კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უკანონო შეიარაღებული ფორმირების“ განმარტება გაფართოვდა, სასჯელები გამკაცრდა

15 ივნისი, 2011

ინტერპრესნიუსი

უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის, ხელმძღვანელობისთვის და/ან მასში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ამ მიზნით ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება.

კერძოდ, დღეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. პარლამენტში მომზადებული კანონპროექტით კი, ეს ქმედება ექვსიდან თორმეტ წლამდე დაისჯება.

ასევე, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა დღეს მოქმედი ნორმით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

კანონპროექტით კი, რომლის განხილვაც პარლამენტში იგეგმება, ეს ქმედება სამიდან შვიდ წლამდე დაისჯება.

აქამდე მოქმედი ნორმით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად მიიჩნეოდა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაჯგუფება. ცვლილებების პროექტით კი, ფორმირების განმარტება ფართოვდება. კერძოდ, შეიარაღებული ფორმირება გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია: ცეცხსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწავლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად.

უკანონო ფორმირების დაფინანსებაც დაისჯება

ამავე დროს უკანონო ფორმირების დაფინანსებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, იგეგმება, რომ უკანონო ფორმირების დაფინანსება, ე.ი. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარ შეცნობით, რომ იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისთვის, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

კანონპროექტით, უცვლელი რჩება აქამდე არსებული შენიშვნა, რომ ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა უკანონო ფორმირებაში საქმიანობა და ჩააბარა იარაღი და ჩამოთვლილი საგნები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება, თუ მის ქმედებაში სხვა დანაშაულის ნიშნები არ არის.

აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად უცნობია მისი კავშირი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან.

ინიციატივის ავტორები არიან დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, გიორგი ჩივიაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.

ახალი ამბები