კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებული ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ

7 ივლისი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

7 ივლისს, გამთენიისას, 3:00 / 5:00 საათის შუალედში ერთდროულად დააკავეს ჟურნალისტთა წრეებში ცნობილი ფოტოკორესპონდენტები:  „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.

დაკავებულთა ოჯახებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ შუადღემდე ინფორმაცია არ ჰქონდა. ოჯახები მათ სხვადასხვა პოლიციის განყოფილებებში ეძებდნენ. არც დაკავებულებს მიეცათ საშუალება, დაკავშირებოდნენ ოჯახის წევრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიანებით - შუდღით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოკორეპონდენტები კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა და მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით წაუყენეს. შსს-ს ვერსიით, დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.

დაახლოებით 12:00 საათზე „ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი გაათავისუფლეს. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იგი მოწმის სტატუსით დაკითხეს და კორექტულად ექცეოდნენ, სხვა დაკავებულების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს. აივაზოვმა ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.

13:00 საათზე შსს-ს ე. წ. „მოდულის“ შენობასთან ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ცენტრმაც მიიღო.

ცოტა ხანში „მოდულის“ შენობიდან ადვოკატები გამოვიდნენ და მწირი კომენტარებით შემოიფარგლნენ. მათი განმარტებით, საქმე აღძრულია გრიფით „საიდუმლო“ და საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე მათ საუბარი არ შეუძლიათ.

გია აბდალაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, დაკავებული ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ. ხოლო „ალია ჰოლდინგის“ რედაქტორის, დიმიტრი ტიკარაძის ინფორმაციით, გიორგი აბდალაძემ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობაც დაიწყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ზურაბ ქურციკიძეს იცავს. მისი თქმით, ქურციკიძეს სახეზე ფიზიკური ზეწოლის კვალი ეტყობოდა.

ზურაბ ქურციკიძის დაკავების მიზეზებისა და დეტალების დადგენას „ევროპის პრესფოტო სააგენტო“ (EPA) საქართველოს ხელისუფლებასთან ცდილობს . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოს სარედაქციო განყოფილებაში განუცხადეს. „მათთან მუდმივი კავშირი გვაქვს და ვცდილობთ გავარკვიოთ, რაში ედება ზურაბ ქირციკიძეს ბრალი“, - განაცხადეს სააგენტოს რედაქციაში. აქვე აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია, რომელი ფოტოების გავრცელება გახდა ქურციკიძის დაკავების მიზეზი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები და ოფიციალური საფუძველი.

ინტერპრესნიუსის  ფოტო

ახალი ამბები