07:52, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პერიოდული ქუჩის ძალადობა საქართველოსთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა

15.06.2011

ბრაიან ვაითმორი, რადიო „თავისუფალი ევროპა“

ფატი მანაგაძეს გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი დემური ციხეშია. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მანაგაძე თავის 21 წლის შვილს ეძებდა, რომელიც 25-26 მაისს თბილისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ დაიკარგა. მას ყველაზე უარესის ეშინოდა, როდესაც დემურის გვარს პოლიციის მიერ დაკავებულთა სიაში ვერ პოულობდა.

ქალაქის პოლიციის განყოფილებებში მრავალდღიანი ძებნის შემდეგ, საბედნიეროდ მანაგაძე იპოვეს.

„ჩემს შვილს ექვსი დღე ვეძებდი, 25 მაისის შემდეგ, და როგორ იქნა ვიპოვე“, – ამბობს იგი. „თბილისის მთავარ საქალაქო სასამართლოში წავედი და სწორედ იქ მითხრეს, რომ ის დააკავეს და მისჯილი აქვს ორთვიანი [წინასწარი] პატიმრობა“.

„როდესაც გავიგე, რომ ცოცხალი იყო, აღარაფერი მანაღვლებდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი როდესაც ეს ამბავი გავიგე. თქვენ ალბათ ვერ ნახავთ მსოფლიოში სხვა დედას, რომელიც ბედნიერი იქნება იმის გაგებით, რომ მისი შვილი დაპატიმრებულია“.

მანაგაძის საქმე გამონაკლისი არ არის. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით საქართველოს დედაქლააქის ცენტრში ბოლოდროინდელი ძალადობის შემდეგ 50-ზე მეტი ადამიანია დაკარგული. პოლიციის ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ არანარი უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანები არ არსებობენ და რომ ყველა აღრიცხულია.

ისევ ძველი მეთოდები?

დაკარგული ადამიანები, თბილისში ბოლოდროინდელი ძალადობის ირგვლივ დაწყებული დავის ერთადერთი თემა არ არის. უფლებადამცველი ჯგუფები პოლიციას ძალის გადამეტებაში, მთავრობას კი გამოძიების ბლოკირებაში ადანაშაულებენ.

მაისის არეულობა და მისი შედეგები ქართული პოლიტიკის მოშლილობის ერთგვარი მიკროკოსმია, აცხადებენ ანალიტიკოსები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ბრძოლები ქუჩაში გადადის, რადგან პარლამენტი, სასამართლოები, მედია და დემოკრატიის ფუნქიონირებისთვის აუცილებელი სხვა ინსტიტუტები სუსტი და განუვითარებელია. 

„თითქოს 20 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით – ძალადობა, მსხვერპლი, ძალადობა, მსხვერპლი, გლოვა“, – ამბობს ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, რომელიც არ მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და პირიქით, მთავრობის მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობს. „ეს ძველი სტილის ქართული პოლიტიკის გაგრძელებაა“. 

„ის თავს უყრის იმ ყველაფერ ნეგატიურს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გვჭირს. ეს პოლიტიკის კეთების არასწორი გზაა“. 

ხუთდღიანი საპროტესტო აქციების დროს, ისეთმა ოპოზიციურმა ლიდერებმა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, არც მეტი არც ნაკლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი აშკარად მზად იყვნენ ძალადობის პროვოცირებისთვის, აქეზებდნენ რა საკუთარ მხარდამჭერებს ჯოხებით და პლასტმასის მილებით პოლიციელებზე თავდასხმისკენ. 

თავის მხრივ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. მას შემდეგაც კი, რაც ყველაზე მოძალადე ელემენტები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, პოლიციამ შეკრებილთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრელმსადენი გაზი განურჩევლად გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტს და ზოგიერთ ჟურნალისტს სცემა.  

თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის გია ნოდიას თქმით, ყველა მხარე ცუდად გამოიყურება.

„ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის სრული დისკრედიტაცია მოხდა“, – ამბობს ნოდია. „რთულია მომავლის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ადგილი ექნება ხელისუფლების შეცვლის მცდელობას სახალხო ბრაზის მობილიზების გზით. მაშინ, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის მთავრობამ გაიმარჯვა? არც ამაში არ ვარ დარწმუნებული“. 

ის აცხადებს, რომ „დემონსტრაციის დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვი არ ეპარება“, თუმცა დასძენს, რომ „გზა, რომლითაც ეს გაკეთდა მთავრობის პოპულარობას ხელს ვერ შეუწყობს. რატომ დასჭირდა პოლიციას იმ ადამიანების ცემა, რომლებიც წინააღმდეგობასაც კი არ წევდნენ?“

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ შეტაკებებში ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი პოლიციელი და ერთი ყოფილი პოლიციელი დემონსტრანტი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ოპოზიციონერების ავტოკოლონა დაეჯახა, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და სწრაფად ტოვებდა ტერიტორიას.   

თუმცა შემაშფოთებელ გარემოებებში აღმოაჩინეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც  საპროტესტო აქციების ადგილის მეზობლად მაღაზიის სახურავზე ხელფეხშეკრულები ელექტროდარტყმისგან გარდაცვლილები იყვნენ. პოლიცია ამბობს, რომ იძიებს მათი დაღუპვის მიზეზებს, თუმცა ამ ფაქტის კავშირს შეტაკებებთან არ ადასტურებს. 

ქუჩა

პეროდული ქუჩის ძალადობა საქართველოსთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ოცი წლის წინ ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. სსრკ-ს კოლაფსის შემდეგ ქვეყანას სამი პრეზიდენტი ჰყავდა, მაგრამ ხელისუფლების გადაცემა აქ მშვიდობიანად არჩევნების გზით არასდროს მომხდარა.    

„სინამდვილეში, ბოლო 20 წელიწადზე მეტია საქართველოში მოვლენათა მთავარი ეპიცენტრი თბილისის ცენტრალური რუსთაველის გამზირია“, ამბობს თომას დე ვაალი, ვაშინგტონის Carnegie Endowment-ის სამხრეთ კავკასიის სპეციალისტი. „ეს არ არის პარლამენტი ან ტელევიზია მაინც. ეს არის ქუჩის საპროტესტო აქციები“.  

პოლიტიკური ძალადობა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე დაიწყო.

1991 წლის შემოდგომასა და ზამთარში, თბილისის ცენტრი საომარ ზონას გავდა – არაფორმალურმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის პირველ პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გაქცევა აიძულეს.

პერიოდული შეტაკებები გამსახურდიას მხარდამჭერებსა და პროსამთავრობო ნახევრად გასამხედროებულ ჯგუფებს შორის 1992-93 წლებში გრძელდებოდა. როგორც პრეზიდენტი გამსახურდიას მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე სამ შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა.  

2003 წლის ნოემბრის პროდასავლურ „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაამხო და ქვეყნის სათავეში არჩევნებში გამარჯვებული სააკაშვილი მოიყვანა, თითქოს ქუჩის ბრძოლები უნდა დაესრულებინა და საქართველოში ახალი დემოკრატიული ეპოქის დასაწყისი გამხდარიყო, რომელშიც სხვაობები არჩევნებში და პარლამენტში უნდა გადაწყვეტილიყო. 

მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მალევე სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის დროინდელი მოკავშირეები ჩამოიშორა, რადგან ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაცია დაიწყო, უხშობდა რა ხმას ოპოზიციას და მრჩევლების ძალიან ახლო წრეს დაეყრდნო, განსაკუთრებით თავის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

ორი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკურ სხვაობებს ქუჩაში გადადინების ტენდენცია ახასიათებთ ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ და ოპოზიციური ძალები ამტკიცებენ, რომ არჩევნები ყალბდება. გარდა ამისა, არსებობს ფართოდ გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი მას შემდეგ რაც 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება და პრემიერ-მინისტრი გახდება. სააკაშვილი ამ ვერსიას აქტიურად უარყოფს.

შეთქმულებები და გეგმები             

ნიუ-ორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი და ავტორი წიგნისა „არამდგრადი დემოკრატია: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია“ ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მისთვის ცხადია ის, რომ „ეს მთავრობა უფრო მეტადაა დაინტერესებული ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი ბიზნეს გარემოს იდეით, ვიდრე დემოკრატიით“.

„ასე იყო საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში და ეს უკვე ცხადია“, ამბობს მიტჩელი. „ეს გახდება დაბრკოლება არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ საბოლოო ჯამში ის პრობლემებს შექმნის ამერიკასთან ურთიერთობაშიც“.

2007 წლის ნოემბერში, პოლიციამ სასტიკად დაარბია ანტისამთავრობო გამოსვლები თბილისის ცენტრში, რაც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო.  

საპროტესტო აქციების ბოლო რაუნდი 21 მაისს დაიწყო, როდესაც ბურჯანაძე, ჯერ სააკაშვილის მოკავშირე ვარდების რევოლუციაში, დღეს კი მისი სასტიკი მეტოქე, სათავეში ჩაუდგა ქუჩის აქციებს, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებას „რევოლუციურად“ დაასრულებდა.   

ხელისუფლებამ დემონსტრანტებს თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე აქციების ჩატარების უფლება 25 მაისს დღის ბოლომდე მისცა, შემდეგ მათ უნდა გაეთავისუფლებინათ ტერიტორია სამხედრო აღლუმისთვის, რომელიც ამ ადგილას მეორე დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლებამ მომიტინგეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა პროტესტის გაგრძელებისთვის, მაგრამ ბურჯანაძემ ეს შეთავაზება უარყო.  

ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა დაშალაზე უარი განაცხადეს და დაჯგუფებულები პოლიციას ჯოხებით თავს დაესხნენ, რასაც სასტიკი საპასუხო რეაქცია მოჰყვა. მას შემდეგაც კი, რაც მოძალადე ელემენტები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, პოლიცია განაგრძობდა თავდასხმას დემონსტრანტებზე, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ და ჟურნალისტებზე, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ.    

თავის მხრივ, სააკაშვილის მთავრობა ამბობს, რომ დემონსტრაციები რუსეთის მხარდაჭერილი გეგმის ნაწილი იყო და მის დამხობას ისახავდა მიზნად.

ბურჯანაძემ მართლაც ბევრჯერ იმოგზაურა მოსკოვში და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი.

მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, პუტინს რამდენადაც არ უნდა სურდეს სააკაშვილის დამხობა, საუკეთესო შემთხვევაში მას ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს.

„დღეისთვის რუსეთს საქართველოში ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ქართულ პოლიტიკაზე მათი გავლენა ძალიან მწირია“, – ამბობს ვაალი. „მათ შეიძლება მცდელობები ჰქონდეთ – ინციდენტები მოაწყონ, ცოტა ფულიც გადაიხადონ – მაგრამ იმის თქმა, რომ მათ დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ სივრცეზე, ძალიან საეჭვოა“. 

არანაირი სწრაფი გამოსწორება

სააკაშვილის მთავრობისა და რადიკალური ოპოზიციის ფონზე, ოპოზიციის ზომიერ ფრთას ახლა საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენის შანსი გაუჩნდა. 

„ვფიქრობ ამ ტრაგედიის ფონზე ერთი რამ გაირკვა“, ამბობს ოპოზიციონერი ალასანია. „ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა ეს ძველი სტილის პოლიტიკა. ვფიქრობ გაჩნდა შესაძლებლობა ჩვენთვის, ანუ მათთვის ვინც ცდილობს დაამკვიდროს ახალი სტილის პოლიტიკური კულტურა, ის რომ  შენი პოლიტიკური ოპონენტი შენი მოსისხლე მტერი არ არის; რომ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუსმინოთ და დრო და დრო დავეთანხმოთ ერთმანეთს“. 

რვა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც ქუჩის აქციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს (მათ შორის ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“, „რესპუბლიკური პარტია“ და სხვები) მიისწრაფვიან საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ, იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. 

მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ სურს რეფორმებზე დათანხმება, რომელიც მმართველ პარტიას პარლამენტზე კონტროლს დააკარგვინებს.  

დე ვააალი ამტკიცებს, რომ მანამ სანამ მთავრობა უარს ამბობს ნებისმიერი შეცდომის აღარებასა და კრიტიკაზე, გარდატეხის მიღწევა შუძლებელია.  

„ამ კათარზისული მომენტისთვის თქვენ გჭირდებათ არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ დანაშაულის აღიარების განცდა ორივე მხრიდან, რომ „ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და ეს უნდა გამოვასწოროთ““, – ამბობს იგი. „ქართული პოლიტიკა ძალიან ემოციურია. ენა ექსტრემალური. სამწუხაროდ ამ კათარზისული მომენტის მოახლოვებას ვერ ვხედავ“.

თანაავტორები: მზია ფარესიშვილი, დავით ჩაგანავა და სალომე ასათიანი
„რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროდან

ორიგინალი

ქართული თარგმანი: foreignpress.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC