კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძე: „ევროსაბჭოს ანგარიშში საქართველოში მიმდინარე პროცესები მკაცრად არის გაკრიტიკებული“

14 აპრილი, 2011

ინტერპრესნიუსი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ციხეებში არსებული მდგომარეობა, პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტები, დევნილთა განსახლების პროცესი, პოლიციის მხრიდან დემონსტრაციებზე ძალის გადამეტება , მართლმსაჯულება და მედია – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის ევროსაბჭოს ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტრასბურგში მყოფმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ განუცხადა.

თარგამაძის განცხადებით, დოკუმენტში პირდაპირ არის აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ საქართველოში მოქმედებს ზედმეტად მკაცრი სისხლის სამართლის კოდექსი, რის შედეგადაც ციხეები სავსეა პატიმრებით, ეს კი, იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

„არის პირდაპირი რეკომენდაციები, რომ სასამართლოებმა არაპროპორციული და არაადეკვატური სასჯელები არ გამოიტანონ მცირე დანაშაულებზე და ამით ხელი არ შეუწყონ საპატიმროებში ისედაც მძიმე ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რეზოლუციაში საუბარია ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც, მოყვანილია კონკრეტულად დევნილთა განსახლების პროცესი, რომელიც პირდაპირ შეფასებულია, როგორც ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებულ პროცესად; შესამაბისად, ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწოროს ვითარება, რომელიც ამ კუთხით არსებობს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის ცნობით, საუბარია, ასევე, შს სამინისტროს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე; იმაზეც, რომ საქართველოს მთავრობას 2007-2009 წლის დემონსტრაციების დროს ამ კუთხით გამოვლენილი გადაცდომებისა და დარღვევების თაობაზე გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია და დამნაშავე პირები არ დაუსჯია.

როგორც თარგამაძე აღნიშნავს, ანგარიში ეხება მედიაში არსებულ ვითარებასაც, მოწონებულია გარკევეული ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გადადგა მედიამფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია, მათ შორის პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტებისადმი ხელისუფლების უფრო ადეკვატური დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სატელევიზიო სიხშირეების გაცემის წესის გამარტივებას და სხვას, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში მეტი მედიაპლურარიზმი.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის ინფორმაციით, დოკუმენტში მნიშვნელოვანი თავი ეთმობა ქვეყანაში განხორციელებულ კონსტიტუციურ რეფორმებს, რომელიც, ძირითადად, დადებითად არის შეფასებული, თუმცა პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ კოსტიტუციური რეფორმა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს; გაძლიერდეს ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის დროს გამოთქმული შენიშვნები, რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდას, უნდობლობის გამოცხადების ზედმეტად გართულებულ პროცედურას და ბიუჯეტის განხილვის პროცესში პარლამენტის როლის ამაღლებას.

„რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტის შინაარსს, მასში მიმოხილულია 2008 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე პროცესები; შეფასებულია ქვეყნის პოლიტიკური სისტემა; ასახულია მოლოდინი, რომელიც ევროსაბჭოს აქვს საქართველოში საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე. პირდაპირ წერია – იმისთვის, რომ ქვეყანაში კონფრონტაცია მოისპოს, დამთავრდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ ძალებს შორის და საზოგადოებაში დემოკრატიული კონსოლიდაცია იყოს მიღწეული, აუცილებელია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კომპრომისითა და კონსენსუსებით დასრულდეს“, - განაცხადა თარგამაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ევროსაბჭო მთლიანობაში დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეფორმებს, მაგრამ, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, აშკარად სახეზეა რეკომენდაციები, რომლებიც უფრო მეტ მოლოდინს ასახავს საქართველოს მიმართულებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის 40-გვერდიანი ანგარიშის განხილვა დღეს დაიწყო. ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს მონიტორინგის კომიტეტში; რეზოლუციას საპარლამენტო ასამბლიის პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ და დაამტკიცებენ. ანგარიში ხუთი ქვეთავისგან შედგება – წარდგენა, ძირითადი პოლიტიკური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.

ახალი ამბები