კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ქუჩაში აქციების თავიდან აცილებას დაპატიმრებებით ცდილობს

10 მაისი, 2011

სოფო გეწაძე

7 მაისს რუსთავში პოლიციამ „სახალხო კრების“ აქცია დაარბია და მისი 12 მონაწილე დააკავა. კრების წარმომადგენლების ცნობით, აქციის მონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პოლიციის მაღალჩინოსნის ვალერი დუღაშვილის სახლთან აქცია უკვე სრულდებოდა. „სახალხო კრების“ ცნობით, ზემოხსენებულ მამაკაცს აქციის მონაწილეები არ იცნობდნენ. სამართალდამცველებს კი ამ მამაკაცის დაკავება მას შემდეგაც არ უცდიათ, რაც მან პოლიციელს ხელი გაარტყა.

დაკავებულებიდან შვიდი „სახალხო კრების“ და ხუთი ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ წარმომადგენელია. დაკავებული მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და სასამართლოში გადაანაწილეს.

სასამართლოში გადაყვანილ 9 დაკავებულს პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეეფარდათ. „სახალხო კრების“ ინფორმაციით, ლევან ჩიტაძეს, გოჩა თედორაძეს და ვასილ ბალახაძეს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ; დავით დალაქიშვილსა და შალვა მახარაშვილს - 15 დღით, გია ნოზაძეს, გელა ნაკაშიძეს და კახა სალუქვაძეს – 7 დღით.  ნიკა სამხარაძეს, მირიან ჯანიაშვილს, გიორგი ფარესაშვილს და არასრულწლოვან ნიკა ლაპიაშვილს კი 400-400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

დაკავებულებს განაჩენი მოსამართლეებმა – ლარისა ლიპარტელიანმა, ეკატერინე პართენიშვილმა და ლაშა ჩხიკვაძემ გამოუტანეს. სასამართლომ მათ ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წაუყენა.

რუსთავში დაკავებული აქტივისტების ადვოკატის, მანანა კობახიძის განცხადებით, „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ფრთისა და „არას“ წარმომადგენლებს, რუსთავში გამართული საპროტესტო აქციის დროს არ დაურღვევიათ კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“. შესაბამისად, ადვოკატი ვარაუდობდა, რომ აქციის მონაწილეებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებას წაუყენებდნენ. მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას.

აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს ოპოზიციაც გამოეხმაურა. პოლიტიკური მოძრაობა "თეთრები" დღეს რუსთავში „წამომადგენლობითი სახალხო კრების“ აქციის მონაწილეთა დაკავებას „21 მაისით შეშინებული სააკაშვილის მიერ პროვოკაციული გზის არჩევის დასტურად“ აფასებს.

„ის, ვინც აქციაზე პოლიციელს ხელი გაარტყა, ხელისუფლების მიერ იყო შეგზავნილი, რადგან ამ პიროვნების დაპატიმრების ნაცვლად ხელისუფლება ჯალათი პოლიციელის მამხილებელებს  იჭერს“, - განმარტავს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

„დღევანდელი აქციის დარბევამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აგონიაშია და 21 მაისის ეშინია“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა.

„ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობილების ჩახშობის მიზნით, ხელისუფლება კვლავ დაშინებას, ტერორს  მიმართავს და სამაგალითო დაპატიმრებებით ცდილობს, მოსახლეობა შეაშინოს, რათა ქუჩის აქციები თავიდან აიცილოს. ძალადობა შობს ძალადობას! ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, უარი თქვას მსგავს მოქმედებებზე, რადგან ხალხის პროტესტი გარდაუვალია. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, საპატრულო პოლიციას, ხელი აიღონ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა თუ დაპატიმრებაზე: თქვენ ემსახურებით სახელმწიფოს ანუ ხალხს და არა კონკრეტულად, რომელიმე ხელისუფალს“, - აცხადებენ „სამოქალაქო ფრონტში“.

„ხალხის გააქტიურებით შეშინებული სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი პროვოკაციებს არ ერიდება და პროტესტის ჩახშობას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს. რეპრესიების მიზანი მუხტის ჩაკვლა და საზოგადოებაში შიშის დანერგვაა, თუმცა მსგავსი ღონისძიებები შედეგს უკვე ვეღარ გამოიღებს. არაბული სამყაროდან წამოსულმა თავისუფლების ტალღამ საქართველომდეც მოაღწია“, - ნათქვამია „ქართული პარტის“ განცხადებაში.

„ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებად“ აფასებენ  აქტივისტების დაპატიმრებას მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საპატრულო სამსახურის ცინიზმით აღსავსე ქმედებები, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ იმიჯს, რაც კარის მომღერლების მიერ კლიპებშია შექმნილი. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობრივი მეთოდებით საზოგადოების დაშინება. ამით  ის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ორგანიზაციების ბრძოლას ვერ შეაჩერებს“, - აღნიშნულია კუკავასა და ბესელიას ერთობლივ განცხადებაში.

აქციის მონაწილეების დაკავება დაგმო ლეიბორისტულმა პარტიამაც და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვა.

საპროტესტო აქცია რუსთავში 7 მაისს, ქალაქის პოლიციის მაღალჩინოსნის, ვალერი დუღაშვილის სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილეები დუღაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები