვარების ერთიანი ხედვა გააჩნია“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლემა სოფო ბენაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს - გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავად ეკომიგრანტები.

„მომდევნო თვეებში ძალიან რთული სიტუაცია გვექნება აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, მთიან იმერეთში, სამეგრელოს ზონაში, სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში - ეს არის ძირითადი რისკის ზონები. ფაქტიურად, მთელი საქართველო“, -  განაცხადა ემილ წერეთელმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს - გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.  

„2005 წელს მესტიის რაიონიდან თეთრიწყაროს რაიონ სოფ. ალექსანდროვკაში ჩაგვასახლეს, თუმცა, სახლები დღემდე არ გადმოუციათ საკუთრებაში. სულ დაახლოებით 15-20 ოჯახია ჩასახლებული. არ ვიცით, ეს სახლები ამჟამად ვის ეკუთვნის - სახელმწიფოს თუ კერძო მესაკუთრეებს. არაოფიციალურად, ზეპირად გვპასუხობენ, რომ სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე და გარკვეული დროა საჭირო. თუმცა, როგორც გითხარით, ჩასახლებიდან უკვე 5 წელი გავიდა. პრობლემაა ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწების არქონა. ვინაიდან სოფლის მეურნეობა ამ ადამიანთა ერთადერთი შემოსავალია, ის მიწები, რომლებიც მათ გადაეცათ, არ არის საკმარისი“, - განაცხადა გიორგი მარგიანმა, ეკომიგრანტმა მესტიის რაიონიდან.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა სახლი ახლადშექმნილი მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის წევრია ( http://ecomigrants.wordpress.com/ ). კოალიცია სულ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება (კოსტიტუციის 42-ე მუხლი; CENN; ECMI Caucasus; რეგიონალური მედიის ასოციაცია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი). კოალიციის მიზანია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, ამასთან სიტუაციის მონიტორინგი და შემდგომი რეპორტინგი.

ახალი ამბები