კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია იხსენებს, რატომ დაუპირისპირდნენ მას სააკაშვილი და ოქრუაშვილი აფხაზეთის საკითხზე

5 ივლისი, 2011

გაზეთ „კვირის პალიტრის“ კორესპონდენტთან, იზო რიკაძესთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია იხსენებს, რატომ დაუპირისპირდნენ მას პრეზიდენტი სააკაშვილი და თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. მისი თქმით, საქმე აფხაზეთის საკითხს, კერძოდ - კოდორის ხეობას ეხებოდა. Humanrights.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან.

- სამართლიანად მიგაჩნიათ თუ არა ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება?

-  ოქრუაშვილი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირად შურისძიებას აყენებს. ის გამონაკლისი არ არის, სააკაშვილის პოლიტიკური გუნდიც ასეთია. ამიტომ სააკაშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირება თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებად მიმაჩნია და ამ თემაზე უფრო ღრმა შეფასებას აღარ გავაკეთებ.

- როგორც ვიცი, თქვენც მოგიხდათ ოქრუაშვილთან დაპირისპირებაც.

- ჩვენი დაპირისპირების თემა კოდორი გახდა. თუმცა, ამას უფრო სააკაშვილთან კონფლიქტს დავარქმევდი. მაშინ სააკაშვილი და ოქრუაშვილი ერთი და იგივე იყვნენ. აფხაზეთის სტრუქტურების ხელმძღვანელად როცა დავინიშნე, კოდორში ჩვენი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი. ხეობას თავდაცვისუნარიანობა რომ შეენარჩუნებინა, აუცილებლად მიმაჩნდა რაზმ „მონადირის“ არსებობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისაგან იყო დაკომპლექტებული. ამ ხალხს მხარდაჭერა სჭირდებოდა თბილისიდან, მაგრამ სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ხელის ერთი მოსმით მოინდომეს „მონადირის“ გაუქმება, ამ ხალხის დატოვება სამსახურისა და იარაღის გარეშე. სააკაშვილს ვუთხარი, რომ აუცილებელი იყო რაზმის შენარჩუნება და გადაყვანა მკაცრ სუბორდინაციაში, დაქვემდებარება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ან თავდაცვის სამინისტროსთვის. რაზმის დაშლა ჩვენს მოწინააღმდეგეს საშუალებას მისცემს, კოდორზე იოლად მიიტანოს იერიში-მეთქი. „მონადირე“ რომ დაგვეტოვებინა, კოდორი იმდენად აუღებელია, მისი დაცვა და შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა. არ დაგიმალავთ, სააკაშვილთან  განვიხილე ეს საკითხი და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანას სინამდვილეში არ ჰყავდა ლიდერი. სააკაშვილმა ვერ მიპასუხა, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. ამ ნიადაგზე შეგვექმნა აზრთა სხვადასხვაობა, რაც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იყო მეორე ფაქტორიც: სააკაშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, პრობლემა შემექმნა აფხაზებთან მოლაპარაკების დროს.

- კონკრეტულად, რაში შეგიშალათ ხელი სააკაშვილმა?

- აფხაზებთან მოლაპარაკებისას დაისვა საკითხი, რა გვაღელვებდა ორივე მხარეს ყველაზე მეტად. მათ თქვეს, გაუწონასწორებელი სააკაშვილის სამხედრო რიტორიკიდან გამომდინარე, ვშიშობთ, რომ ისევ დაიწყებს კონფლიქტს. ამიტომ მყარი გარანტია გვჭირდება, რომ ომი არ დაიწყებაო. ვუთხარი - მეც არ მსურს ომის განახლება და მაფიქრებს მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაცია კოდორის მიმართულებით, რომელიც შეიძლება მოაწყოთ-მეთქი. გაჩნდა მოსაზრება, რომ  ორივე მხარეს მოეწერა ხელი კონფლიქტის განუახლებლობაზე. გარდა ამისა, დევნილების უფლებების დაცვისა და მათი დაბრუნების საკითხებიც დავსვი. ეს ორი თემა გავაერთიანეთ და შევქმენით დეკლარაცია (რომელიც მერე უთუოდ დაგვჭირდება აფხაზებთან მოლაპარაკებისას), სადაც მხარეები ვიღებდით ვალდებულებას, რომ არ მივმართავდით ძალადობას. აფხაზური მხარე აღიარებდა  დევნილთა დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლებას. ეს იყო უდიდესი მიღწევა. ჩვენ ამ დოკუმენტების პარაფირებაც მოვახდინეთ, მაგრამ პროცესი შეჩერდა. ამის გამო სააკაშვილთან კონფლიქტი მომივიდა. ორმა ფაქტორმა („მონადირის“ დაშლამ და აფხაზებთან მოლაპარაკების ჩიხში შეყვანამ) მაფიქრებინა, რომ ხელისუფლებიდან წავსულიყავი. მაგრამ სწორედ იმ დროს მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის პირით შემომითვალა - კარგი იქნებოდა, თუ დევნილთა პრობლემებზე მუშაობას გაეროში გააგრძელებდიო და დავთანხმდი.

აფხაზებთან მოლაპარაკების შანსი მეორედაც იყო, როცა ნიუ იორკიდან სოხუმში ჩავიტანე ეს დოკუმენტი, რომელიც უფრო გავაუმჯობესეთ და შემდეგ თბილისში დავუტოვე სააკაშვილს. მითხრა, ხელს მოვაწერო, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა, რამაც გააათმაგა კონფლიქტის განახლების შანსი.

ორიგინალი

ახალი ამბები