კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციის დაშლისას 17 ჟურნალისტი დაზარალდა

30 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი

26 მაისს თბილისში პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებიც დაზარალდნენ.

სპეცრაზმელებმა კორესპონდენტები ალყაში მოაქციეს და ხელკეტებით ცემეს, ზოგიერთმა მათგანმა რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აქციის დაშლის შედეგად 17 ქართველი ჟურნალისტი დაზარალდა.

სპეცრაზმის წევრებმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დარეჯან პაატაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტმა სპეცრაზმელებს პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობა აჩვენა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას მოწმობა ყელიდან ჩამოგლიჯა, მეორემ კი ყელში ხელი წაუჭირა.

ვიდეოკამერა დაუმტვრიეს „პალიტრა TV“-ის ოპერატორს ავთანდილ სურმავას.

სპეცრაზმელებმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კიდევ ერთი კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა ცემეს, საბუთები წაართვეს, რის შემდეგაც დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი საათნახევრის განმავლობაში დაკავებული იყო და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. „მე და კიდევ ერთი ჟურნალისტი სპეცრაზმელების ალყაში მოვხვდით. თავში ხელკეტებს გვირტყამდნენ. ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. მერე წაგვიყვანეს დიღმის პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც საათნახევრის შემდეგ გამათავისუფლეს“, - აღნიშნავს მალხაზ ჭკადუა.

დააკავეს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ორი კორესპონდენტი: ჟურნალისტი ანა გაბუნია და თენგო ოკუჯავა. ოკუჯავა მალევე, ანა გაბუნია კი მხოლოდ დილით გაათავისუფლეს.

ცემეს საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ჟურნალისტები - თელარა გელანდია და ხათუნა გაგნიძე, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ 27 მაისის ნომერში.

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს.

აქციის დაშლის შედეგად დაშავდნენ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი. ბექა სივსივაძეს რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. „არაერთხელ ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ უფრო მეტად გვცემეს. ძირს ვიყავით დაყრილები და ხელკეტებს ისე გვირტყამდნენ. თავი სულ დამილურჯეს, სხეულზე კი 30-მდე რეზინის ტყვია მომხვდა“, - ამბობს ბექა სივსივაძე.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცემეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილიც, რომელსაც ვიდეოკამერაც წაართვეს.

ცრემლსადენი გაზით მოიწამლა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო კახიშვილი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ამყოფეს.

„ნეტგაზეთის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს, ჟურნალისტმა კოტე სტალინსკიმ კი აქციის დაშლისას სხეულის დაზიანებები მიიღო.

სპეცრაზმელებმა წიხლებით ცემეს და ფოტოკამერა წაართვეს გაზეთ „გურია ნიუსის" ჟურნალისტს ნატო გოგელიას. ფაქტის თვითმხილველი Media.Ge-ს თანამშრომელი გახდა.

პოლიციის თანამშრომელი ჯორჯაძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა Media.Ge-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს.

სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტს დიანა ხოფერიას, რომელსაც თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.

ახალი ამბები