01:06, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ესაც ჩვენი მოგებული ომი“, ანუ სისასტიკეს არ სჭირდება ეროვნება

15.07.2011

მარიამ იმერლიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა, მრავალი სიუჟეტი მომზადდა და ფილმებიც გადაიღეს. თუმცა, სრულიად განსხვავებულია დოკუმენტური ფილმი - „ესაც ჩვენი მოგებული ომი“, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გადაიღო. ეს ფილმი მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა. ამ ფილმის გადაღების პროცესში ხელისუფლებიდან დევნის გამო, მან შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

დოკუმენტური ფილმის მიზანი, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებაა, თუ რა მოხდა რეალურად სამხრეთ ოსეთში 2008 წელს. თუმცა, ეს ფილმი იმით არის განსაკუთრებული, რომ ვრცელ ანალიზს უკეთებს ომის გამომწვევ რეალურ მიზეზებსა და შედეგებს. ფილმი, სახელწოდებით - „ესაც ჩვენი მოგებული ომი“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა დააფინანსა და სტუდია „რეპორტიორმა“ მოამზადა.

ვახტანგ კომახიძის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია 11ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით მოეწყო კინოს სახლში. მანამდე კი 16 ივნისს ფილმის ჩვენება გაიმართა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ფილმი, რომლის ქრონომეტრაჟი 50 წუთია, ინგლისური ტიტრებითაა გაფორმებული.

ქართულ რეალობაზე აგებული ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ გამოუსწორებელ შეცდომებზე, რამაც გამოიწვია ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავება, შემდეგ - ომი, ტერიტორიების დაკარგვა და საბოლოო ჯამში - აუნაზღაურებელი ზარალი სისხლით და ცხედრებით.

ფილმი ანგრევს ხელისუფლების მიერ გაპიარებულ მითს, რომ თითქოსდა რუსეთის უძლეველი არმია ქართულმა ჯარმა დაამარცხა. დოკუმენტური მასალები ამის საპირისპიროს ამტკიცებს. ფილმის მთავარი ღირსებაა კონფლიქტის მიზეზების ძიება ქართულ მხარეს, რაც მაყურებელთა ნაწილში გაღიზიანებას იწვევს. ამ ნაწილის აზრით, ფილმი სუბიექტურია და მასში კონფლიქტის მიზეზებში რუსეთის როლი არ არის გამოკვეთილი. თუმცა, ფილმში რამდენიმე ექსპერტი სწორედ ამაზე საუბრობს, რომ კონფლიქტის ისტორიის განმავლობაში საქართველო რუსეთის მიერ პროვოცირებულ ყველა ავანტიურას წამოეგო, მათ შორის - 2008 წლის სამხედრო პროვოკაციასაც, რომელსაც შემდეგ რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

ფილმში მონაწილე ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს დიდწილად არ ჰქონია სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგია შემუშავებული, რის გამოც კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებაზე საუბარი ვერასოდეს იქცა რეალურ საქმედ.

ფილმში გამოყენებულია რეალური კადრები ტყვედჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცებისა, რომლებსაც მოწინააღმდეგე დაუნდობლად ექცევა, საქართველოს დროშას ათელინებს და ამ სანახაობით ერთობა. ფილმში საკმაოდ მძიმე კადრებია და საყურებლად რთულია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, მსახიობები და უბრალო მოქალაქეები. შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. მაყურებელთა დიდი ნაწილისთვის ფილმი სიმართლის პირდაპირ გამომხატველი, სხვებისთვის კი ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხალხმა ეს ფილმი მიიღო და დაინახა, რა ხდებოდა რეალურად ომის დროს. მთავარია, ფილმში მოცემულმა ანალიზმა რაღაც გვასწავლოს და ქართულმა სახელმწიფომ მომავალში აღარ დაუშვას მსგავსი შეცდომები.

„ვახტანგ კომახიძე ჩემთვის გმირია ამ ფილმის შექმნისთვის. ეს ფილმი არის მართალი ფილმი“, - ასეთი იყო მსახიობ დიმა ჯაიანის შეფასება.

დარბაზში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართველებისა და ოსების სისასტიკეს არ ადარებდნენ ერთმანეთს და ქართულ-ოსურ კონფლიქტს სხვა ასპექტში განიხილავდნენ.

„ყველაზე დიდი დამნაშავენი არიან ისინი, ვინც საქმე ომამდე მიიყვანეს. ომი რაკი დაიწყო, ამის შემდეგ ვერავინ დაიფიცებს, რომ ქართველები ან ოსები სისასტიკეს არ სჩადიოდნენ. სისასტიკეს არ სჭირდება ეროვნება. თუ სათავეში იქნება ადამიანი, რომელსაც მოსწონს იარაღის ჟღარუნი, ამ შემთხვევაში ყველაფერი ფუჭია“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში მაყურებელმა ლილი ხურითმა.

ფილმის ტელევიზიით გაშვების თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტელეკომპანიებთან. ადამიანის უფლებათა ცენტრის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა ნახოს ეს კადრები, რათა სხვანაირად დაინახოს და შეაფასოს აგვისტოს ომი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC