13:56, Monday, 17.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გრიგოლ ხარებავა: „საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს იზოლატორში აგრესიულად და ზიზღით გვექცეოდნენ“

02.05.2011

სალომე აჩბა

უზენაესი სასამართლოს საპროტესტო აქციაზე დაკავებული გრიგოლ (კახა) ხარებავა 20-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრს საპატიმროში გატარებულ მძიმე დღეებზე ესაუბრება.

გრიგოლ ხარებავა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ზვიად ხარებავას ძმაა. იგი, ათობით სხვა მოქალაქესთან ერთად,  4 აპრილს უზენაესი სასამართლოს წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს და  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.  საპროტესტო აქციაზე შეხლა-შემოხლა  პატრულსა და მოქალაქეებს შორის მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს კართან გვირგვინი ჩამოკიდეს წარწერით - „დავტირით სასამართლოს“, სასამართლოს შენობას კი კვერცხები დაუშინეს. აქციის მონაწილეები საქართველოს საპატიმროებში დღეს არსებულ მძიმე პირობებსა და პატიმრების წამების ფაქტებს აპროტესტებდნენ.

გრიგოლ ხარებავა: დღემდე არ ვიცი, რისთვის დამაკავეს და რატომ მომისაჯეს 20- დღიანი პატიმრობა. ჩემი მხრიდან აქციის მიმდინარეობისას არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, პატრულის თანამშრომლებმა ხელი დამავლეს და წამიყვანეს. აქციის ორგანიზატორებმა აქციის დაწყებამდე მოილაპარაკეს, რომ ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ, არ გაეღიზიანებინათ სამართალდამცავები და არ წამოგებულიყვნენ პროვოკაციას, რათა შემდგომ მონაწილეები არ დაეკავებინათ. შესაბამისად, აქციაც მშვიდობიანი იყო. რაც შეეხება სასამართლო შენობისთვის კვერცხების სროლას, ეს სრულიად დაუგეგმავად და სპონტანურად მოხდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ სასამართლოს შენობის კართან  ჩამოკიდა გვირგვინი წარწერით: „დავტირით სასამართლოს“,  სასამართლოს შენობას კი კვერცხები დაუშინა.

- თქვენ ამ  ეპიზოდში მონაწილეობდით?

- არა. უბრალოდ, ვიდექი და ვუყურებდი. უცებ გამოვიდა პატრულის დაახლოებით 50-ამდე თანამშრომელი და ხალხი  სასამართლო შენობისიგან მოშორებით, ტროტუარზე გადაიყვანა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. როგორც ჩანს, პატრულის გამოჩენის გამო, ბევრს შეეშინდა. აქციის ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანიღა დავრჩით. სწორეს ამ დროს დაიწყო საპატრულო პოლიციამ ჩენი დაკავება. ვის რატომ იჭერდნენ, ვერ გავიგე - ჩაავლებდნენ ხელს და მიჰყავდათ.

მე და აქციის კიდევ ერთი მონაწილეც ჩაგვსვეს პატრულის ერთ-ერთ მანქანაში და წაგვიყვანეს. სასტუმრო „რედისონთან“, მიწისქვეშა გვირაბში მანქანა ცოტა ხნით გააჩერეს. მათი საუბრიდან მივხვდი, რომ ჩვენს გაშვებას აპირებდნენ. მალევე ვიღაცამ დარეკა და როგორც ჩანს, მისცა ბრძანება, განყოფილებაში გადავეყვანეთ. წაგვიყვანეს სამგორში, პატრულს შენობასთან და იქვე სამრეცხაოსთან შეგვკრიბეს აქციის ყველა დაკავებული მონაწილე. აქ ოქმის შედგენას დაახლოებით 4-5 საათი ველოდეთ. საინტერესო იყო ოქმის შედგენის პროცედურაც - გააკეთეს ერთი ოქმი და ყველა დაკავებულისთვის გამოიყენეს. უბრალოდ, დააქსეროქსეს და დაარიგეს.

