კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობა ძალადობის გამო

19 აპრილი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„მე და ჩემი სიმამრი ვსვამდით, რის შედეგადაც მოგვივიდა ჩვენ შელაპარაკება. შევიყვანე ოთახში, იქაც დავარტყი, ლოგინზე დაეცა და გაითიშა. შემდეგ ტაპორი ჩავარტყი თავში“, - ეს 27 წლის ზვიად სიბაშვილის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც შსს-მ გაავრცელა. მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობა 29 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მოხდა. შსს-ს ცნობით, ზვიად სიბაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ივანე ბერუაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულის მეზობლების თქმით, ზვიადი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. დაოჯახების შემდეგ მას ხშირად სტუმრობდნენ ქარელის რაიონიდან სიმამრი, მისი მეუღლე, ბავშვები და რამდენიმე თვე რჩებოდნენ ხოლმე. „რაც ცოლი მოიყვანა, წავიდოდნენ - მოვიდოდნენ, წავიდოდნენ - მოვიდოდნენ. 3-4 თვე აქ იყვნენ ხოლმე. სიმამრს ვანო ერქვა. ზვიადი დაშინებული ჰყავდა. ცემდა კიდეც ხანდახან. ზვიადი რომ რამეს იტყოდა, ცოლიც აშინებდა, შვილებს დაგიყრი და გავიქცევიო. ზვიადი ამ ამბავს ძალიან განიცდიდა“, - ამბობს ბრალდებულის მეზობელი ლია მუხულიშვილი.

მკვლელობის შემდეგ ზვიადი პირველად სწორედ მასთან მივიდა და პოლიციაში დარეკვა სთხოვა. „დილით ადრე მოვიდა ჩემთან. მითხრა, კაცი მოვკალი, მიშველეთო. დამარეკინე პოლიციაში, ჩემი ფეხით უნდა ჩავბარდეო. მე ვკითხე, რას ამბობ ზვიად, რას ლაპარაკობ მეთქი? ვერ დავიჯერე. კაცი მართლა მოვკალიო. თან ყვიროდა“, - აღნიშნავს ლია მუხულიშვილი.

მარიამ ზავრაშვილი, ბრალდებულის მეზობელი: „მაღაზიაში რომ მოვედი, ბევრი ხალხი იყო. ვიკითხე, რა მოხდა მეთქი. ზვიადი ტიროდა. გვთხოვდა, კაცი მოვკალი და პოლიციას დაურეკეთო. იძულებული გამხადა, რომ მომეკლა, ყელში ამომიყვანაო. ...გასულ წელს ისე სცემა სიმამრმა, რომ ზვიადი ქვევით წავიდა, სხვასთან ეძინა მთელი ღამე. მომდევნო დღეებში საკუთარ სახლში არ უშვებდნენ, თავისი ბინიდან აგდებდნენ. ცემა - ტყეპა ხშირად ჰქონდათ. სიმამრი სახლიდან აგდებდა, წადი და სხვა სახლი ნახეო. თვითონ უნდოდათ, რომ აქ ეცხოვრათ“.

თამაზ მთივლიშვილი, ბრალდებულის მეზობელი: „რაც ცოლი მოიყვანა, ეს ოჯახი აღარ დაწყნარებულა. მოდიოდნენ და აშინებდნენ ამ ბიჭს, სახლიდან აგდებდნენ. ყველაფერი გააყიდინეს. ცარიელი კედლებიღა დარჩა სახლში, არადა შეძლებული ოჯახი იყო. ცოლიც კი იმას ეუბნებოდა, წადი სახლიდან, მოგვშორდიო. ამ ბიჭის გაგდება და მოშორება უნდოდათ, რომ ბინა დარჩენოდათ“.

ვარდიკო სიბაშვილი, ბრალდებულის მეზობელი: „ზვიადი ობლად გაიზარდა. ცოლი რომ მოიყვანა, სიმამრის ოჯახიც მოჰყვა. სულ ჩხუბი ჰქონდათ, აღარ მიდიოდნენ და ამწარებდნენ ამ ბიჭს. ზვიადი ჩემს შვილს, პაატას დაურეკავდა ხოლმე, მომხედეო. პაატა რომ ჩამოვიდოდა, სიმამრი იმალებოდა. ზვიადს ხშირად ვარიგებდი, ფრთხილად იყავი, რამე შარში არ გაეხვიო მეთქი, მაგრამ სიმამრის ეშინოდა. ვანო ემუქრებოდა მოგკლავო და რომ დალევდნენ, სცემდა ხოლმე. ცოლი ცალკე ემუქრებოდა, წავალო. ზვიადს ოჯახის დანგრევა არ უნდოდა, შვილები ძალიან უყვარდა, თვითონ ზრდიდა და არ უნდოდა ბავშვები დედის გარეშე დარჩენილიყვნენ. ბოლოს იძულებული გახდა და კაცი შეამოაკვდა. როცა სვამდნენ, სიმამრი ემუქრებოდა თურმე, თუ არ წახვალ, მოგკლავო და ამაზე ჩხუბი მოუვიდათ. ამან დაასწრო“.

მკვლელობის შემდეგ ზვიად სიბაშვილის მეუღლე და სიდედრი ვეჯინში აღარ გამოჩენილან. ზვიად სიბაშვილის ორ მცირეწლოვან ბავშვს ზვიადის ბიძა პატრონობს.

ზვიად სიბაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.

ახალი ამბები