10:20, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„საზოგადოების დიდ ნაწილში სუფევს არა „უხილავი“, არამედ სავსებით კონკრეტული, სტატისტიკურად გაზომვადი შიში“

27.04.2011

კობა ბენდელიანი, ინტერპრესნიუსი

არსებობს თუ არა ქართულ საზოგადოებაში შიში, რას შეიძლება უკავშირდებოდეს შიშის არსებობა; ასევე, სავარაუდოდ, რა ფსიქოლოგიური ცვლილებები შეიმჩნევა ქართულ საზოგადოებაში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლის შემდეგ, "ინტერპრესნიუსი" ანალიტიკური ჯგუფ "ტერრა მედიას" გენერალურ დირექტორს, სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, ბოლო პერიოდში ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა მოუხშირეს საუბარს საზოგადოებაში შიშის არსებობაზე. თემა რომ აქტუალურია, სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე მსჯელობამაც დაადასტურა. თქვენც ერთ-ერთ სამეცნიერო სტატიაში აღნიშნავთ, რომ საზოგადოებაში დასადგურებული შიშის გამო საქართველოში სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას აზრი არა აქვს. რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ქართული საზოგადოება შიშით არის დაავადებული და თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქვეყანაში შიშის სინდრომის ზრდა?

- სოციოლოგი ვარ და ამდენად ჩემი მოსაზრებების დიდი ნაწილი გარკვეულ მონაცემებს, ამ მონაცემების ინტერპრეტაციას ეყრდნობა. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით და ამ მონაცემების პოვნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, უკვე 5 წელია, ნათლად იკვეთება შემდეგი სურათი. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი სოციოლოგიურ გამოკითხვებში, როგორც წესი, 10 -15%-ით აღემატება მის მიერვე დაგროვილი ხმების რაოდენობას სხვადსხვა დონის არჩევნებზე, ხოლო რადიკალური, ხაზს ვუსვამ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი სოციოლოგიური გამოკითხვის დროს პრაქტიკულად არ იზომება, რაც ასევე დისონანსშა ცესკ-ოს ოფიციალურ მონაცემებთან.

2007 წლის დეკემბერში ჩემს მიერ იყო ჩატარებული პოლიტიკური კვლევა და, ბუნებრივია, ამ კვლევის მიზანს წარმოადგენდა საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგის დადგენა თბილისის მასშტაბით. იმ კვლევის შედეგებმა აჩვენეს, მიხეილ სააკაშვილის უპირატესობა ოპოზიციის ძირითად კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სააკაშვილი აგროვებდა ამომრჩევლების 25%, ხოლო გაჩეჩილაძეს უნდა ქონოდა რესპონდენტთა 19% მხრდაჭერის იმედი. მსგავსი ტენდენცია ახასიათებდა უკლებლივ ყველა კვლევას, რომელიც ტარდებოდა იმ პერიოდში.

მეც და ბევრმა ჩემმა კოლეგამ, კვლევითი ინფორმაციის მიუხედავად, მშვენივრად ვიცოდით, რომ კვლევის ჩატარების დროს, ლევან გაჩეჩილაძის რეალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას ქვეყნის დედაქალაქში, რაც დადასტურდა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით. კიდევ ერთი მაგალითი, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან, წინასაარჩევნო პერიოდში ასევე აქტიურად ვატარებდით კვლევით სამუშაოებს და ძალიან კარგად მახსოვს, რომ "ეროვნული საბჭოს" რეიტინგი პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა და არ აღემატებოდა 1%. ცესკო–ს მონაცემების თანახმად, ძიძიგური-ნოღაიდელი-დავითაშვილის კოალიციამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 7%.

აქედან გამომდინარე დასკვნა – სოციოლოგიური, რაოდენობრივი გამოკითხვა, უკვე ხუთი წელია, არ წარმოადგენს საიმედო მეთოდიკას, თუ მისი მიზანი საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური უპირატესობების დადგენაა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელიც არ მეტყველებს დადებითად, არც ჩვენში არსებული სოციეტალური კლიმატის და არც საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული სოციალური თვითშეგრძნების შესახებ. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში სუფევს შიში და არა ის "უხილავი შიში", რომელზეც სულ უფრო ხშირად საუბრობს ბატონი რობერტ სტურუა, არამედ სავსებით კონკრეტული, სტატისტიკურად გაზომვადი შიში. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც სოციოლოგია ზომავს პოლიტიკურ რეიტინგებს, სინამდვილეში ზომავს შიშს.