ცოტა ხნის შემდეგ დამკითხა პატრულის თანამშრომელმა. სავარაუდოდ იგი იყო მაღალჩინოსანი, რადგან სხვა თანამშრომლები მასზე ამბობდნენ - ჩვენი უფროსიაო. მან მკითხა: რა გინდოდა აქციაზე, რატომ მიხვედიო. მე ვუთხარი, რატომაც მივედი, ავუხსენი, რომ ვაპროტესტებდი საპატიმროებში არსებულ სიტუაციას და პატიმრების წამების ფაქტებს. მან მკითხა, შენ საიდან იცი საპატიმროებში პატიმრების წამების შესახებო.  ვუპასუხე, რომ ჩემი ძმა ზის საპატიმროში, ასევე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ყვებიან წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ და სწორედ აქედან-ვიცი მეთქი. ჩემმა პასუხმა პატრულის მარალჩინოსანი გააბრაზა, ჩამიკეტა კარი და წავიდა. ამის შემდეგ კიდევ ორი პატრული მოვიდა და მაცნობა - საპატრულო პოლიციის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი გიბარებსო. მიმიყვანეს გეგეჭკორთან, რომელმაც იგივე კითხვა დამისვა - რატომ იყავი აქციაზეო. მასაც იგივე პასუხი გავეცი. მერე მკითხა - პატრულს ხელი რატომ დაარტყიო. მე უარვყავი ეს  ბრალდება. მან კი მითხრა, რომ ამის მოწმეები არსებობდნენ და მიმითითა იქვე მდგარ ოცამდე თანამშრომელზე, რომლებიც ყველა ერთხმად ამბობდნენ, რომ მე მათ ხელი დავარტყი. ამის შემდეგ გადამიყვანეს სასამართლო შენობაში. მანქანიდან რომ გადმოვყავდით, ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მოგვიახლოვდა. პატრულის თანამშრომლებმა ჩემზე უთხრეს - ამაზე 20-დღიანი პატიმრობა მოითხოვეთო, ჩემტან ერთად აქციის მსვლელობისას დაკავებულ პირზე კი მიუთითეს - ამას 400-ლარიანი ჯარიმა ეყოფაო.  მართლაც სასამართლო პროცესზე  წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 20 დღით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.

- როგორი პირობები იყო საპატიმროში?

- აქციის მიმდინარეობისას დაკავებული 4 ადამიანი ერთად მოგვათავსეს ერთ კამერაში. პირველივე დღიდან შევამჩნიეთ, რომ იზოლატორის თანამშრომლები ძალიან აგრესიულად იყვნენ ჩვენ მიმართ, თითქოს ვეზიზღებოდით. ასე მგონია, რომ გარკვეული დირექტივები ჰქონდათ მიღებული, როგორ მოგვქცეოდნენ. რაც შეეხება საკვებს, პრაქტიკულად მშივრები ვიყავით. არადა, ჩემი მეუღლე ყოველ დღე მიგზავნიდა საჭირო საკვებ პროდუქტებს, მაგრამ ჩვენამდე არ აღწევდა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მიგზვავნიდა. დღეში შემოდიოდა ერთი ძეხვი, ერთი პური, რამდენიმე ღერი სიგარეტი და ასანთი. ეს ყველაფერი მთელი დღის განმავლობაში 4 ადამიანს უნდა გვეკმარა. ჩემთან ადვოკატი ძალიან ხშირად შემოდიოდა და მასაც ვკითხე, ოჯახი ასე ცოტა საკვებს რატომ მიგზავნის-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პროდუქტს ციხის თანამშრომლები იმ რაოდენობით არ მაწვდიდნენ, რა რაოდენობითაც მეუღლე მიგზავნიდა. მაგალითად, ერთხელ ერთი ცალი ნუშის ნამცვხარი და 4 თუ 5 ღერი სიგარეტი შემომიტანეს. არადა, მეუღლეს მთელი შეკვრა სიგარეტი შემოუგზავნია. მეუღლე ასევე ადგენდა სიას, რასაც მიგზავნიდა და ამაზე მერე მეც უნდა მომეწერა ხელი მას შემდეგ, როცა გადმოცემულ პროდუქტს შევადარებდი ჩამონათვალს. თუმცა, თანამშრომლებს ჯერ სია შემოჰქონდათ, ხელს გვაწერინებდნენ და მერე მოჰქონდათ პროდუქტი. მერე ოჯახს ვუთხარი - ერთი ძეხვისა და ერთი პურის მეტი აღარაფერი შემოეგზავნათ. რაღა აზრი ჰქონდა?! ჩემამდე მაინც არ მოვიდოდა.

რაც შეეხება ტანსაცმელს, მისი შემოგზავნაც შეზღუდული იყო. ნივთებში შევუნახავთო - უთქვამთ ოჯახისთვის, მაგრამ როცა გამოვედი, არც ნივთებში დამხვედრია. ყოველ დღე გვამოწმებდა სამართალდამცავი, სავარაუდოდ -  სამმართველოს უფროსი. იგი ჩვენდამი განსაკუთრებულად აგრესიულად იყო  განწყობილი, გვისვამდა პროვოკაციულ შეკითხვებს და ცდილობდა, წამოვგებულიყავით პროვოკაციას.

- ფიზიკური ზეწოლა თუ იყო თქვენზე?

- არა. უნდა ითქვას, რომ არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენ მიმართ არ ყოფილა. იყო ერთი საინტერესო შემთხვევა - ჩემთან ერთად საკანში სასჯელს იხდიდა მოქალაქე, რომლის გვარია კოჩიევი. მას კბილი ასტკივდა. ბადრაგს ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე, ან აქიმი გამოეძახათ ან ტკივილგამაყუჩებელი შემოეტანათ. მან კი მიპასუხა - რა წამალი და ექიმი გინდათ, თუ კბილი ტკივა, მიდი და ამოუღეო.

აშკარად შეიმჩნეოდა, რომ ჩვენ სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ პირობებში გვამყოფებდნენ. მაგალითად, სხვა პატიმრებს დღეში სამჯერ ჰქონდათ კვება, ასევე გასეირნებაც და დამლაგებლის მომსახურებაც. ჩვენ არც ერთი ამ პირობით არ გვისარგებლია. ჩვენზე, ალბათ, მითითება იყო, რომ რაც შეიძლება გაუსაძლისი პირობები შეექმნათ, შეგვშინებოდა და შემდგომში საპროტესტო აქციაზე აღარ გავსულიყავით.

ჩემი ერთ-ერთი თანასაკნელი, აფხაზეთიდან დევნილი, 2006 წელს აფხაზეთში გადავიდა საკუთარი სახლისა და იქ დარჩენილი ახლობლების მოსანახულებლად. თუმცა, აფხაზეთში შესვლისთვის საჭირო საბუთები არ ჰქონდა და ამ მიზეზით აფხაზმა სეპარატისტებმა იგი დააკავეს და გადაიყვანეს საპატიმროში. აფხაზ სამართალდამცავებს ეს პიროვნება მზვერავი ეგონათ. თუმცა, სიტუაცია მალევე გაირკვა და გაათავისუფლეს. ახლა ქართველი სამათალდამცავების მიერ დაკავებული ეს პიროვნება იხსენებდა იმ პირობებს, რაც მათ აფხაზებმა შეუქმნეს საპატიმროში. ჩვენგან განსხვავებით, მას აფხაზეთის იზოლატორში ყოფნისას არ მოჰკლებია საჭმელ-სასმელი, ბოლოს კი თხის ხორცზეც დაუპატიჟებიათ. საბოლოოდ, ეს ადამიანი ენგურის ხიდამდე მოაცილეს აფხაზებმა და ხიდთან გაათავისუფლეს. 

- თქვენს დაკავებას ხომ არ უკავშირებთ თვენი ძმის - ზვიად ხარებავას დაკავების ფაქტს?

- გამიჭირდება ცალსახად თქმა, რომ ჩემი დაკავება ჩემი ძმის საქმესთან რაიმე კავშირშია. თუმცა, საპატრულოს უფროსმა გეგეჭკორმა და კიდევ პატრულის სხვა მაღალჩინოსანმა დაკავებულთაგან მხოლოდ ჩემ მიმართ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი. შესაბამისად უსაფუძვლო არ არის ეჭვი, რომ ჩემი დაკავება სწორედ ჩემი ძმის საქმეს უკავშირდება. ჩემი ძმის საქმეზე საკმაოდ ვაქტიურობ. ვხვდები სხვადასხვა პიროვნებებს, პარტიებს, ორგანიზაციებს. ეტყობა, შემამჩნიეს და ჩემი დაკავებაც გადაწყვიტეს. თუმცა, ეს ჩემი ეჭვია, რისი დასაბუთებაც არ შემიძლია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC