08:08, Wednesday, 15.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანები, რომლებსაც სძულთ - დავაპატიმროთ თუ გავკიცხოთ?!

11.04.2011

ნინო ცაგარეიშვილი

ქართულ მედიაში ასახული სიძულვილის ენის პრობლემა საზოგადოებაში  დამკვიდრებულ მავნე ტენდენციებს აირეკლავს. სამწუხაროდ, გარკვეული სოციალური ჯგუფები საქართველოში სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ჩაგვრას განიცდიან.

ვდგავართ თუ არა სიძულვილის ენის საკანონმდებლო გზით აკრძალვის საჭიროების წინაშე? რამდენად შეუქმნის საფრთხეს ასეთი რეგულირება გამოხატვის თავისუფლებას? საკმარისია თუ არა სიძულვილის ენის წინააღმდეგ საჯარო დისკუსიებითა და სხვა საგანმანათლებლო საშუალებებით ბრძოლა? ამ საკითხებს მიეძღვნა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში 6 აპრილს გამართული დისკუსია სახელწოდებით „სიძულვილის ენა საქართველოში: სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის“.

დისკუსიაზე ძირითად მომხსენებლები იყვნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე. დისკუსიას უძღვებოდა ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი.

სიძულვილის ენის გამომწვევი მიზეზების მიმოხილვისას ზვიად ქორიძემ აღნიშნა: „სიძულვილის ენა დამახასიათებელია პატრიარქალური საზოგადოებისთვის, სადაც სამოქალაქო ღირებულებათა ტოტალური დეფიციტია და ავტოკრატული მმართველობისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაყოფას „ჩვენებად და მათებად“. ის ფაქტი, რომ სიძულვილის ენა ჭარბობს არა მხოლოდ მედიაში, არამედ ჩვენს საზოგადოებაში, განპირობებული ამ ორი პროცესის, საზოგადოების პატრიარქალურობისა და მმართველობის ავტოკრატულობის თანხვედრით“.

საზოგადოებაში არსებულ პრობლემაზე მიუთითეს სხვა მომხსენებლებმაც. „მე მქონდა საშუალება და ვესაუბრე იმ გაზეთების რედაქტორებს, რომლებიც მუდმივად, წლების განმავლობაში ამ თემებით მანიპულირებენ. ერთი პასუხი მივიღე რედაქტორებისაგან: ეს არის ძალიან პოპულარული თემა, ამას საზოგადოება იღებს და ეს ყველაფერი იმიტომ ჩნდება მედია საშუალებებში“, - განაცხადა ზაურ ხალილოვმა.
 
„როდესაც ვლაპარაკობთ სიძულვილის ენაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ მედია ამ შემთხვევაში, არის მხოლოდ მულტიპლიკატორი. ეს არ არის მხოლოდ მედიის პრობლემა. ეს არის საზოგადოების პრობლემა“, - აღნიშნა ეკატერინე აღდგომელაშვილმა.

სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მექანიზმების მიმოხილვისას გიორგი გოცირიძემ მიუთითა საქართველოს კანონმდებლობაში ეფექტური მექანიზმების არარსებობაზე: „არსებობს მხოლოდ ორი კანონი, რომელიც სიძულვილის ენას ეხება, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონი“, თუმცა ეს რეგულირება არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს სიძულვილის ენის პრევენციასა და მასზე სათანადო რეაგირებას“.

მომხსენებელთაგან მხოლოდ გიორგი გოცირიძე თვლის საჭიროდ სიძულვილის ენის საკანონმდებლო აკრძალვას: „სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები არ არის ერთადერთი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან სიძულვილის ენაზე ადეკვატური პასუხი, მაგრამ აუცილებელია, სახელმწიფომ ეს ღონისძიებები გამოიყენოს იმ ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ, რომელთა სხვა გზით გამოსწორება და იძულება - თავი შეიკავონ ასეთი გამონათქვამებისაგან, ვერ ხერხდება სხვა საშუალებებით, ვთქვათ - საგანმანათლებო ხასიათის ან ადმინისტრაციული ღონისძიებებით.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ საჯარო დისკუსიებისა და სხვა საგანმანათლებლო საშუალებების გამოყენებას მხარს უჭერს ეკატერინე აღდგომელაშვილი: „თავისუფლებები არც ისე ბევრი გვაქვს და თუკი არჩევამდე მიდგა საქმე, მე ავირჩევდი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს სახელმწიფო ამაში. არსებობს უამრავი მაგალითი, როგორ ხდება სიძულვილის ენის რეგულირება სხვა ქვეყნებში, ეს არის პროფესიული გაერთიანებები, საგანმანათლებლო ღონისძიებები... ვიმსჯელოთ ამაზე, გავხადოთ საჯარო დისკუსიის საგანი, მაგრამ ნუ შემოვიღებთ ცენზურას“.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება. დამოუკიდებელი ბლოგერის, შოთას ხინჩაგაშვილის შეკითხვა მიმართული იყო იმ მომხსენებლებისადმი, რომლებიც ღიად არ უჭერდნენ მხარს სიძულვილის ენის სამართლებრივ შეზღუდვას: „ხომ არ არის ეს მიამიტი, გულუბრყვილო დამოკიდებულება, რომ განმანათლებლობით ეს პრობლემა მოგვარდება? შეიძლება ამან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღოს შედეგი, მაგრამ რას ვეუბნებით თანამედროვე თაობას, რომელიც უშუალოდ ჩაგვრას განიცდის“?

აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების საფრთხეს ხედავს ზვიად ქორიძე სიძულვილის ენის კრიმინალიზების შემთხვევაში: „სიძულვილის ენის კრიმინალიზება რომ მოვახდინოთ, საზოგადოება აქ იქნება პასიური. ამას მოახდენს ყოველთვის პოლიტიკური ძალები, ყოველთვის მთავრობა და მერე უკვე როგორ იქნება გამოყენებული კრიმინალიზებული სიძულვილის ენა, ამის მართვის მექანიზმები მთლიანად გადავა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში. დღეს მართვის მექანიზმები არის საზოგადოების ხელში. საზოგადოებას შეუძლია, ამუშაოს ეს მექანიზმები“.

სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აუდიტორიის წევრებმაც. საიას იურისტი ვახუშტი მენაბდე იზიარებს სიძულვილის ენის რეგულირების ამერიკულ მოდელს: „სიძულვილის ენა მსჯავრდებით მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ ამან აშკარა და მყისიერი საფრთხე წარმოშვა... ანუ როდესაც ვერბალური, თუნდაც ძალადობა, გადაიზარდა აშკარა ძალადობაში და ადამიანის უფლებათა დარღვევაში“.

საერთო ჯამში, დისკუსია დინამიური და საინტერესო იყო. მიუხედავად მცირე ექსცესებისა, პოლემიკა თემის ფარგლებს არ გასცდენია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC