კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლა - ციხე

16 ივნისი, 2011

სოფო გეწაძე

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალმა - hridc.tv-მ სკოლის ზოგადი მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა. გვინდოდა, გაგვერკვია, სკოლებში როგორი სანიტარული მდგომარეობაა, როგორია სასწავლო პირობები და არის თუ არა ზოგადად, ისეთი წესრიგი, როგორიც ნორმალურ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავარჩიეთ ერთ-ერთი სკოლა და მუშაობას შევუდექით. აქამდეც, სკოლის თემით არაერთხელ დავინტერესებულვართ და ვიცოდით, რომ ბოლო ხანს ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცემას სკოლის დირექტორები სულ განათლების სამინისტროსთან ათანხმებდნენ. შესაბამისად, სკოლაში შესვლის ნებართვა განათლების სამინისტროს ვთხოვეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნათია პაპავამ განგვიმარტა, რომ ასეთ დროს სამინისტროს ნებართვა საჭირო არაა: „არავის ნებართვა არ გჭირდებათ, ამ საკითხს სკოლის დირექტორი თვითონ წყვეტს“.

- მაგრამ სკოლაში გვითხრეს, რომ თქვენგან უნდა აგვეღო ნებართვა.

- სკოლაში გითხრეს? ამას არ გეტყოდნენ! იციან იმათმა, რომ ჩვენ არ ვერევით ამ პროცესში.

- ანუ, ჩვენ რომ სკოლაში შევიდეთ, განათლების სამინისტროსგან ნებართვა არ გვჭირდება?

- არა, არანაირი ნებართვა არ გჭირებათ.

კეთილი და პატიოსანი! განათლების სამინისტროსგან მწვანე შუქის ანთების შემდეგ თბილისის 117-ე სკოლისაკენ დავიძარით. სკოლის ეზოსთან მანდატური დაგვხვდა და ჩვენდა გასაკვირად, ეზოში უპრობლემოდ შეგვიშვა. გვითხრა, რომ დირექტორიც სკოლაში იმყოფებოდა. სკოლის ეზოში სიუჟეტისთვის კადრებს ვიღებდით, როცა ჩვენსკენ ერთი ქალბატონი გამოემართა და ჩხუბი ჯერ ჩვენ და შემდეგ მანდატურს დაუწყო - რატომ შემოუშვიო. კითხვაზე - დირექტორი ხომ არ იყო, დემონსტრაციულად ზურგი გვაქცია და სკოლაში შებრუნდა. იქ სკოლის დარაჯი აავსო საყვედურებით. ამ აყალმაყალის დასრულებამდე სკოლის კარს მიღმა მოგვიწია ყოფნა. შემდეგ დარაჯი გამოგვეგება და დირექტორის სახელზე წერილის დაწერა გვირჩია, სადაც უნდა განგვემარტა - ვინ ვიყავით და რა გვინდოდა.

დავწერეთ წერილი. ნახევარი საათის განმავლობაში დარაჯი პერიოდულად გამოდიოდა და ინფორმაციას გვაწვდიდა, რომ დირექტორი სკოლაში ჩვენს შესვლას ვიღაცას უთანხმებდა. ნახევარი საათის შემდეგ კი ჩვენთან დირექტორის მოადგილე მანანა მოდებაძე გამოვიდა და განათლების სამინისტროსგან სკოლაში შესვლის ნებართვა მოგვთხოვა. თან გვითხრა, დირექტორი ამჟამად სკოლაში არ არის, ისანი-სამგორის რესურსცენტრშიაო.

- ჩვენ დარაჯმა გვითხრა, რომ დირექტორი ითხოვდა წერილობით განმარტებას, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ეს წერილი რომ შემოვაგზავნეთ, გვითხრეს, რომ ნახავდა დირექტორი და გაარკვევდა, შევიდოდით თუ არა სკოლაში. რა გამოდის, ნახევარი საათი მხოლოდ ის ირკვეოდა, დირექტორი იყო თუ არა ადგილზე?

- მე გაკვეთილზე ვიყავი... და აქ მეორე მომენტია - როცა მობრძანდებით, ეს სასწავლო დაწესებულებაა და ნებართვა უნდა მოიტანოთ.

- უკვე დავრეკეთ განათლების სამინისტროში და გვითხრეს, რომ მსგავსი ნებართვა საჭირო  არ იყო.

- საიდანაც ხართ მობრძანებული, იქიდან უნდა გქონდეთ ნებართვა, რომ საერთოდ შეგიშვათ სკოლაში. ჩვენ მშობელსაც არ ვუშვებთ. მინისტრი რომ მინისტრია, ისიც როცა მოდის, უნდა ვიცოდეთ, რომ შევუშვათ სკოლაში. მინისტრი როცა მოდის, ისიც გვეკითხება - გავხსნათ სკოლის კარი თუ არა.

- თუ ის გაინტერესებთ საიდან ვართ, აი, ეს საბუთი გვაქვს, რომ ვართ ჟურნალისტები ადამიანის უფლებათა ცენტრიდან.

- ნებართვა საიდან გაქვთ?

- ნებართვა? სიუჟეტებს როცა ვამზადებთ, ამაზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ნებართვას არ იძლევა. განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ სკოლაში შესვლის ნებართვა სამინისტროდან არ გვჭირდება.

- გენაცვალე, ნებართვის გარეშე შიგნით ვერ შეგიშვებთ.

- სამინისტრომ გვითხრა, არ გავცემთ ნებართვასო და თქვენ რამე განსხვავებული წესები გაქვთ?

- გადარეკეთ და გაარკვიეთ.

იმის დასადასტურებლად, რომ ნებართვა საჭირო არ იყო, სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს, ნათია პაპავას იქვე დავურეკეთ ტელეფონით და მანანა მოდებაძეს გავასაუბრეთ. რამდენიმეწუთიანი საუბრის ბოლოს მანანა მოდებაძემ მას ტელეფონით უთხრა - „კი ბატონო, დელიკატურად ვეუბნებით უარს და... კარგით, გმადლობთ, გმადლობთ ქალბატონო ნათია“. თან კმაყოფილი ტონით ჩაიხითხითა (იხ. ვიდეო). 

 სამინისტროს ჩინოვნიკთან მოკლე საუბრის შემდეგ დირექტორის მოადგილე და სკოლის დარაჯი თავდაცვიდან შეტევაზე გადმოვიდნენ. გვითხრეს, რომ ჩვენი შესვლა დირექტორის გადასაწყვეტია და რადგან დირექტორი ადგილზე არ იყო, ამიტომ სკოლაში შეშვებაზე უარს გვეუბნებოდნენ.

მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ არც ეს არგუმენტი შეესაბამებოდა სიმართლეს - დირექტორი დალილა ზუხბაია, რომელიც თითქოსდა „სკოლაში არ იყო“, სინამდვილეში ის აგრესიული ქალი აღმოჩნდა, რომელიც სკოლის ეზოში გვეჩხუბა და შემდეგ შენობაში შებრუნდა.  იგი ჩვენმა ვიდეოკამერამაც დააფიქსირა და შემდეგ ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელებულ მის ფოტოსურათებს შევადარეთ.

კი ვიცოდით, რომ ასე ადვილად სკოლაში ვერ შევიდოდით, მაგრამ ამდენად პრობლემატური თუ იქნებოდა, ნამდვილად არ გვეგონა. დავინტერესდით - მხოლოდ 117-ე სკოლაშია მსგავსი პრობლემა, თუ სხვა სკოლებიც ასე ციხეებად არის გადაქცეული? შესაბამისად, მსგავსი თხოვნით სხვა სკოლასაც მივმართეთ.

თბილისის 64-ე სკოლაში იგივე სიტუაცია დაგვხვდა. დირექტორი სკოლის კართან გამოგვეგება და თავის კაბინეტშიც არ შევუპატიჟებივართ, კარის ზღურბლთან გვესაუბრა (იხ. ვიდეო).

- გვინდა, 64-ე საჯარო სკოლაში შემოვიდეთ და გავეცნოთ სასწავლო პირობებს. სწავლის პროცესს არ შევაფერხებთ.

- ხო, მაგრამ, იცით, რა არის?.. თქვენ განათლების სამინისტროს პიართან უნდა გქონდეთ შეთანხმება. არსებობს მინისტრის 837-ე ბრძანება, რომელიც ამ საკითხს ეხება. მე არანაირი პრეტენზია არ მექნება, თუ დამირეკავს სამინისტროს წარმომადგენელი და მეტყვის ამის შესახებ. საქმე როცა მედიას, პრესას ან ტელევიზიას უკავშირდება, ჩვენ გვჭირდება თანხმობა სამინისტროსგან. იურიდიულად ასეა და ვერაფერს ვიზამ, სანამ სამინისტროსგან არ გექნებათ ნებართვა.

- ჩვენ უკვე დავუკავშირდით სამინისტროს წარმომადგენელს და გვითხრა, რომ ასეთი ნებართვა არ გვჭირდება...

 - მაინც ვერ შეგიშვებთ... ახლა გაკვეთილები და საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს და უცხო პირებს არ ვუშვებთ არავის.

ამის შემდეგ 117-ე სკოლის დირექტორს დაზღვეული წერილი მივწერეთ, სადაც საჯარო ინფორმაციასა და მათთვის სასურველ დროს სკოლაში შესვლის ნებართვას ვთხოვდით. განვმარტავდით, რომ სწავლის პროცესს ხელი არ შეეშლებოდა. საფოსტო სამსახურიდან ვიცით, რომ წერილი პირადად სკოლის დირექტორმა ჩაიბარა. პასუხი კი 10 სამუშაო დღის შემდეგაც ვერ მივიღეთ, რის შემდეგაც დალილა ზუხბაიას მობილურ ტელეფონზე დავურეკეთ. დირექტორმა თავდაპირველად ომახიანად გვიპასუხა, მაგრამ როგორც კი გაიგო, საიდან და რა თემასთან დაკავშირებით ვრეკავდით, საუბარი უტაქტოდ შეწყვიტა, შემდეგ კი საერთოდ გამორთო ტელეფონი.

იურისტებს ვთხოვეთ, განემარტათ, რამდენად ჰქონდა სკოლის დირექტორს უფლება, ჩვენთვის სკოლაში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში შესვლა თავისუფალია და არც ერთ კანონში რაიმე აკრძალვაზე საუბარი არ არის: „თუ ვთქვათ სკოლას რაიმე წესები აქვს, ეს უნდა იყოს მოცემული შინაგანაწესში. შინაგანაწესში შეიძლება სამუშაო საათებში ან გაკვეთილების მიმდინარეობისას რაიმე განსაკუთრებული წესი იყოს დათქმული, თუმცა, არა ზოგადად სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით“.

იურისტი განათლების მინისტრის #837 ბრძანებასაც გაეცნო. ამ ნორმატიულ აქტში არსად წერია, მედიის შესვლა სკოლაში განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უნდა გადაწყვიტოსო.

მივხვდით, რომ ერთადერთი გზა სკოლაში შესვლის ნებართვის მოსაპოვებლად სასამართლოა. ისიც დავადგინეთ, რომ ქართული საჯარო სკოლები ერთგვარ ციხესიმაგრეებად იქცნენ, რომელსაც მეციხოვნე-დირექტორები იცავენ და ვიღაცის დაუწერელ ბრძანებებს ასრულებენ. ეს „ვიღაც“, სავარაუდოდ, განათლების მინისტრია, რომელიც მანამდე ციხეების (სასჯელაღსრულების) მინისტრი იყო. ეტყობა, დიმიტრი შაშკინი სკოლებსაც ისეთივე თვალით უყურებს, როგორც საპატიმროებს, სადაც „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“.

ახალი ამბები