აჭარის სააღსრულებო ბიუროდან 11 თანამშრომელი, საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. ბიუროს უფროსი, მირიან ხარაბაძე ამბობს, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა რეფორმის შემდეგ ახალ სისტემას ალღო ვერ აუღეს.
მირიან ხარაბაძე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი: „იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროში საქართველოს მთელი მასშტაბით მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობისათვის სწრაფ და ეფექტურ მომსახურეობაზე. ჩვენ გადავედით საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაზე. ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ თვითონ სტრუქტურის თანამშრომლებთან, რომლებიც უცებ ვერ აუღებენ ალღოს ამ სისტემებს. სამწუხაროდ, მათთან დამშვიდობება გვიწევს“.
გათავისუფლებული აღმასრულებელი ჯამბულ ძირკვაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკუთარი ნებით წამოვიდა სამსახურიდან.
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში სულ 17 ადამიანი მუშაობდა.
მაკა მალაყმაძე, აჭარა