- საშუალო ასაკის წარმომადგენლები პრივატულ საუბარში დღევანდელ ვითარებას სულ უფრო ხშირად „ბრეჟნევის უძრაობის პერიოდს“ ადარებენ. რამდენად ადეკვატურია საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ დღევანდელობის ამგვარი აღქმა?

- მართლაც, ბევრი რამ არის საერთო. უიმედობა, რომელიც გადადის ცინიზმსა და სოციალურ აპათიაში. ერთი, რაც მაიმედებს ის არის, რომ სამზარეულოში ჯერჯერობით არ ვყვებით პოლიტიკურ ანეკდოტებს. შიში ტოტალიტარული, საბჭოური რეფლექსია, ჩვენში მისი არსებობა სხვა პარარელურად არსებული რეფლექსით, კონფორმიზმითაც არის განპირობებული. ერთიც და მეორეც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული და ახლა არ დავიწყებ ამაზე საუბარს, უბრალოდ, კონფორმიზმის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ საინტერესო სოციოლოგიურ ფაქტს.

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის მიმართაც სოციოლოგიური გამოკითხვა პოლიტიკური რეიტინგის გაზომვის თვალსაზრისით არის ვალიდური, ანუ საიმედო. ეს არის „ქრისტიან – დემოკრატიული“ მოძრაობა. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რეიტინგი პრაქტიკულად არასოდეს არ განსხვავდება არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისგან. რატომ გრძნობს „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ რესპონდენტი თავს ბევრად უფრო კომფორტულად ინტერვიუერთან პირისპირ დარჩენის დროს, ვიდრე სხვა რეიტინგული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი?

ჩვენ შეგიძლია, დავუშვათ ვარაუდი, რომ "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" პოტენციური მხარდამჭერი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცით, შინაგანი თავისუფლებით, რომელსაც განაპირობებს მისი ღირებულებითი ორიენტაციები, განათლების მაღალი ცენზი და ა.შ. მაგრამ, დამიტოვეთ უფლება ამასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი სპეკულაცია. „ქრისტიან-დემოკრატებისადმი“ გამბედავი და მაღალი მხარდაჭერა ხომ არ არის განპირობებული იმ გარემოებით, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტის აქტივობა მთელი რიგი მიმოხილველების მხრიდან ფასდება როგორც კონსტრუქციული, კომპრომისული და კოლაბორაციონისტული? ხომ არ არის „ქრისტიან–დემოკრატების“ ამომრჩევლის ეს ქცევა განპირობებული იმ ფაქტორით, რომ თვით პრეზიდენტი აღიქვამს „ქრისტიან-დემოკრატებს“, როგორც ქმედუნარიან პოლიტიკურ კორპორაციას, რომლის ლიდერსაც შეიძლება ჰქონდეს სავსებით ლეგიტიმური ამბიცია ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის დასაკავებლად? ხომ არ ქმნის სწორედ ამ გარემოებათა ერთობლიობა „ქრისტიან–დემოკრატი“ ამომრჩევლებისთვის შესაშურ კომფორტს სოციოლოგიური ინტერვიუს დროს? აშკარაა, რომ ბრეჟნავის „უძრაობის პერიოდთან“ ჩვენ სოციალური ფობია და კონფორმიზმი გვაკავშირებს.

- ჩემი დაკვირვებით, 2004 წლიდან ხელისუფლება შეეცადა, საზოგადოება კანონმორჩილი გაეხადა. შესაძლოა, გამკაცრებული კანონების წინაშე შიშმა საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი შიშიც გააჩინა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კანონთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია სულ უფრო ხელშესახები გახდა. სხვა საკითხია, რომ ამას ყველა ერთმნიშვნელოვნად დადებით არ განიხილავს. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოება კანონის წინაშე შიშს ხელისუფლების მიმართ შიშთან აიგივებდეს?

- გეთანხმებით, რომ კანონმორჩილების თვალსაზრისით ხელისუფლებამ მართლაც შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ერთია, ამყოფო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კანონის მიმართ შიშის ქვეშ, ხოლო მეორეა, მიაღწიო მოსახლეობაში კანონის პატივისცემას. შეგახსენებთ, რომ სტალინის „ეფექტური მენეჯმენტი“ ეფუძნებოდა და დამყარებული იყო საბჭოთა ხალხის უნიკალურ კანონმორჩილებაზე.

- ოპოზიციის ლიდერები ხშირად და ბევრს საუბრობენ მოსალოდნელ რევოლუციურ ქარტეხილებზე. თუ საზოგადოება ლატენტური შიშის კომაში იმყოფება, გამოდის რომ რევოლუციაზე საუბრებიც ფუჭია, ვინაიდან, ისტორიას არ ახსოვს შეშინებული ხალხის მიერ რევოლუციის მოხდენის პრეცედენტი ...

- უდავოა, რომ ჩვენ დახურულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი აზრით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის თავისუფალი. ამასთან, საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იჩენს თავს სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს ლაკმუსის ქაღალდს მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან სწორედ ამ ხელისუფლების პოლიტიკური სცენიდან წასვლის შემდეგ დაიწყება ახალი ათვლის წერტილი, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე - მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის.

სააკაშვილის თვისობრივი განსხვავებულობა მისი წინამორბედებისგან ისაა, რომ მან კონტრელიტას, თუკი იგი დააპირებდა ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას ან ჩანაცვლებას, ყველა რესურსი მოუსპო ან მყისიერად შეზღუდა. გამსახურდიას და შევარდნაძის დროსაც ოპოზიცია სარგებლობდა ფინანსური, ადმინისტრაციული, მედიის რესურსებით და სარგებლობდა უდიდესი მხარდაჭერით არასამთავრობო სექტორშიც. დღეს ვითარება სხვაგვარია - სააკაშვილმა თითქოსდა უთხრა თავის ოპონენტებს – აბა, ვნახოთ როგორ მოახერხებთ ჩემს ჩანაცვლებას ამ რესურსების გარეშე? ანუ, სააკაშვილი სთავაზობს თავის ოპონენტებს თვისობრივად განსხვავებულ ამოცანას, რომელიც თავისთავად გულისხმობს თვისობრივად ახალ მიდგომას.

ფაქტია, რომ ამ ლანდშაფტში ძველი, სტანდარტული სქემა აღარ იმუშავებს. ხელისუფლების წინააღმდეგ საგანგებოდ და ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგიური დივერსიების მოსაწყობად გარკვეული ბიზნეს თუ პოლიტიკური დაჯგუფების მფლობელობაში მყოფი ტელევიზიები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მფარველობის ქვეშ შექმნილი ბიზნესის მხარდაჭერა – ყველაფერი ეს წარსულში დარჩა. ბუნებრივია, რომ ამ რესურსების გარეშე ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება რაიმე ტიპის წარმატებული დესტრუქციის მოწყობა. ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი არის სამოქალაქო საზოგადოების რუტინული მშენებლობა. საზოგადოება აღარ უნდა განიხილავდეს თავს მსხვეპლად, მოქალაქეები უნდა იჩენდნენ მეტ ინიციატივას და უფრო დიდ აქტივობას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, საზოგადოებამ სასურველ ცვილელებებსა და შესაბამის შედეგებს მიაღწიოს.

- 20 წელი გავიდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ბევრი საუბრობს, რომ ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და მორალურ-ეთიკური ცვლილებები შეინიშნება. თქვენი აზრით, ამ 20 წელიწადში რა ხელშესახები ცვლილებები მოხდა ქართულ საზოდაოებაში?

- მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ საკმაო პროგრესს მივაღწიეთ როგორც სამოქალაქო ცნობიერების, ასევე ეკონომიკური თუ პოლიტიკური ქცევის და ორიენტაციის თვალსაზრისით. მართალია, ეს გზა ჩვენ ძირითადად „ცდის და შეცდომების“ მეთოდით გავიარეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ხანი და საიდან მოვდივართ, ეს განვლილი გზა სულაც არ არის აპოკალიპტიკური.

ჩვენ აზროვნებაში ჯერ კიდევ ბევრია ირაციონალური, სიმბოლური და რიტუალური. ჩვენ ვიმყოფებით ღირებულებით ვაკუუმში და ხშირად ჩვენში სამშობლოს სიყვარული, ძველი ინერციით, მხოლოდ სადღეგრძელოებით შემოიფარგლება. მხოლოდ თავისუფალ ადამიანში შეიძლება იყოს ღირებულებათა მწყობრი სისტემა, ვინაიდან არათავისუფალი ადამიანის მისწრაფებები არის ორიენტირებული მხოლოდ ვიტალურ, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ასეთ ვითარებაში უკვე აღარ რჩება ადგილი არც სამშობლოსთვის და არც თავისუფლებისთვის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC