კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ინტერნეტი კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია - Freedom House-ს ახალი ანგარიში

21 აპრილი, 2011
Media.ge

Freedom House-ს ბოლო ანგარიშში - „თავისუფლება ქსელში - 2011:  ინტერნეტისა და ციფრული მედიის თავისუფლების გლობალური შეფასება“, რომელიც 18 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველო, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდა.

ინტერნეტის თავისუფლების 100-შკალიან საერთო  შეფასებაში  საქართველომ 35 ქულა მიიღო, აქედან: „ინტერნეტში დაშვების ხელისშემშლელი  ფატქორების“ ნაწილში საქართველოს 12 ქულა მიენიჭა, „ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის შინაარსის შეზღუდვის“ თვალსაზრისით - 10 ქულა, მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვის მხრივ კი - 13 ქულა.

"თავისუფლება ქსელში - 2011", რომელიც აღწერს 37 ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ინტერნეტ-თავისუფლების მხრივ, 2009 წელს გამოქვეყნებული პილოტური კვლევის გაგრძელებაა (საქართველო პილოტურ კვლევაშიც, ინტერნეტ-თავისუფლების ხარისხით, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში იყო 43 ქულით. ბოლო ანგარიშის მიხედვით კი მდგომარეობა 8 პუნქტით გაიუმჯობესა). 

დოკუმენტში შეფასებულია თითოეულ ქვეყანაში მოქმედი სიტუაცია ინტერნეტის  ხელმისაწვდომობაზე არსებული  ბარიერების, შინაარსის ლიმიტირებისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიხედვით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტ-თავისუფლებაზე ახალი შეტევები ხორციელდება იმ დროს,  როცა მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა უსწრაფესად იზრდება და გაორმაგდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში.  მთავრობები პასუხობენ ახალი ტექნოლოგიების მზარდ გავლენას და ცდილობენ  ონლაინში აქტივობების გაკონტროლებას - ინფორმაციის ნაკადის აკრძალვით და მომხმარებელთა უფლებების სხვაგვარად დარღვევით.

ანგარიშის  მიხედვით, ყველაზე მეტი ინტერნეტ-თავისუფლება ესტონეთშია, ხოლო ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე აშშ იმყოფება.  ანალიზის შესაბამისად, ყველაზე ბოლო ადგილი ირანს უკავია, სხვა თერთმეტ ქვეყანასთან ერთად.

არათავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდნენ:  ბელორუსი, ბირმა, ჩინეთი, კუბა, საუდის არაბეთი და ტაილანდი.  ამ ქვეყნებში ხორციელდებოდა შეტევები ბლოგერებზე,  გაზრდილი ცენზურა და გამიზნული კიბერ-შეტევები ხშირად ემთხვეოდა პოლიტიკურ არეულობებს, კონტრავერსიული არჩევნების ჩათვლით.

ანალიზის ფარგლებში Freedom House-მა დაასახელა რისკის ზონაში მყოფი ის  ქვეყნები, სადაც სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს მომავალი 12 თვის განმავლობაში, ესენია: იორდანია, რუსეთი, ტაილანდი, ვენესუელა და ზიმბაბვე.

კიბერ-შეტევები, პოლიტიკურად მოტივირებული ცენზურა და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის სამთავრობო კონტროლი წარმოადგენს იმ მრავალფეროვან და მზარდ საშიშროებას, რომელიც ინტერნეტის თავისუფლებას ემუქრება, ნათქვამია Freedom House-ის ახალ ანგარიშში.

„ჩვენს მიერ განხორციელებულმა დეტალურმა კვლევამ აჩვენა,  რომ ინტერნეტ- თავისუფლება თავისთავად ხელმისაწვდომი აღარ არის“, - განაცხადა დევიდ ჯეი კრამერმა ( David J. Kramer), Freedom House-ის  აღმასრულებელმა დირექტორმა, „არადემოკრატიული რეჟიმები სულ უფრო მეტ ყურადღებას და რესურსებს ხარჯავენ  ონლაინში აზრის გამოხატვის წინააღმდეგ“.

„პოლიტიკური აზრის გამოხატვა, ორგანიზება, კამათი და კრიტიკული ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია ონლაინ სამყაროში, როგორც რეალურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ანგარიშის მმართველმა რედაქტორმა სანია კელიმ.  „საჭიროა სასწრაფო რეაგირება ბლოგერებისა და ინტერნეტ-ომხმარებლების დასაცავად ისეთი სახის შეზღუდვებისგან, რომლებსაც რეპრესიული მთავრობები უკვე დიდი ხანია ახორციელებენ ტრადიციულ მედიაზე“, - დასძინა მან.

Freedom House  გამოყოფს მთავარ ტენდენციებს, რომელიც ზღუდავს ინტერნეტს მსოფლიოში:

- Facebook-ის, YouTube-ს, და Twitter-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ბევრმა მთავრობამ მათზე მკაცრი ცენზურა დააწესა.  37  შესწავლილი ქვეყნიდან 12-ში ხელისუფლებამ ან დროებით, ან მუდმივად აკრძალა მსგავსი სოციალური ქსელების მოქმედება ქვეყნის შიგნით.

- ბლოგერებს და ჩვეულებრივ მომხმარებლებს აპატიმრებენ:  ბლოგერები, ონლაინ-ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები და ასევე ჩვეულებრივი მომხმარებლები ხშირად ციხეში ხვდებიან ინტერნეტში განთავსებული მასალების გამო.  37  ქვეყნიდან 23-ში, რამდენიმე დემოკრატიული ქვეყნის ჩათვლით, ერთი ბლოგერი, ან ინტერნეტ-მომხმარებელი მაინც ყოფილა დაკავებული ონლაინ კომუნიკაციის გამო.

- კიბერ-შეტევები მთავრობებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან,  ასეთი რამ შესწავლილი ქვეყნებიდან 12-შია დაფიქსირებული.

- პოლიტიკურად მოტივირებული ცენზურა და ინფორმაციით მანიპულირება იზრდება:  შესწავლილი ქვეყნებიდან 15-ში პოლიტიკური შინაარსის ინფორმაცია იბლოკება. ამ ქვეყნებში ვებგვერდების ბლოკირება აშკარად ეროვნული პოლიტიკის ნაწილია, იბლოკება დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებ-გვერდები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ვებ-გვერდები.

საქართველოსთან დაკავშირებით, Freedom House  აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცენზურა არ წარმოადგენს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს.  მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ეწვიონ მსოფლიოს ნებისმიერ ვებ-გვერდს, ატვირთონ და ჩამოტვირთონ ნებისმიერი მასალა და ეკონტაქტონ სხვა მომხმარებლებს ფორუმების, სოციალური ქსელების თუ სწრაფი კავშირის პროგრამებით.  უფრო მეტიც, ინფორმაცია იმდენად ხელმისაწვდომია, რომ მოქმედებს უამრავი ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს „პირატულ" პროდუქტებს - მუსიკას, ფილმებს და სხვა. ხელისუფლებას კი არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები არალეგალური პროდუქტის გავრცელების წინააღმდეგ.

თუმცა, ახალი ანგარიშის ავტორებს, ისევე როგორც 2009 წლის პილოტურ  კვლევაში, არც ამჯერად დავიწყებიათ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული სამხედრო კონფლიქტის დროს, როცა საქართველოში დაიბლოკა RU დომენის ზონაში გახსნილი ვებ-გვერდები, რათა მომხმარებელს არ მიეღო „არაოფიციალური“ ინფორმაცია მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ.  აქვე მითითებულია, რომ ეს ქმედება გარვეულწილად პასუხი იყო რუსი ჰაკერების შეტევაზე  ქართული სამთავრობო ვებ-გვერდების წინააღმდეგ.

Freedom House ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ისეთი ინტერნეტ-მასალების გავრცელებას, როგორიცაა პორნოგრაფია და ძალადობის ამსახველი სცენები. მოზარდებს ამ ინტერნეტ-კონტენტისგან  ვერ იცავს „არასრულწლოვანთა  მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან ის არ არეგულირებს  ონლაინ-აქტივობებს.

Freedom House ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს  Facebook, Twitter და Yotube. ბლოგერებისა და ჟურნალისტების გარკვეული რაოდენობა იყენებს  სოციალურ ქსელებს ინფორმაციის განთავსებისთვის  და მკითხველთა მოსაზიდად, ასევე - მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსიების მოსაწყობად.  თუმცა, 2010 წლის აპრილში მომხდარმა ინციდენტმა საფრთხე შეუქმნა ინტერნეტ-აქტივისტებს.  ადმინისტრატორმა, რომელმაც Facebook-ზე შექმნა ჯგუფი „ნანუკას შოუს წინააღმდეგ“,  განაცხადა,  რომ მას დაემუქრნენ უცნობი სახელმწიფო მოხელეები და აიძულეს, დაეხურა პოპულარული ტელე-შოუს წინააღმდეგ ქსელში შექმნილი გვერდი.  Freedom House-ს ახალ ანგარიშში მიუთითებენ ათ შემთხვევაზე, როცა ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალები შინაარსის გამო შეიზღუდა. 2009 წლის ანგარიშში  ასეთი 15 შემთხვევა იყო.

Freedom House-ს თანახმად, ონლაინ ახალი ამბების ბიზნესის არაადეკვატური შემოსავლები და ახალი ტექანოლოგიების აუთვისებლობა, ასევე ის ფაქტი, რომ ტრადიციულ მედიაში მომუშავე ბევრი ჟურნალისტი გაუთვითცნობიერებელია ინტერნეტ-ტექანოლოგიებში და ვებ-შესაძლებლობებში,  ხელს უშლის ამ ტიპის მედია-საშუალებების ინტერნეტში გაფართოებას. 

გარდა ამისა, ონლაინ მედიასაშალებების უმეტესობას უჭირს რეკლამის მოზიდვა, მაგრამ ეს პრობლემა უფრო მეტად მტკივნეულია იმ ვებ-გვერდებისთვის, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან  განწყობილნი. მედიის ზოგიერთი მფლობელი აცხადებდა, რომ ბიზნესმენებმა უარი თქვეს  რეკლამის განთავსებაზე მას შემდეგ, რაც  ვებ-გვერდებზე გამოჩნდა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული სტატიები.

Freedom House-ის მონაცემებით, საქართველოში 100 აქტიური ბლოგერია, რომელიც წერს ქართულ ენაზე, თუმცა „ბლოგოსფერო“ ამ მომენტისათვის საკმაოდ სუსტია.  ეთნიკურ უმცირესობებს ხელი არ ეშლებათ ინტერნეტით სარგებლობაში, მაგრამ ისინი ინტერნეტში  წარმოდგენილნი არიან მხოლოდ რამდენიმე ფორუმისა და ბლოგის სახით.

Freedom House მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილებაზეც, რომელმაც პოლიციასა და უშიშროების სამსახურებს ხელთ მისცა ინტერნეტის გაკონტროლების მნიშვნელოვანი ბერკეტები. და ეს მაშინ, როცა  საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლით  და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, გარანტირებულია მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა.

2010 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პროვაიდერები და მეილ-სერვერების მფლობელები ვალდებულნი არიან, სამართალდამცავებს  წარუდგინონ  პირადი კომუნიკაციის ამსახველი მასალები, როგორიცაა - ელექტრონული ფოსტა და „ჩატი“, სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში.  ინტერნეტ-პროვაიდერები ასევე ვალდებულნი არიან წარადგინონ მომხმარებლის სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად - ვებ-გვერდებზე ვიზიტების და  ტრაფიკის შესახებ.  მობილური კავშირის კომპანიებიც ასევე ვალდებულნი არიან, წარადგინონ მსგავსი ინფორმაცია ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში.

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ ინტერნეტისა და მასთან დაკავშირებული ტექანოლოგიების მოხმარების ზრდის ტენდენციას საქართველოში და მაგალითისთვის მოჰყავთ წინა ანგარიშის სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2009 წელს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც მთელი მოსახლეობის 30.5%-ს წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტისა და მობილური სატელეფონო კავშირის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა კვლავაც შეიმჩნევა, Freedom House მაღალ ფასებს და სუსტ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რაიონებში. საქართველოში ინტერნეტით სარგებლობის ყოველთვიური საშუალო ღირებულებაა 25 აშშ დოლარი.  ყველაზე დაბალი ტარიფი 1 Mbps broadband კავშირისთვის დაახლოებით 10 აშშ დოლარს შეადგენს.  ინტერნეტ-კაფეების ტარიფები საკმაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ მათი უმეტესობა მოქმედებს ძირითადად დიდ ქალაქებში და ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მზარდ მოთხოვნებს. უმეტეს ინტერნეტ-კაფეში თორმეტ კომპიუტერზე ნაკლებია და მომხმარებლებს ხშირად რიგში დგომა უწევს.

ორიგინალი: http://www.media.ge/ka/content/saqarthveloshi_interneti

ახალი ამბები